NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგო" წარმატებულებს ერჩის

AutoSharing Option
"ჩიკაგო" თამამად შეიძლება ჩაითვალოს ექსპერტად მეტოქეთა მოგებების სერიის შეწყვეტის განხრით. შეგახსენებთ, რომ მარტში "ხარებმა" შეაჩერეს "მაიამი", რომელსაც ზედიზედ 27 მატჩი ჰქონდა მოგებული, ახლა კი ჩიკაგოელთა სამიზნე გახდა "ნიუ იორკი", რომელიც 13-მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა თავს და მე-14 მოგებასთანაც ახლოს იყო, რადგან გუშინდელ მატჩში 17-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

"ნიუ იორკს" ტრავმირებული ჰყავს პრაქტიკულად მთელი წინა ხაზი - ტაისონ ჩენდლერი, ამარე სტაუდმაიერი, რაშიდ უოლასი, მარკუს კემბი, კენიონ მარტინი. ასეთი ლაზარეთის ფონზე, "ნიქსი" იძულებულია თავის სნაიპერებზე გააკეთოს აქცენტი, სხვათა შორის, "ნიუ იორკმა" ამ მატჩის
შემდეგ NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა სეზონში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით - 842. ეს რიცხვი გასაკვირი არ არის, რადგან ცენტრის მოვალეობების შემსრულებელი კრის კოუპლენდიც კი სტაბილურად აგდებს მატჩში სამ სამქულიანს. სწორედ მისი შორეული ტყორცნის შემდეგ დასრულდა სტუმრების 14:0 გაქცევა, სულ მალე კი "ნიქსის" უპირატესობა მაქსიმალური გახდა - 23:6.

ტიბოდომ ტაიმ-აუტი აიღო და როგორც ჩანს, აუხსნა თავის შეგირდებს, რომ მათი მთავარი იარაღი დაცვაა, მაგრამ არც შეტევა უნდა დაივიწყონ. მასპინძლებმა მწვრთნელის შეგონება შეისმინეს და საპასუხო სპურტი მოაწყვეს - 13:2. ნიუიორკელებმა მეორე მეოთხედში სცადეს ძველი სხვაობის დაბრუნება, მაგრამ "ჩიკაგომ" ალღო აუღო სტუმრების თავდასხმას. "ნიქსის" უპირატესობა თანდათან ქრებოდა. გამოჩნდა ნიუიორკელთა პრობლემები დაცვაში.

მიუხედავად ამისა, დიდი შესვენების შემდეგ, ენტონიმ და კოუპლენდმა ისევ დაიწყეს სხვაობის გაზრდა. რაც არ უნდა იყოს, ისინი მოგებათა სერიის გაზრდაზე იყვნენ მომართულნი. მესამე მეოთხედის შუაში, როცა სტუმრების უპირატესობა 15 ქულას შეადგენდა, ბატლერმა ორი ჩაჭრა შეასრულა და "ჩიკაგომ" ზედიზედ 4 ქულა დააგროვა. ეს მომენტი აღმოჩნდა გარდამტეხი. "ბულზმა" კიდევ ერთი გაქცევა მოაწყო - 16:3 და ბოლო შესვენებაზე ორქულიანი ჩამორჩენით გავიდა.

ბოლო მეოთხედი "ჩიკაგოს" ზედიზედ ხუთი ქულით დაიწყო. საბოლოოდ, მასპინძლების სპურტი შთამბეჭდავი გამოვიდა - 24:5. ბატლერი ნეიტ რობინსონმა შეცვალა და მისმა სამქულიანებმა "ჩიკაგო" ცხრა ქულით გაიყვანა წინ. მხოლოდ ენტონისა და სმიტის ტიტანური მონდომების წყალობით მოახერხა "ნიქსმა" "ჩიკაგოს" დაწევა. თავიდან სმიტმა შეამცირა სხვაობა ორ ქულამდე, შემდეგ კარმელოზე დაჯარიმდნენ, რომელიც ფარქვეშ ხშირად შედიოდა. მან ორი საჯარიმო ჩააგდო და მასვე შეეძლო სირენამდე 1.5 წამით ადრე გამარჯვების მომტანი ტყორცნის გამოყენება, მაგრამ ააცილა.

დამატებითი დრო რობინსონის ბენეფისი გახდა - მცველმა რვა ქულა დააგროვა. მას კარგად ეხმარებოდა დენგი, "ნიქსმა" კი სერიოზულად შეასუსტა დაცვა, რითაც მეტოქეს რეგულარულად აძლევდა ფარქვეშ შესვლის საშუალებას. გარდა ამისა, სტუმრებმა შეტევაშიც დაკარგეს რითმი, რისი შედეგიც იყო მხოლოდ ორი ზუსტი ტყორცნა ენტონისა და სმიტის შესრულებით. "ჩიკაგომ" კარგი გუნდური თამაშით შეძლო "ნიქსის" დუეტის შეჩერება, რომლებიც მთელი თავისი გუნდის ნაცვლად თამაშობდა და ბოლოს ვეღარ გაძლო.

* * *
დღის მეორე მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში იყო. "ოკლაჰომას" მოტივაცია ჯერ ისევ დარჩა - ის დასავლეთში პირველობისთვის ებრძვის "სან ანტონიოს", "გოლდენ სტეიტმა" კი გაინაღდა პლეი ოფში გამოსვლა და გაიხსენა, როგორია დაცვის გარეშე თამაში. პირველ ორ მეოთხედში სტუმრების არაზუსტი ტყორცნებით და კარისა და ჯარეტ ჯეკის შედეგიანობით, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მაინც შეინიშნებოდა "ოკლაჰომას" მცირე უპირატესობა.

შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა უბრალოდ მიანებეს თავი დაცვას. "უორიორზის" სამწამიანი ზონა ღია დერეფანს დაემგვანა. ანალოგიურის თქმა შეიძლება პერიმეტრზე. შეტევაში კი ოკლენდელებს ბოლომდე არ გამოუვიდათ თამაში. კარიმ თავისი სტანდარტული სტატისტიკური მატჩი ჩაატარა, მისმა სნაიპერმა თანაგუნდელმა კლეი ტომპსონმა კი 10-დან მხოლოდ ორი ტყორცნა გამოიყენა.

"თანდერმა" ტყორცნების 50 პროცენტი გამოიყენა. დურანტმა 17-დან 10 ბურთი ჩააგდო. ძალიან პროდუქტიულად ითამაშა კევინ მარტინმა. "ოკლაჰომას" საუკეთესო მეექვსე მოთამაშეს არ უგრძვნია განსაკუთრებული მეურვეობა და 10-დან რვა ბურთი ჩააგდო, მათ შორის, ხუთიდან ოთხი სამქულიანი. "ოკლაჰომა" პირველ ადგილზე გადავიდა დასავლეთში. შეგახსენებთ, რომ თუ "თანდერსა" და "სან ანტონიოს" რეგულარულ ჩემპიონატში მოგება/წაგების თანაბარი ბალანსი ექნებათ, მაშინ კონფერენციის ჩემპიონი "ოკლაჰომა" გახდება, რადგან უკეთესი მაჩვენებელი აქვს დასავლეთი კონფერენციების გუნდებთან შეხვედრებში.

ჩიკაგო-ნიუ იორკი 118:111 (ო)
23:30, 31:29, 26:23, 25:23, 13:6
ჩ: რობინსონი (35), ბატლერი (22+14 მოხსნა+3 დაფარება), დენგი (16+8 მოხსნა), ჰემილტონი (14+8 პასი), ბუზერი (13+15 მოხსნა), ჰაინრიხი (11+6 მოხსნა+5 პასი).
ნ-ი: ენტონი (36+19 მოხსნა), სმიტი (28+14 მოხსნა), ფელტონი (19+5 მოხსნა+6 პასი), კოუპლენდი (14+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 97:116
27:31, 27:29, 23:36, 20:20
გ-ს: კარი (22+7 პასი), ჯეკი (19+6 პასი+3 ჩაჭრა), ლი (13+11 მოხსნა), ლენდრი (10).
ო: დურანტი (31+10 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), მარტინი (23), უესტბრუკი (18+9 პასი), იბაკა (17+7 მოხსნა+3 დაფარება), სეფოლოშა (10+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამი ჰიტი" ჩემპიონია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული