NBA. პლეი ოფი: სანახევროდ გაკეთებული საქმე

AutoSharing Option
სერიის პირველ მატჩში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, "მილუოკიმ" სერიოზული ბრძოლა გაუმართა მეორე შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონს, თუმცა მაინც დამარცხებულმა დატოვა მოედანი.

პირველი შეხვედრის შემდეგ, "ბაქსის" შემადგენლობაში ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ თურქ ლეგიონერს ერსან ილიასოვას, რომელმაც, როგორც ჩანს, სათანადო დასკვნები გააკეთა და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მაგრამ აქედან კლუბმა ხეირი ვერ ნახა, რადგან ამჯერად, უარყოფითი კუთხით წარმოაჩინეს თავი "მილუოკის" ლიდერებმა - ჯენინგსმა და ელისმა. ახლა, მათი ჯერი დადგა შეხვედრის ჩაგდების. ამაზე მეტყველებს ამ დუეტის ჯამური სტატისტიკა: 15 ქულა (თამაშიდან – 22-დან 17
აცილებული ტყორცნა, მათ შორის 10 არაზუსტი სამქულიანი).

მიუხედავად ამისა, სწორედ ილიასოვასა და სანდერსის მონდომებით, სტუმრები სამი მეოთხედის განმავლობაში თანაბრად ებრძოდნენ "მაიამის". მეოთხე 12-წუთეულის სტარტზე "ჰიტის" უპირატესობა მხოლოდ სამი ქულა იყო. მაგრამ 2 წუთსა და 22 წამში ჩემპიონებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს, 15 ქულით გავიდნენ წინ და ამის შემდეგ, სტუმრები ახლოსაც აღარ მიკარებიან მეტოქეს. სხვათა შორის, ეს გადამწყვეტი სპურტი რეზერვისტებმა მოაწყვეს – 12-დან 10 ქულა ანდერსენისა და კოულის ანგარიშზეა.
ასე რომ, "ჰიტი" თავის ისტორიაში მეთერთმეტედ დაწინაურდა სერიაში 2:0. წინა ათ შემთხვევაში, ფლორიდელები წარმატებით ასრულებდნენ სერია.

მაიამი-მილუოკი 98:86
25:23, 22:20, 21:22, 30:21
მაი: უეიდი (21+7 მოხსნა+3 პასი), ჯეიმსი (19+8 მოხსნა+6 პასი), ანდერსენი (10+6 მოხსნა), ბოში (10+6 მოხსნა), ბატიე (10).
მილ: ილიასოვა (21+6 მოხსნა), დანლივი (16+6 მოხსნა+5 პასი), სანდერსი (14+6 მოხსნა).
სერია: 2-0
* * *

თავის მხრივ, "ნიუ იორკი" 2000 წლის შემდეგ პირველად დაწინაურდა პლეი ოფის სერიაში – 2:0. ვუდსონის შეგირდებმა დაახლოებით ისეთ სტილში მოიგეს მეორე მატჩი, როგორითაც პირველში გაიმარჯვეს.

ბოსტონელები კვლავ თანაბრად ებრძოდნენ მეტოქეს პირველ ტაიმში და წინ გასვლაც მოახერხეს. და ისევ ჩააგდეს მეორე ნახევარი. 23 ქულა და თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 19 (!) პროცენტი - ასეთია "კელტების" სტატისტიკა დიდი შესვენების შემდეგ. ცნობისთვის, "სელტიქსის" მთავარმა იმედმა ჯეფ გრინმა ამ მატჩში 11-დან რვა სროლა ააცილა მიზანს.

გადამწყვეტი ამ მატჩში მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც "ნიუ იორკმა" თითქმის სამჯერ მეტი ქულა დააგროვა - 32:11, თან ამ დროს მასპინძლებს შთამბეჭდავი სპურტი გამოუვიდათ - 27:4. საინტერესოა, რომ ამ 12-წუთეულში კარმელო ენტონიმ უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა ბოსტონელმა.

ახლა, "სელტიქსმა" თითქმის შეუძლებელი უნდა შეძლოს იმისთვის, რომ აიცილოს ის, რაც მის თავს უკვე რვა წელია არ მომხდარა, კერძოდ, პლეი ოფის პირველივე რაუნდში გავარდნა.

ნიუ იორკი-ბოსტონი 87:71
26:20, 16:28, 32:11, 13:12
ნ-ი: ენტონი (34), სმიტი (19), ფელტონი (16+7 მოხსნა), მარტინი (3+11 მოხსნა+4 დაფარება).
ბ: პირსი (18+6 პასი+6 მოხსნა), გარნეტი (12+11 მოხსნა), გრინი (10), კროუფორდი (10), ბასი (6+10 მოხსნა).
სერია: 2-0

მოგება ლიდერის გარეშე
"ბოსტონმა" სერიის ორ მატჩში ჯამში მხოლოდ 149 ქულა დააგროვა, "გოლდენ სტეიტს" კი სულ რაღაც 18 ქულა დააკლდა იმისთვის, ეს მონაგარი ერთ შეხვედრაში დაეფიქსირებინა.

"უორიორზმა" წააგო სერიის პირველი მატჩი სტუმრად "ნაგეტსთან" და მეორე მატჩისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ხანგრძლივი დროით დაკარგა თავისი ვარსკვლავური ფორვარდი დევიდ ლი. ამ კალათბურთელის მნიშვნელობაზე ერთი მარტივი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს - ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, "მეომრებმა" ლის გარეშე მხოლოდ სამი მატჩი მოიგეს და 18-ჯერ დამარცხდნენ.

ასე რომ, "გოლდენ სტეიტი" თითქოს განწირული ჩანდა, მაგრამ მარკ ჯექსონმა ისე დააყენა სასტარტო ხუთეული, რომ სტუმრებმა ფარის მოგებაც კი მოახერხეს: 36:26. თუმცა ამ სტატისტიკას თავისი ახსნა აქვს - "უორიორზი" იშვიათად აცილებდა ბურთს და "დენვერს" მოსახსნელიც არაფერი ჰქონდა.

"დენვერმა" სცადა მაქსიმალურად შეეზღუდა მეტოქის შეტევების ეფექტურობა, მაგრამ სტუმრებმა მაინც ბევრი ტყორცნა შეასრულეს წინააღმდეგობის გარეშე. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ უკვე მესამე მეოთხედში "მეომრებმა" ორნიშნა უპირატესობას მიაღწიეს და შემდეგ, მეტოქეს აღარ მისცეს მიახლოების საშუალება. თან იშვიათი სტატისტიკა დააფიქსირეს - თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე 64.6 პროცენტს უდრიდა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია პლეი ოფში ბოლო 22 წლის განმავლობაში. სწორედ ამის გამო, "ნაგეტსმა" პირველი საშინაო მარცხი იწვნია 18 იანვრის შემდეგ.

დენვერი-გოლდენ სტეიტი 117:131
28:26, 25:35, 27:35, 37:35
დ: ბრიუერი (19+3 პასი), ლოუსონი (19+12 პასი), მილერი (18+5 პასი+5 მოხსნა), იგუოდალა (18+7 პასი), ჩენდლერი (14+6 მოხსნა), რენდოლფი (14).
გ-ს: კარი (30+13 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეკი (26+7 პასი), ბარნსი (24+6 მოხსნა), ტომპსონი (21).
სერია: 1-1

სამწვრთნელო ამბები
უკვე დღეს შეიძლება ოფიციალურად გამოცხადდეს იმის შესახებ, რომ "კლივლენდ კავალიერზის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრუნდება 43 წლის მაიკ ბრაუნი.
ეს სპეციალისტი "კავალერების" მწვრთნელი 2005-2010 წლების პერიოდში იყო და ლებრონ ჯეიმსის დახმარებით, გუნდი 2007 წელს NBA-ის ფინალში გაიყვანა, 2009 წელს კი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გამოცხადდა.

2011 წელს, ბრაუნი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ ეს პოსტი 2012-13 წლების სეზონის მსვლელობისას დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, "კლივლენდის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ბაირონ სკოტი, რომელმაც გუნდთან სამი სეზონი იმუშავა.

* * *

"შარლოტ ბობკეტსმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვა მაიკ დანლეპი, რომელიც ამ სეზონის წინ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე და გუნდს 82 მატჩში მხოლოდ 21 გამარჯვება მოაპოვებინა.

და კიდევ, ვწერდით იმის შესახებ, რომ "დეტროიტის" მთავარი მწვრთნელი შეიძლება გახდეს სერბი სპეციალისტი ჟელკო ობრადოვიჩი. ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ასევე განიხილება ნეიტ მაკმილანის კანდიდატურა, რომელიც ადრე "სიეტლისა" და "პორტლენდის" მწვრთნელად მუშაობდა და ჯამში 478 მატჩი მოიგო და 452-ჯერ დამარცხდა. ეს სპეციალისტი აშშ-ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, რომელმაც პეკინსა და ლონდონში ოქროს მედლები მოიპოვა.

გასულ კვირას, "დეტროიტმა" პოსტიდან დაითხოვა ლოურენს ფრენკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: პირველი მოგებული სტუმარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული