ამ სერიაში ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ საკუთარ მოედანზე ლოსანჯელესელები უფრო უარესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სან ანტონიოში გამართული შეხვედრების დროს. ეს იმის ბრალიც იყო, რომ ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ მეტა უორლდ პისი და სტივ ბლეიკი. სწორედ ამიტომაც განაცხადა "სან ანტონიოს" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა მეოთხე მატჩის შემდეგ - ეს, ალბათ, არ იყო სამართლიანი ორთაბრძოლაო.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი:
ბოლო მატჩში ჰოვარდმა ზედმეტი ემოციურობის გამო ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. "ლეიკერსი" ერთხელაც არ დაწინაურებულა შეხვედრაში და 2007 წლის შემდეგ პირველად წააგო პლეი ოფში საწყისი რაუნდის სერია.
"სან ანტონიომ" კი დამაჯერებლად შეაბიჯა კონფერენციის ნახევარფინალში და "გოლდენ სტეიტსა" და "დენვერს" შორის სერიაში საუკეთესოს ელოდა.
ლეიკერსი-სან ანტონიო 82:103
20:26, 14:26, 24:26, 24:25
ლ: გასოლი (16+8 მოხსნა+5 პასი), გუდლაკი (14), ჯეიმისონი (12+5 მოხსნა), დუჰონი (11+7 პასი).
ს-ა: პარკერი (23+4 პასი), ლეონარდი (13+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბლეირი (13+5 მოხსნა), დანკანი (11+6 მოხსნა), ნილი (11).
სერია: 0-4
ლიდერის ტრავმამაც არ იმოქმედა
ამასობაში "გოლდენ სტეიტს" ერთი ნაბიჯი უკლია "სან ანტონიოსთან" დაპირისპირებამდე. "ლეიკერსისგან" განსხვავებით, "მეომრებზე" არ იმოქმედა ლიდერის ტრავმამ - 2013 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილის, დევიდ ლის დაკარგვამ "გოლდენ სტეიტი" კიდევ უფრო გააძლიერა.
კვლავ მტკივანი მუხლით გავიდა მოედანზე სტივენ კარი. როგორც კი "უორიორზის" დამრიგებელმა მარკ ჯექსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავისი ლიდერის დასვენებას აპირებდა, კარი ადგა და მარტო მესამე მეოთხედში 22 ქულა დააგროვა. სულ კი ამ მცველმა 31 ქულა ჩაიწერა აქტივში, რაც მისი პირადი რეკორდია პლეი ოფის მატჩებში. სტივენ კარიმ "დენვერთან" სამ მოგებულ შეხვედრაში 90 ქულა შესძინა თავის გუნდს.
გ. სტეიტი-დენვერი 115:101
25:21, 31:23, 35:28, 24:29
გ-ს: კარი (31+7 პასი+4 ჩაჭრა), ჯეკი (21+9 პასი+5 მოხსნა), ლენდრი (17), გრინი (13+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტომპსონი (13+5 პასი), ბოგუტი (12+5 მოხსნა).
დ: ლოუსონი (26+6 პასი), იგუოდალა (19+8 მოხსნა), ბრიუერი (14), მილერი (12), ფარიდი (8+12 მოხსნა).
სერია: 3-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"