NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: "მეომრები" არ ნებდებიან

AutoSharing Option
სერიის მეოთხე მატჩის წინ მთავარი საკითხი შემდეგში მდგომარეობდა - შეძლებდა თუ არა მოედანზე გასვლას სტივენ კარი? შეგახსენებთ, რომ მესამე მატჩის ბოლოს მცველმა ფეხი დაიზიანა და ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ტრავმის სამკურნალოდ.

კარი მოედანზე გავიდა, მაგრამ ფეხი ისევ აწუხებდა. ამიტომაც თავის ერთ-ერთ მთავარ კოზირს - სისწრაფეს ვერ იყენებდა და ფაქტობრივად, ნომინალური შემტევი მცველის ფუნქციებს ასრულებდა - პარტნიორებისგან ელოდა გადაცემებს, მაგრამ დენი გრინი კარგად მეურვეობდა "გოლდენ სტეიტის" ლიდერს და პირველ ტაიმში სტივენმა მხოლოდ სამჯერ ისროლა.

თუმცა პირველ ნახევარში სხვებსაც არ წაუვიდათ თამაში,
რაშიც ზედმეტი პერსონალურები იყო დამნაშავე. ამ მხრივ, პრობლემები შეექმნათ ბოგუტს, ლენდრისა და ლის. საკადრო პრობლემების გამო მარკ ჯექსონს მოუწია თამაშში ბიედრინშისა და ჯეფერსონის შეყვანა, თუმცა მათ ბევრით ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი.

მასპინძელთა ამ პრობლემების გამო ფარქვეშ "სან ანტონიო", კერძოდ კი, ტიმ დანკანი ბატონობდა. შესანიშნავად შევიდა თამაშში მანუ ჯინობილი, რომელმაც დიდ შესვენებამდე 14 ქულა ჩააგდო. პირველი ტაიმის შემდეგ "სპურსის" უპირატესობა რვა ქულას უდრიდა.

თუმცა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ამ სხვაობისგან არაფერი დარჩა. ეს კარის დამსახურებაა, რომელმაც მესამე მეოთხედის სტარტზე თავისი გუნდის ზედიზედ რვა ქულა აიღო. თითქოს მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა და სწორედ ამ დროს მეოთხე პერსონალური მიიღო ბოგუტმა.

მაგრამ მარკ ჯექსონი რისკზე წავიდა და ავსტრალიელი მოედანზე დატოვა. ამ სვლამ გაამართლა. მართალია, დრაფტის ყოფილი პირველი ნომერი შეტევაში ვერ აქტიურობდა, მაგრამ ეს საქმე თავის თავზე ბარნსმა და ჯეკმა აიღეს, რომლებმაც ერთად 50 ქულა დააგროვეს; ბოგუტი კი, სამაგიეროდ, ფარქვეშ იბრძოდა ბრწყინვალედ და "სპურსის" მოთამაშეებს სამწამიანში იოლად შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

პოპოვიჩმა ავსტრალიელი მოედანს ეშმაკური ხერხით მოაშორა - მესამე მეოთხედის ბოლოს მასზე ტაქტიკური ჯარიმების აღება ბრძანა. "უორიორზის" მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე იხმო ბოგუტი და ამას მოჰყვა სტუმრების 6:0 გაქცევა. თანაც, სამივეჯერ სტუმრებმა სამწამიანიდან გამოიჩინეს თავი.

ამ გაქცევისას მიღებულ უპირატესობას "სპურსი" კარგა ხანი ინარჩუნებდა და ლეონარდის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, სირენამდე 4 წუთითა და 48 წამით ადრე, რვა ქულით იგებდა. შემდეგ კი აუხსნელი რამ მოხდა.

თითქოს გამოცდილ "სან ანტონიოს" იოლად უნდა მიეყვანა მატჩი გამარჯვებამდე, მაგრამ შეხვედრის ბოლოს "გოლდენ სტეიტი" გამოიყურებოდა მეტოქეზე სოლიდურად. ჯეკის ოთხი და ტომპსონის ერთი ზუსტი სროლა საშუალო მანძილიდან, აგრეთვე, დაცვაში კარგი თამაში და სირენამდე წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა.

დაბნეულმა "სპურსმა" მოახერხა ზუსტი შეტევის განხორციელება - 40 წამით ადრე საფირმო საშუალო ტყორცნა ჩააგდო პარკერმა (მან ჯამში 17-დან 11 სროლა ააცილა) და მატჩში უკანასკნელად გაიყვანა წინ თავისიანები, მაგრამ მასპინძლების ლიდერობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა – ტომპსონმა მალე აღადგინა თანაფარდობა. ჯინობილის აცდენის შემდეგ, "უორიორზის" სამწამიანში არეულობისას ჯეკმა დაიჭირა ბურთი და ტაიმ-აუტი მოითხოვა. ჯექსონის შეგირდებს 16 წამი ჰქონდათ მატჩის ძირითად დროში მოსაგებად.

მაგრამ ბოლო შეტევა მასპინძლებმა ცუდად გაითამაშეს - ჯეკმა ბოლომდე ატარა ბურთი და გარღვევის ნაცვლად, საშუალოდან სროლა გადაწყვიტა, მაგრამ ააცილა.

თუმცა ოვერტაიმში "მეომრებმა" მაინც მიაღწიეს საწადელს. ჯეკის ზუსტი სროლა, ბარნსის ზედიზედ ოთხი ქულა და კარის "ენდ-უანი" და "გოლდენ სტეიტი" 9:0 გაიქცა. პარალელურად, "სან ანტონიოს" შეტევითი მოქმედებები საბოლოოდ მოიშალა – ჯინობილი საერთოდ აცილებდა ბურთს ფარს, გრინი და ლეონარდი იოლ ბურთებს ვერ ახვედრებდნენ, დანკანსა და პარკერს კი კარგად მეურვეობდნენ ბოგუტი და ტომპსონი.

საქმე კურიოზულ მომენტამდეც კი მივიდა: 30-წამიან მონაკვეთში სტუმრებმა მეტოქის ფარზე 6-ჯერ (!) მოხსნეს ბურთი, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ ჩააგდეს. საბოლოოდ, დამატებით დროში "სან ანტონიომ" მხოლოდ სამი ქულა დააგროვა, ისიც გრინის შემთხვევითი სამქულიანის წყალობით.

ისე გამოვიდა, რომ "უორიორზმა" შეხვედრა 25:7 გაქცევით დაასრულა, რომლის დროსაც 12 ქულა დააგროვა ჯეკმა. შეხვედრის ბოლო 9 წუთსა და 40 წამში სტუმრებმა თამაშიდან 19-ჯერ ისროლეს და სამი ბურთი ჩააგდეს, მათ შორის, რვიდან ერთი სამქულიანი.

გ. სტეიტი-სან ანტონიო 97:87 (ო)
19:26, 18:19, 23:17, 24:22, 13:3
გ-ს: ბარნსი (26+10 მოხსნა), ჯეკი (24+7 მოხსნა+4 პასი), კარი (22+6 მოხსნა+4 პასი), ტომპსონი (10+3 ჩაჭრა), ბოგუტი (5+18 მოხსნა).
ს-ა: ჯინობილი (21+3 პასი+3 ჩაჭრა), დანკანი (19+15 მოხსნა), პარკერი (17+3 პასი), ლეონარდი (11+8 მოხსნა), გრინი (10+7 მოხსნა).
სერია: 2-2

როუზს "მაიამისთან" ვერ ვნახავთ
ჩიკაგოს ერთ-ერთი გაზეთის ინფორმაციით, "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი მონაწილეობას არ მიიღებს "მაიამი ჰიტთან" პლეი ოფის მეორე რაუნდის სერიაში.

იტყობინებიან, რომ როუზი სერიოზულად განიხილავდა NBA-ს მოქმედ ჩემპიონთან სერიაში მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობას, მაგრამ საბოლოოდ, გადაიფიქრა თამაში.

12 მაისს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შარშანწინდელი სეზონის MVP-მ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანზე აღარ გასულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: "მაიამიმ" კლასი დაადასტურა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული