ნამდვილი ზეიმი აქვთ "მემფისის" გულშემატკივრებს. მათმა საყვარელმა გუნდმა უკვე ორი სერია მოიგო - იმაზე მეტი, ვიდრე მთლიანად არსებობის ისტორიაში. ორი წლის წინ "გრიზლისმა" ერთხელ უკვე სცადა კევინ დურანტისა და მისი "ოკლაჰომას" შეჩერება, მაგრამ მეშვიდე მატჩში დამარცხდა. დღეს "მემფისს" ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს, საუკეთესო დამცველი (მარკ გასოლი) მათ რიგებში თამაშობს და ახლა მოხერხდა ის, რაც ორი წლის წინ
სერიის მეხუთე დუელში დურანტმა ამ პლეი ოფში თავისი ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარა: NBA-ს საუკეთესო სნაიპერმა თამაშიდან 21-ჯერ ისროლა და მხოლოდ ხუთჯერ ჩააგდო. "ოკლაჰომას" ლიდერი მთელი ძალით იბრძოდა, 48 წუთი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია თავისი გუნდის ბოლო სპურტში:
საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე მასპინძლები 12 ქულას აგებდნენ და მოახერხეს სხვაობის ორ ქულამდე შემცირება. დღეს ყველა ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ "ოკლაჰომას" წარუმატებლობა რასელ უესტბრუკის ტრავმამ გამოიწვია (თავისი ძირითადი გამთამაშებლის დაკარგვის შემდეგ "თანდერმა" რვიდან მხოლოდ ორი მატჩი მოიგო), თუმცა მისმა შემცვლელმა ახალგაზრდა რეჯი ჯექსონმა პლეი ოფში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
სწორედ მისი შორეული ტყორცნის შემდეგ მიიღო "ოკლაჰომამ" თამაშის გადარჩენის შანსი - "მინუს ორი" სირენამდე 14.3 წამით ადრე. მასპინძლებმა სწრაფად აიღეს ჯარიმა რენდოლფზე, რომელმაც საჩუქარი გაუკეთა მეტოქეს - ორიდან ორი საჯარიმო ააცილა.
მაგრამ ეს არ იყო დურანტის დღე. ფორვარდმა ყველაფერი სწორად გააკეთა: მიიღო პასი, ფინტით ჩამოიცილა მეურვე ტონი ალენი და საშუალო დისტანციიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ესროლა, მაგრამ "დურანტულამ" ააცილა.
ოკლაჰომა-მემფისი 84:88
23:18, 15:32, 24:14, 22:24
ო: დურანტი (21+8 მოხსნა+6 პასი), იბაკა (17+8 მოხსნა+3 დაფარება), ჯექსონი (16+9 მოხსნა+5 პასი), მარტინი (10).
მ: რენდოლფი (28+14 მოხსნა), კონლი (13+11 პასი+7 მოხსნა), ალენი (11), გასოლი (10+7 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა).
სერია: 1-4
* * *
აღმოსავლეთი კონფერენციის პირველი ფინალისტი, მოლოდინისამებრ, "მაიამი ჰიტი" გახდა. სერიის მეოთხე მატჩში "ჩიკაგოს" განადგურების შემდეგ ყველას ეგონა, რომ "ხარები" გონს ვერ მოვიდოდნენ და ასევე იოლად დათმობდნენ ფლორიდაში მორიგ ვიზიტს, მაგრამ არც ის უნდა დაგვევიწყებინა, რომ "ბულზმა" ამ სეზონში სამჯერ დაამარცხა "ჰიტი": ორჯერ რეგულარულში და ერთხელ პლეი ოფში, ისიც მეტოქის მოედანზე.
და ამჯერადაც სტუმრებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ჩემპიონს. ისინი მეორე ტაიმში 11 ქულით იყვნენ დაწინაურებულნი და "მაიამის" მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ სერია მეექვსე მატჩში არ გადასულიყო.
ამ შეხვედრის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დუეინ უეიდის თამაში, რომელსაც მუხლის ქრონიკული ტრავმა აწუხებს, მაგრამ მცველმა, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მოედანზე გასვლა გადაწყვიტა და დაძაბული ბოლო წამების გმირიც გახდა. მან 45 წამის განმავლობაში მიითვალა ერთი დაფარება, ორი მოხსნა ორივე ფარქვეშ და ერთი ჩატენვა.
"ჩიკაგოს" შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ ნეიტ რობინსონმა და ჯიმი ბატლერმა სამქულიანები ააცილეს და მატჩი ოვერტაიმში ვერ გადაიყვანეს.
მაიამი-ჩიკაგო 94:91
30:21, 17:32, 22:24, 25:14
მ: ჯეიმსი (23+8 პასი+7 მოხსნა), უეიდი (18+6 პასი+5 მოხსნა), ბოში (12+7 მოხსნა), ჰასლემი (10).
ჩ: ბუზერი (26+14 მოხსნა), რობინსონი (21+6 პასი+5 მოხსნა), ბატლერი (19+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ჰემილტონი (15).
სერია: 4-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: პრიმიტიული "ნიუ იორკი"