სკოტი პიპენი ჩხუბისთვის დაიჭირეს

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალში გაეხვა "ჩიკაგო ბულზის" ლეგენდარული კალათბურთელი სკოტი პიპენი. მან ღამით მალიბუში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა.

ჩხუბის ინიციატორი უცნობია, მაგრამ ის მამაკაცი, რომელთანაც პიპენი კონფლიქტში შევიდა, საბოლოოდ, საავადმყოფოში მოხვდა. როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, კალათბურთელი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა.

მოგვიანებით, სკოტი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და სამართალდამცავებს ჩაბარდა. მალე საქმის დეტალების შესახებ გახდა ცნობილი: რესტორან Nobu-ში პიპენი თავის ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ამ დროს უცნობი მამაკაცი ფოტოებს უღებდა ყოფილ კალათბურთელს. როცა პიპენი და მისი ოჯახის წევრები რესტორნიდან გავიდნენ, მამაკაცი
მათ უკან გაჰყვა და ფოტოების გადაღებას აგრძელებდა, ბოლოს კი დაჟინებით სთხოვდა ავტოგრაფს.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პიპენმა ჯერ მუშტი უთავაზა სახეში მომაბეზრებელ "ქომაგს", შემდეგ კი ფეხებიც ჩართო საქმეში. დაზარალებული მრავალრიცხოვანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კერძოდ, მამაკაცს კბილები ჰქონდა ჩამტვრეული, ტუჩი გასიებული და თავის არეში რამდენიმე სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა.

დაკავებული პიპენი პოლიციამ დაკითხა და შემდეგ გაანთავისუფლა გამოძიების მომავალი შედეგის მოლოდინში.

"ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გავერკვეთ საქმის ვითარებაში", - განაცხადა შერიფმა სტივ უიტმორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული