რაზე ჭორაობენ NBA-ში: გულუხვი წინადადება ტაირიკ ევანსს, კევინ მარტინი იცვლება

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნა და ყოველდღიურად უამრავი საინტერესო ჭორი ვრცელდება ამა თუ იმ კალათბურთელის მომავალი კარიერის შესახებ. რამდენიმეს დღეს გაგაცნობთ...

"ნიუ ორლეანი": გულუხვი წინადადება ევანსს
პირველი ჭორი უკავშირდება "ნიუ ორლეანს", რომელმაც სახიფათო თამაში წამოიწყო - "საკრამენტოს" ნიჭიერ, მაგრამ არასტაბილურ მცველს ტაირიკ ევანსს 11-მილიონიანი ხელფასი შესთავაზა. დიად რეჯი მილერს ამ ახალ ამბავზე საინტერესო რეაქცია ჰქონდა: "ნიუ ორლეანი" ტაირიკ ევანსს 4 წელიწადში 44 მილიონს აძლევს?! დროა, ვარჯიშებს დავუბრუნდე..."

მეორეს მხრივ, ევანსი ახალგაზრდაა და ჯერ ისევ პერსპექტიული, "კინგზში" მისი კ
არიერა არ აეწყო და იქნებ, სიტუაციის შეცვლამ გამოაცოცხლოს. და თუ ეს გარიგება შედგა, "პელიკანსის" უკანა ხაზი საკმაოდ პერსპექტიულ სახეს მიიღებს: ჯრიუ ჰოლიდეი, ერიკ გორდონი, ტაირიკ ევანსი, გრეივის ვასკესი და ოსტინ რივერსი. ბოლო ორს ისეთი კონტრაქტი აქვს, რომ შესაძლებელია, ამ კალათბურთელების სარფიანად გაცვლა.
გადაწყვეტილების მიღებამდე, ევანსი უნდა შეხვდეს "დეტროიტისა" და "ატლანტას" ბოსებს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ "პელიკანსის" წინადადება რომელიმემ გუნდმა გაიმეოროს.

"ოკლაჰომა": დორელ რაიტი კევინ მარტინის ნაცვლად
"ოკლაჰომა" შიშობს, რომ სულ მალე სახელფასო ბიუჯეტის ზღვარს გადააბიჯებს და ეს რომ არ მოხდეს, "თანდერის" ხელმძღვანელობას გუნდის შემადგენლობასთან კარგად მორგებული კევინ მარტინის გაშვება და უფრო იაფი კალათბურთელის მოძებნა მოუწევს, რომელსაც კარგი სროლა გააჩნია. ასეთია დორელ რაიტი, რომელიც კეი-მარტზე სამი წლით უმცროსია და ამ როლს თითქმის იდეალურად ერგება.

რაც შეეეხება მარტინს, მას შეეძლო უკეთესი კონტრაქტის იმედი ჰქონოდა, ვიდრე ახლა მიიღებს. გარდა იმისა, რომ ბაზარი ძლიერი თავისუფალი აგენტებითაა გადატვირთული, ასევე მოქმედებს ახალი, უფრო მკაცრი ფინანსური წესები.

"გოლდენ სტეიტი": მშვიდობით, ჯეკ
როგორც ჩანს, "გოლდენ სტეიტი" უკვე შეეგუა ჯარეტ ჯეკის დაკარგვას. "უორიორზს" გადატვირთული აქვს სახელფასო ბიუჯეტი და "მეომრები" ვერ გაიმეორებენ იმ წინადადებას, რომელსაც ჯეკი ლიგის კლუბების ნახევარისგან მიიღებს. მიზეზი ისიცაა, რომ "გოლდენ სტეიტმა", თავის დროზე, არარეალური კონტრაქტები გაუფორმა ანდრის ბიედრინშსა და რიჩარდ ჯეფერსონს.

შემცვლელად კალიფორნიელები განიხილავენ დარენ კოლისონს, რომელსაც ნაწილობრივ შეუძლია იმის კომპენსირება, რასაც გუნდი ჯეკის წასვლით მიიღებს.
კოლისონის გაფორმებას შეიძლება ხელი შეუშალოს იმან, რომ "უორიორზს" ამ კალათბურთელისთვის სამ წელიწადში მხოლოდ 9.97 მილიონის შეთავაზება შეუძლია, ეს კი არ არის შეთანხმების გარანტია. სავსებით შესაძლებელია, რომ ვიღაცამ მეტი გადაიხადოს.

ოდენს რიგი დაუდგა
NBA-ის ხუთი კლუბი მზად არის კონტრაქტი შესთავაზოს გრეგ ოდენს! სხვათა შორის, პრეტენდენტთა სია საკმაოდ სოლიდურია: "მაიამი", "სან ანტონიო", "მემფისი", "კლივლენდი" და "ბოსტონი". როგორც ჩანს, ჭორები იმის შესახებ, რომ დრაფტის ყოფილი პირველი ნომერი სრულად გამოჯანმრთელდა და კარგად იმუშავა საკუთარ თავზე, საფუძველს მოკლებული არ არის. ძალიან საინტერესო იქნება ამ კალათბურთელის კვლავ საქმეში ხილვა. ასეთი დაბრუნებები ხშირი არ არის და, როგორც წესი, იშვიათად მთავრდება კარგად. იმედია, ამჯერად, ოდენს გაუმართლებს.

კირილენკოს პირველი ვარიანტი: "სან ანტონიო"
თუ ჭორებს დავუჯერებთ, საუკეთესო რუსი კალათბურთელით ანდრეი კირილენკოთი "სან ანტონიოა" დაინტერსებული. როგორც იცით, ფორვარდმა საკუთარი სურვილით თქვა უარი "მინესოტასთან" კონტრაქტის ბოლო წელზე, რათა რომელიმე კლუბთან გააფორმოს მრავალწლიანი ხელშეკრულება. სავსებით ლოგიკური არჩევანია, რადგან ეს, ალბათ, ბოლო კონტრაქტი იქნება კირილენკოს კარიერაში და დღეს მისი ავტორიტეტი ლიგაში ძალიან მაღალია. ამაზე მეტყველებს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მხრიდან ინტერესი.

ჯინობილი და სპლიტერი რჩებიან
"სან ანტონიოს" შემტევი მცველი მანუ ჯინობილი, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს ტექსასურ კლუბთან. ამის შესახებ 35 წლის არგენტინელმა თავის "ტვიტერზე" დაწერა.

კონტრაქტის თანხის შესახებ არაფერს იტყობინებიან, თუმცა შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მან 13 მილიონი დოლარი მიიღო. ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯინობილი, რომელმაც NBA-ში მთელი თავისი კარიერა "სან ანტონიოს" რიგებში გაატარა, დიდი სპორტიდან წასვლას აპირებდა.

* * *
ასევე გახდა ცნობილი, რომ "სან ანტონიო სპურსმა" შეთანხმებას მიაღწია თავის ბრაზილიელ ცენტრთან ტიაგო სპლიტერთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე. ამ ინფორმაციას Yahoo! Sports-ის ანალიტიკოსი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

სპლიტერი ოთხი სეზონის განმავლობაში 36 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
გასულ სეზონში, 28 წლის ცენტრმა 81 მატჩი ჩაატარა "სპურსის" შემადგენლობაში და საშუალოდ 10.3 ქულა და 6.4 მოხსნა დააგროვა.

ბადინგერი
"მგლებში" რჩება
"მინესოტა ტიმბერვულვზმა" სამწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა ფორვარდ ჩეიზ ბადინგერთან. ამ კალათბურთელის წლიური ხელფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარი იქნება.

ბადინგერმა შარშანდელი სეზონიც "მგლების" რიგებში ჩაატარა და 23 მატჩში საშუალოდ 9.4 ქულა და 3.1 მოხსნა მიითვალა.

არის სამმაგი ტრეიდი
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა", "ფინიქსმა" და "მილუოკიმ" სამმხრივ გაცვლაზე მოილაპარაკეს. ამ გარიგების თანახმად, კერონ ბატლერი და ერიკ ბლედსოუ "სანზის" რიგებში გადავლენ, ჯეი ჯეი რედიკი და ჯარედ დადლი "კლიპერსში" აღმოჩნდებიან, ხოლო "ბაქსი" მიიღებს მომავალი დრაფტის მეორე რაუნდში ორი კალათბურთელის არჩევის უფლებას.

ვარაუდობენ, რომ რედიკი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის ღირებულება 27 მილიონი დოლარი იქნება.

ასევე, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, "ფინიქსი" აპირებს ბლედსოუ სასტარტო ხუთეულში დააყენოს გორან დრაგიჩთან ერთად.

ალენი ისევ "მემფისში"
"მემფის გრიზლისის" მცველმა ტონი ალენმა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ალენი ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

აღვნიშნავთ, რომ 2012-13 წლების სეზონის შედეგებით, ალენი NBA-ის საუკეთესო დამცველთა სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. ამასთან, "მემფისის" მცველმა შესაბამის გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

გასულ სეზონში ალენის საშუალო მაჩვენებლები იყო - 8.9 ქულა და 4.6 მოხსნა.

მეინორი "ვაშინგტონში" ითამაშებს
"ვაშინგტონმა" შეთანხმებას მიაღწია მცველ ერიკ მეინორთან. ამ კალათბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "პორტლენდში" გაატარა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა დამიენ ლილარდის დუბლიორის როლში (დაახლოებით 7 ქულა და 4 პასი 20 წუთი სათამაშო დროში). ახლა, მას ჯონ უოლის შემცვლელის როლი ექნება. დედაქალაქურ კლუბთან მისი კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმ ჩენ ინის მეგობარი დენის როდმანი ნობელის პრემიას ითხოვს