კოლექტიური ინტერვიუ: ჯრიუ ჰოლიდეისთან, დამიენ ლილარდთან, რიკი რუბიოსთან და ჯონ უოლთან

AutoSharing Option
გასულ კვირას, ჯრიუ ჰოლიდეიმ ("ნიუ ორლეანი"), დამიენ ლილარდმა ("პორტლენდი"), რიკი რუბიომ ("მინესოტა") და ჯონ უოლმა ("ვაშინგტონი") ჩინეთში იმოგზაურეს China Basketball-ის ტურის რანგში.

ამ ბიჭების საშუალო ასაკი 23 წელია, ამიტომაც, სრულფასოვან ვარსკვლავებად ისინი რამდენიმე წლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან. თუმცა მათ წარდგენა არ სჭირდებათ: ერთ-ერთი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" დონეს შეესაბამება, მეორე წლის საუკეთესო ახალბედაა, მესამე - დრაფტის პირველი ნომერი, მეოთხე - ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი...

- ჯრიუ, რამდენად რთულია ახალ გუნდთან შერწყმა და "ნიუ ორლეანის" უკანა ხაზის ლიდერობა?
ჰოლიდეი: მთელი ცხოვრება სხვადასხვა მწვრთნელთან მუშაობა
მომიწია, ამიტომაც დარწმუნებული ვარ: სამწვრთნელო შტაბი დამეხმარება უმტკივნეულოდ და იოლად შევერწყა ახალ კოლექტივს.

- დამიენ, გილოცავთ "წლის საუკეთესო ახალბედას" ნომინაციაში გამარჯვებას. სეზონის დასაწყისიდანვე გეგმავდით ამ პრიზისთვის ბრძოლას?
ლილარდი: ვფიქრობდი ამის შესახებ. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მომწონს სასარგებლო მოთამაშედ ყოფნა და გუნდის მოგებებში დიდი წვლილის შეტანა. სეზონის დასაწყისიდანვე ბევრი სათამაშო დრო მივიღე, ამიტომაც მქონდა საშუალება მეჩვენებინა ყველაფერი, რაც შემიძლია. უბრალოდ, მინდოდა სიტუაციით მესარგებლა.

- რა უნდა გააკეთოს "პორტლენდმა" იმისთვის, რომ მომავალ წელს პლეი ოფში მოხვდეს?
ლილარდი: მიმაჩნია, რომ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში დაცვაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასული სეზონი შეთამაშებას მოვანდომეთ, ახლა, ყველა მოთამაშე უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომაც უნდა მოვუმატოთ მოქმედებაში საკუთარ ნახევარზე. როგორც კი თამაშის ამ კომპონენტს გავაუმჯობესებთ, დადებითი ცვლილებები შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება. იმედია, მოვახერხებთ მომავალ სეზონში პლეი ოფში მოხვედრას.

- რიკი, თქვენი გუნდი სეზონის მსვლელობისას ისევ განიცდიდა პრობლემებს ლიდერთა ტრავმების გამო. რამდენად ძლიერი იქნება "მინესოტა" დამდეგ სეზონში, თუ გუნდი ტრავმების ეპიდემიას აიცილებს თავიდან?
რუბიო: სამწვრთნელო შტაბი დაუღალავად შრომობს და გუნდის მშენებლობა სრული სვლით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სწორ გზას ვადგავართ. მოუთმენლად ველოდები მომავალი სეზონის დაწყებას და მაინტერესებს - რამდენად მაღალია ჩვენი პლეი ოფში გასვლის შანსები იმ დროს, როცა ყველა ჯანმრთელი იქნება. სწორედ ამისკენ მივიწევთ ბოლო ორი წელია. თუმცა ტრავმების ეპიდემია არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ "მინესოტა" ვერ ახერხებდა პლეი ოფში შესვლას. თუ ჩემზე ვილაპარაკებთ, აქტიურად ვმუშაობ საკუთარი პოტენციალის განვითარებისთვის.

- თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია - ოლიმპიური ოქრო თუ NBA-ის ტიტული?
რუბიო: რთულია არჩევანის გაკეთება. გამარჯვებულის ხასიათი მაქვს, ამიტომაც ყველა ტურნირში მოგებისთვის ვიბრძვი.
- ჯონ, "ვაშინგტონმა" უთქვენოდ ძალიან სუსტად დაიწყო ჩემპიონატი, მაგრამ თქვენი დაბრუნების შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო გახდა აღმოსავლეთში. რას ელოდებით 2013-14 წლების სეზონში?
უოლი: იმისთვის, რომ NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი გახდე, გამარჯვება აუცილებელია, ამიტომაც დავისახე ამოცანად პლეი ოფში მოხვედრა.

- რის გაკეთებას აპირებთ საკუთარი თამაშის გასაძლიერებლად?
ჰოლიდეი: მინდა ისევ მოვხვდე "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" და გავიყვანო გუნდი პლეი ოფში. თუ ამოცანა-მაქსიმუმზე ვილაპარაკებთ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატში გამარჯვება.
ლილარდი: ვფიქრობ, უნდა ვიმუშაო თამაშის ყველა კომპონენტზე, რადგან მეორე სეზონში ჩემგან უფრო მეტს მოელიან, ვიდრე სადებიუტოში ვაჩვენე. უნდა გავაუმჯობესო სხვადასხვა დისტანციიდან სიზუსტის პროცენტი, გავამრავალფეროვნო შეტევითი პოტენციალი და ხშირად მოვნახო გადაცემებით პარტნიორები. თუ ამას შევძლებ და სხვა მოთამაშეებიც მოუმატებენ, ჩვენ უნდა მოვხვდეთ პლეი ოფში.
რუბიო: წლევანდელი ზაფხული ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. გასულ წელს მუხლში ტკივილები მაწუხებდა, რის გამოც წესიერად ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. მაგრამ, ახლა, ყველაფერი კარგად არის და ძალიან მონდომებით ვმუშაობ ფიზიკური ძალისა და ტყორცნის გასაუმჯობესებლად. მინდა სეზონს ასპროცენტიან მზადყოფნაში შევხვდე.
უოლი: სეზონებს შორის შესვენების ყოველ დღეს სხვადასხვა ტყორცნის დახვეწაზე ვმუშაობ. იმედია, ეს თავის შედეგი გამოიღებს.

- თქვენ ოთხს შორის ვინ არის ყველაზე სწრაფი?
ჰოლიდეი: ვფიქრობ, ჯონი. ის დაუჯერებელი კალათბურთელია და ამის გასაგებად, საჭიროა მის წინააღმდეგ ითამაშო. ჯონის შემდეგ, ალბათ, მე ვარ ყველაზე სწრაფი.
ლილარდი: ალბათ, მე და უოლი.
რუბიო: მე და მხოლოდ მე (იცინის). თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, რთულია არჩევანის გაკეთება. საჭიროა ჩვენს შორის შეჯიბრის მოწყობა.
უოლი: საკუთარი თავს მივიჩნეთ ფეთქებად და მკვეთრ მოთამაშედ, მაგრამ ყველაზე სწრაფი, ალბათ, არ ვარ.

- ამ ოთხეულიდან რომლის წინააღმდეგაა ყველაზე რთული თავდაცვა?
ჰოლიდეი: სამივენი მრავალმხრივები არიან. ჯონი სწრაფია, ათლეტური, კარგად შედის ფარქვეშ. რიკის კარგი ფანტაზია აქვს: შესანიშნავად გამოსდის ფინტები და არიგებს ძალიან მახვილგონივრულ გადაცემებს. დამიენს ბრწყინვალე ტყორცნა აქვს ნებისმიერ წერტილიდან.
ლილარდი: ჯონი ძალიან კარგია, მაგრამ, ალბათ, ჰოლიდეის დავასახელებ, რადგან ის ჩვენს შორის ყველაზე მაღალია.
რუბიო: თითოეულის წინააღმლეგ რთულია თამაში, არ შემიძლია ერთი მათგანის გამოყოფა, მაგრამ თუ მაინც უნდა გავაკეთო ეს, ჰოლიდეის ავირჩევ.
უოლი: ალბათ, დამიენის წინააღმდეგ ყველაზე რთულია. ის ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლის წინააღმდეგ ყველას გაუჭირდება დაცვა.

- ვინ არის დღეისთვის NBA-ის საუკეთესო გამთამაშებელი?
ლილარდი: ტრავმის მიღებამდე დერიკ როუზი იყო, ახლა კი, ალბათ, კრის პოლი.
რუბიო: ერთი წლის წინ, მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტამდე, როუზი სხვების ფონზე გამოირჩეოდა. როცა დერიკის წინააღმდეგ ვთამაშობდი, მისი გარღვევების შეჩერება დაუჯერებლად რთული იყო. ვნახოთ, როგორი იქნება ის დაბრუნების შემდეგ. ვფიქრობ. როუზი შესანიშნავად მოემზადება სეზონისთვის, მით უმეტეს, რომ აღდენითი პროცესის ფორსირება არ უცდია და მშვიდად მკურნალობდა დაზიანებას. კარგად მესმის მისი, რადგან იგივე მეც გამოვიარე. ასე რომ, ნომერ პირველი ისევ როუზია.
უოლი: ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას მოითხოვთ გამთამაშებლისგან. თითოეულს აქვს თავისებურებები თამაშში, ამიტომაც აქ ყველაფერი ინდივიდუალურია.

- რომელი მოთამაშე იყო ადრეულ წლებში თქვენი კერპი? მისგან რაიმე ილეთის გადაღება გიცდიათ?
ლილარდი: ვაღმერთებდი ალენ აივერსონს. თუ ვინმემ იქონია ჩემს თამაშზე გავლენა, ეს სწორედ აივერსონია.
რუბიო: მე მიყვარს თავად თამაში, ამიტომაც ყველა კალათბურთელზე დაკვირვება საინტერესოა. მაგრამ განსაკუთრებით მხიბლავს სტივ ნეშის მოქმედება. თუმცა ლიგაში ყოველთვის იყვნენ ბრწყინვალე გამთამაშებელები, გავიხსენოთ თუნდაც, მეჯიქ ჯონსონი.
უოლი: ჩემი საყვარელი მოთამაშე იყო ალენ აივერსონი. მაგრამ მინდა საკუთარ კვალი დავტოვო ისტორიაში, რათა ხალხმა დაიმახსოვროს ჯონ უოლი.

- რომელი მოთამაშისთვის ისურვებდით ალეი-უპის დაკიდებას?
ჰოლიდეი: ალბათ, ბლეიკ გრიფინისთვის.
ლილარდი: ლებრონ ჯეიმსისთვის.
რუბიო: გონებაში ბევრი კალათბურთელი მომდის, მაგრამ არჩევანს ვინს კარტერზე გავაკეთებდი, მის საუკეთესო წლებში.
უოლი: ბლეიკ გრიფინისთვის.

- რომელი ილეთია თქვენი საიდუმლო იარაღი?
ჰოლიდეი: ეს შეიძლება გახდეს საშუალო და შორი დისტანციიდან სროლები.
ლილარდი: ჩემი ათლეტიზმი.
რუბიო: ეს საიდუმლოა, რომელსაც არ გაგიმხელთ.
უოლი: მოდით, ეს საიდუმლოდ დავტოვოთ.

- რაში მდგომარეობს თქვენი ნაკლი?
ჰოლიდეი: ყოველთვის ვცდილობ თამაშში იდეალურ მოდელს მივსდიო, ამიტომაც ნაკლი, როგორც ესეთი, არ გამაჩნია.
ლილარდი: არ ვიცი, ალბათ, ნაკლი არ მაქვს.
რუბიო: ამასაც არ მოგიყვებით, რადგან მეტოქეები ამას ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
უოლი: არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რამაც შეიძლება შემაჩეროს - ეს თავად მე ვარ. თუ ყველაფერი მაქსიმუმზე გავაკეთებ, ვერავინ შემაჩერებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"