სამმაგი ტრეიდი "მეომრების" სასარგებლოდ

AutoSharing Option
საინტერესო ტრეიდი განხორციელდა ლიგაში. სამ გუნდს შორის გარიგების თანახმად, "გოლდენ სტეიტის" რიგები შეავსეს ჯორდან კროუფორდმა და მარშონ ბრუქსმა.

სანაცვლოდ, "მეომრებმა" "მაიამიში" გაუშვეს მცველი ტონი დუგლასი. თავის მხრივ, "ჰიტმა" "ბოსტონს" დაუთმო ცენტრი ჯოელ ენტონი და მომავალი დრაფტებზე პირველ და მეორე რაუნდებში არჩევანის უფლება.

ამ გაცვლის თანახმად, "მაიამიმ" მოიშორა ენტონის (მან წელს მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თან მოედანზე საშუალოდ 3 წუთს ატარებდა) ძვირად ღირებული კონტრაქტი. ამით ის თანხის ეკონომიას შეძლებს; აგრეთვე, გაიუმჯობესებს შანსებს გუნდის ლიდერებთან - ლებრონ ჯეიმსთან, დუეინ უეიდთან და
კრის ბოშთან კონტრაქტის გახანგრძლივების მიმართულებით.

გარდა ამისა, გუშინდელი ტრეიდის მიხედვით, "გოლდენ სტეიტის" ისედაც შთამბეჭდავი უკანა ხაზი (კლეი ტომპსონისა და სტივენ კარის დუეტი ერთ-ერთი უძლიერესია ლიგაში) კიდევ უფრო გაძლიერდა.

რონდოს 29 233 380 წამი
"29 233 380 წამი" - ასეთი უცნაური ჩანაწერი გაჩნდა "ბოსტონის" გამთამაშებლის, რაჟონ რონდოს "ტვიტერზე". ეს დრო უდრის 338 დღეს. სწორედ დროის ეს მონაკვეთია მცველის ოპერაციიდან "ლეიკერსთან" მატჩამდე, რომელიც შაბათს გაიმართება.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა მაშინვე აიტაცეს ეს ახალი ამბავი და დაწერეს, რომ რონდო ამ კვირას დაუბრუნდება რეგულარულ ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, ამ სიახლემ კლუბის სამწვრთნელო შტაბამდეც მიაღწია და მისმა ერთმა წარმომადგენელმა ბრედ სტივენსმა განაცხადა, რომ რონდოს მოედანზე დაბრუნება შორეული პერსპექტივა აღარ არის, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ შეუძლებელია.

საერთოდაც, რაში სჭირდება "ბოსტონს" რონდოს სწრაფი დაბრუნება? "სელტიქსს" ზედიზედ ცხრა წაგება დაუგროვდა და ასეთი წარუმატებელი თამაში აახლოებს გუნდს მომავალი დრაფტის პირველ ნომერს. ამიტომაც "ბოსტონს" რონდო და მოგებები არ სჭირდება.

ასე რომ, რაჟონს შაბათს, "ლეიკერსის" წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რევანში კალიფორნიაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული