როგორ გახდა დირკ ნოვიცკი ლეგენდა

AutoSharing Option
გასულ კვირას დირკ ნოვიცკი NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა უცხოელებს შორის...

"საკრამენტოსთან" 23 ქულით მოგებულ მატჩში გერმანელმა ვეტერანმა გააკეთა ის, რაზეც გაუთავებლად ლაპარაკობდნენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში - 26 953 ქულა დააგროვა და ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეცხრე ადგილზე გადავიდა. თანაც მან ნიგერიაში დაბადებულ ჰაკიმ ოლაჯუონს გაუსწრო და ყველაზე შედეგიან ლეგიონერად მოგვევლინა.

ბევრმა ფაქტორმა უნდა იმუშაოს ასეთი შედეგის მისაღწევად: 1. მოთამაშე სტაბილურად უნდა გამოდიოდეს - ათწლეულზე მეტხანს უნდა ინარჩუნებდეს შედეგიანობის დაწესებულ ზღვარს; 2. თავიდან უნდა აიცილოს სერიოზული
ტრავმები; 3. დიდი ხანი წამყვან როლებზე უნდა იყო გუნდში; 4. მეტნაკლებად სწრაფად უნდა მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

"დალასის" ლიდერის კარიერაში ამ ყველა კომპონენტმა იმუშავა. სადებიუტო სეზონის გამოკლებით, ის ყველა რეგულარულში მინიმუმ 17.3 ქულას აგროვებდა. მხოლოდ ერთ სეზონში გამოტოვა 20 მატჩზე მეტი. და კიდევ, ამ საუკუნიდან მოყოლებული, ის "დალასის" მთავარი შემტევი ძალა იყო.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბევრ ნიჭიერ ოსტატს არ შეუძლია ამდენი ხანი გაძლოს ასეთ დონეზე. განსაკუთრებით ეს ეხებათ უცხოელ მოთამაშეებს. გასაკვირი არ არის, რომ NBA-ის ისტორიაში 25 ყველაზე შედეგიანი კალათბურთელის სიაში ასეთი მხოლოდ ორია - ნოვიცკი და ოლაჯუონი.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჰაკიმი მართალია ნიგერიაში დაიბადა, მაგრამ ოლიმპიადის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, თეორიულად ბევრ შესანიშნავ მოთამაშეს შეეძლო ამ დუეტის შედეგის გამეორება ან მასთან მიახლოება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლეს ამის გაკეთება.

ვის შეეძლო რეკორდის დამყარება?
კიდევ ერთხელ დრაჟენ პეტროვიჩის ტრაგიკული ისტორიის გამეორება არ ღირს. უმჯობესია გავიხსენოთ მოთამაშე, რომელიც, თავის დროზე, ხორვატს მოედანზე შეხვედრია. ლაპარაკია პანამელ მცველ როლანდო ბლეკმენზე, რომლის ბიოგრაფია ჰგავს დირკ ნოვიცკის ბიოგრაფიას. შორეულ 1981 წელს "დალასმა" მცველი დრაფტზე მეცხრე ნომრად აირჩია.

ათწლეულზე მეტი ის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყო და საკლუბო რეკორდიც კი დაამყარა ქულების რაოდენობით, რომელიც შემდეგ ნოვიცკიმ გააუმჯობესა. შესაძლოა, ბლეკმენს არც დაეთმო ეს რეკორდი, ერთ მშვენიერ დღეს "ნიუ იორკში" რომ არ გაეშვათ. ახალ პირობებში პანამელი მომენტალურად "გაფუჭდა" და მალე დაასრულა კარიერა 17 263 ქულის ნიშნულზე.

ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ნიჭიერმა კალათბურთელებმა ვერ დაასრულეს კარიერა ქულების დიდი რაოდენობით, ტრავმებია. ასე იყო მაგალითად კიკი ვანდევეგეს შემთხვევაში. ზედიზედ შვიდი სეზონის განმავლობაში დირკის თანამემამულე საშუალოდ 20-ზე მეტ ქულას აგროვებდა, "დენვერში" კი თითქმის 30 ქულას მიუახლოვდა. მაგრამ ზურგის ტრავმასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ხაზი გადაუსვა მცველის მონდომებას. იგივე ითქმის იაო მინზე, რომლის მუხლებმა ვერ გაუძლეს ცენტრის წონას და ჩინელმა მხოლოდ 486 მატჩი ჩაატარა.

ტრავმებმა გააწამეს NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი პეჟა სტოიაკოვიჩი. თუ "საკრამენტოში" ის სტაბილურად აგდებდა სამქულიანების 40 პროცენტს და ერთხელ სეზონის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა, "ინდიანაში" გადასვლის შემდეგ მკვეთრი ვარდნა ჰქონდა, რასაც დაემატა ტრავმა და მოედანზე როლის დაქვეითება "ნიუ ორლეანში". ამას მოჰყვა სამუშაოს ადგილის ძიება ლიგაში და... საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება "დალასის" შემადგენლობაში. თუმცა მხოლოდ რეზერვისტის სტატუსით.

თეორიულად დირკთან გაბრძოლება შეეძლო მის ძველ მეგობარს სტივ ნეშს, მაგრამ ჯერერთი, კანადელი მთელი ოთხი წელი იბრძოდა სასტარტო ხუთეულში ადგილისთვის, გარდა ამისა, ზურგის ტრავმამ გაუფუჭა არაერთი სეზონი. მესამე მიზეზი ის არის, რომ კანადელი მცველი არასოდეს მისდევდა პირად მიღწევებს და მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ტყორცნა ჰქონდა, პასების დარიგება ერჩივნა შეტევების დასრულებას.

ვის შეუძლია რეკორდის დამხობა?
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც პირად მიღწევებს მსხვერპლად სწირავს გუნდს - ტონი პარკერი გახლავთ. სწორედ ის უფროს გასოლთან ერთად ყველაზე ახლოს მივიდა ნოვიცკისთან მოქმედ კალათბურთელებს შორის. მაგრამ ფრანგ მცველს ძალიან დაბალი შანსი აქვს ოდესღაც უკან ჩამოიტოვოს გერმანელი ფორვარდი. ამ მომენტისთვის კალათბურთელებს შორის სხვაობა 10 ათას ქულას აჭარბებს. ასეთი სხვაობის მიზეზი ბევრი არსებობს.

პარკერს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ტიმ დანკანისა და სხვა დიდი შემსრულებლების გვერდით მოუწია თამაში და გუნდური ქულები მათ შორის ნაწილდებოდა. თანაც ცნობილია, რომ გრეგ პოპოვიჩს უყვარს თავისი ლიდერების დასვენება და ტონი ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. "ვიცი, რომ სტატისტიკის მხრივ გაგიფუჭეთ კარიერა და მინდა ამისთვის ბოდიში მოგიხადოთ", - ასე მიმართა ამასწინ მწვრთნელმა თავის ვარსკვლავურ ტრიოს.

იმათ შორის, ვინც კარიერის ზენიტში იმყოფება, სავარაუდოდ, ვერც ერთი ვერ შეძლებს დირკისთვის კონკურენციის გაწევას. თუ, რა თქმა უნდა, უფროსი გასოლი არ გაახალგაზრდავდება ან ლუოლ დენგი არ ითამაშებს 40 წლის ასაკამდე.

ამიტომაც მზერა ახალგაზრდა შემსრულებლებს უნდა მივაპყროთ. მაგალითად, კაირი ირვინგს, რომელიც აშშ-ის ნაკრების წევრია, მაგრამ ავსტრალიაშია დაბადებული. ზედიზედ მესამე სეზონია "კლივლენდის" გამთამაშებელი საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აგროვებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უკვე 19 წლის ასაკში ის მთავარ როლებზე აღმოჩნდა "კავალიერზში".

მაგრამ ნოვიცკის რეკორდის გაუმჯობესების გზაზე სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს პლეიმეიკერის ხშირი ტრავმები. პირველ სამ რეგულარულ ჩემპიონატში ირვინგმა დაახლოებით 50 მატჩი გამოტოვა - ეს კი ძალიან ბევრია მოთამაშისთვის, რომელსაც ნოვიცკის რეკორდის გაუმჯობესების იმედი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა გაგიკვირდებატ და ცქიტიშვილს და ნოვიცხის ერთნაირი პრესა ქონდათ დრაფტის დროს და ერთნაირ შეფასებას აძლევდნენ ამათ ნიჭს. უბრალოდ ის გერმანელია და ბოლომდე მოინდომა ჩვენი კი გურჯია თან ვაკელი და ხო უნდა ეზარმაცა
ფგფ
01:55 24-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული