NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ფილადელფია" ანტიგუნდია

AutoSharing Option
"ფილადელფიამ" მაინც მოახერხა ახალი საკლუბო ანტირეკორდის დამყარება - სეზონის სტარტზე ზედიზედ 16 მატჩი წააგო.

"სიქსერზი" ამ სეზონში მეორედ დამარცხდა "დალასთან", ოღონდ, ამჯერად, არა 53 ქულით, როგორც ეს ტექსასში მოხდა, არამედ შვიდით. "ფილადელფიამ" სერიოზული ბრძოლაც კი გაუმართა მეტოქეს, რომელიც დირკ ნოვიცკის გარეშე თამაშობდა - ვეტერან გერმანელს დასვენების საშუალება მისცეს.

თავად მასპინძლებს აკლდათ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ტონი როტენი. ყველა ელოდა, რომ "სიქსერზი" ამჯერადაც განადგურდებოდა, მაგრამ ყველაფერი ბოლო მეოთხედში გაირკვა, როცა მასპინძელმა ცოტა ხნით დაკარგა თამაშზე კონტროლი და მეტოქის მინი-სპურტი გამოეპარა. "დალასმა" ამის
წყალობით ათქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ამის შემდეგ, "ფილადელფია" ოთხ ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა მეტოქესთან.

"სიქსერზმა" მეტოქე ფარქვეშ ბრძოლაში დაჯაბნა, მაგრამ გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდა 24 შეცდომა.

ფილადელფია-დალასი 103:110
26:28, 25:30, 35:32, 17:20
ფ: მაკდანიელსი (21+13 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (18+10 მოხსნა+16 პასი), შვედი (18+5 პასი), სიმსი (13), ნოელი (10+9 მოხსნა), ტომპსონი (10).
დ: ჩენდლერი (20+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), ელისი (18+5 პასი+3 ჩაჭრა), პარსონსი (17+6 მოხსნა+6 პასი), ჰარისი (15), ვილანუევა (11), ჯეფერსონი (10).

* * *
"ვაშინგტონმა" ამ სეზონში ყველაზე ცუდად ითამაშა შეტევაში, მაგრამ მაინც შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია. "ნიუ ორლეანმა" მიმდინარე რეგულარულში პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ ენტონი დევისმა 30 ქულა დააგროვა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში დედაქალაქელები წინ იყვნენ და მესამე მეოთხედში რვა ქულითაც მოახერხეს წინ გასვლა, მაგრამ მეოთხე 12-წუთეულში ლუიზიანელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს. დევისმა შვიდქულიანი სოლო-გაქცევა მოახერხა და სტუმრები ერთი ქულით დაწინაურდნენ.

მაგრამ "პელიკანსის" ამ მონდომებას ხაზი გადაუსვა პოლ პირსმა, რომელმაც ჯერ ორქულიანი, შემდეგ კი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში. საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე დევისმა ჩამორჩენა სამ ქულამდე შეაცირა, მაგრამ ბოლო ტყორცნა რატომღაც ევანსმა შეასრულა, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში 15-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო.

ვაშინგტონი-ნიუ ორლეანი 83:80
23:18, 17:18, 25:21, 18:23
ვ: გორტატი (24+13 მოხსნა+4 დაფარება), ბილი (12), უოლი (11+7 პასი+3 ჩაჭრა), პირსი (10+3 დაფარება), ჰემფრიზი (8+11 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (30+13 მოხსნა), ჰოლიდეი (17+7 მოხსნა), ანდერსონი (11+6 მოხსნა).

* * *
ცუდად მისდის საქმეები "შარლოტ ჰორნეტსს". რობინსონის გუნდმა უკვე ზედიზედ მეცხრე მატჩი წააგო. "ატლანტამ" ნაწილებად დაშალა მეტოქე, რითაც ზედიზედ მეორე და ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო. ყოველ მეოთხედში მასპინძლების უპირატესობა იზრდებოდა და დიდი შესვენებისთვის მატჩს ყოველგვარი ინტრიგა ჰქონდა დაკარგული, რადგან სხვაობა 44 ქულას შეადგენდა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 28 ქულა ჩააგდეს, უოკერმა და სტივენსონმა კი ერთად მთელი მატჩის განმავლობაში 10 ქულას მოუყარეს თავი. კიდ-გილკრისტის ტრავმის შემდეგ "შარლოტმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო. ეს ფორვარდი ამ კვირას უნდა დაბრუნდეს მოედანზე და იქნებ, "ჰორნეტსის" თამაშში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ატლანტა-შარლოტი 105:75
28:17, 36:11, 20:23, 21:24
ა: მილსეპი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), სკოტი (14), კორვერი (12), შრედერი (12), ჰორფორდი (11), კეროლი (10), ტიგი (6+10 პასი).
შ: ჰეირსტონი (15), ჰენდერსონი (14), ჯეფერსონი (11), პარგო (10), ბიიომბო (7+11 მოხსნა).

* * *
ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ "კლივლენდმა" მიჯრით მესამე მატჩი მოიგო. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა პირველივე წამებიდან გაარღვია მეტოქის დაცვა და "ინდიანა" უშანსოდ ჩანდა. კევინ ლავმა პირველ მეოთხედში 16 ქულა დააგროვა, ანგარიშში სხვაობამ კი 20 ქულას მიაღწია. თუმცა "პეისერსის" დამრიგებელმა ფოგელმა თავის შეგირდებს ტემპის დაგდება უბრძანა და დიდი შესვენებისთვის სხვაობა სამ ქულამდე დავიდა.

თითქოს შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნდა, მაგრამ მესამე მეოთხედში საქმეში ჩაერთო ლებრონ ჯეიმსი. თუ პირველ ტაიმში მან 9 ქულა დააგროვა, მესამე მეოთხედში ერთბაშად 11 ქულა აიღო და თავის გუნდს 15:5 გაქცევაში დაეხმარა. მასპინძლებს ეს კომფორტული უპირატესობა მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან.

კლივლენდი-ინდიანა 109:97
29:21, 23:28, 35:22, 22:26
კ: ლავი (28+10 მოხსნა), ირვინგი (24+10 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჯეიმსი (19+7 პასი), ტომპსონი (13+11 მოხსნა).
ი: უესტი (14+6 მოხსნა), ს. ჰილი (13), კოუპლენდი (11), ალენი (10+8 მოხსნა), სკოლა (10), მაინმი (7+10 მოხსნა).

* * *
"კლივლენდის" გარდა, "კლიპერსიც" ასწორებს თამაშს. დოკ რივერსის შეგირდებმა შვიდმატჩიანი გასვლითი სერია ექვსი მოგებით დაასრულეს, თანაც ბოლო ოთხი ზედიზედ მოიგეს. ლოსანჯელესთა მსხვერპლი გახდა "იუტა", რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო.

ბლეიკ გრიფინმა დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ არის სეზონის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე. ამჯერად, მის ანგარიშზე 28 ქულა მოდის. "ჯაზმენებს" გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონიათ. ემოციური მუხტის წყალობით სტუმრები მეოთხე მეოთხედში 12 ქულამდე მიუახლოვდნენ მეტოქეს, მაგრამ რედიკმა და კროუფორდმა მალე ჩაახშეს "იუტას" აქტივობა, როცა თითო სამქულიანი მოათავსეს მის კალათში.

იუტა-კლიპერსი 96:112
18:35, 32:27, 26:28, 20:22
ი: ჰეივორდი (30), ფეივორსი (19+7 მოხსნა), ბუკერი (15+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბერკსი (12).
კ: გრიფინი (28+6 მოხსნა), კროუფორდი (22), პოლი (17+10 პასი), რედიკი (13), ფარმარი (10), ჯორდანი (8+12 მოხსნა+3 დაფარება).

* * *
"ჰიუსტონი" აგრძელებს სტუმრად შთამბეჭდავ გამოსვლას. "რაკეტებმა" ცხრიდან მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს, ამჯერად კი "მილუოკის" წინააღმდეგობა დაძლიეს, რომელსაც ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

მატჩის გმირი აღმოჩნდა ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც მესამე მეოთხედის ბოლო 17 ქულა თავის ანგარიშზე ჩაიწერა. სწორედ ეს სათამაშო მონაკვეთი გახდა გადამწყვეტი მატჩში, რადგან ჩამოყალიბდა სტუმრების 13-ქულიანი უპირატესობა. მეოთხე 12-წუთეულში კიდის შეგირდებმა ვერ მოუნახეს გასაღები "ჰიუსტონის" დაცვას და "როკეტსს" არ გასჭირვებია ორქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება.

სტუმრებმა ისევ სასტარტო ხუთეულის სამი წევრის გარეშე ითამაშეს. არ იყვნენ მოედანზე ჰოვარდი, ჯონსი და კენენი. ეს უკანასკნელი ძირითადში ჯეისონ ტერიმ შეცვალა. 37 წლის ვეტერანმა თავი არ შეირცხვინა და 18 ქულა დააგროვა.

მილუოკი-ჰიუსტონი 103:117
23:28, 23:25, 26:32, 31:32
მ: პარკერი (19+9 მოხსნა+5 პასი), ილიასოვა (18), ანტენტოკუნმპო (17+7 მოხსნა), ნაითი (12), სანდერსი (11+3 დაფარება), მიდლტონი (11).
ჰ: ჰარდენი (34+6 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), მოტეიუნასი (20+6 მოხსნა), ტერი (18+6 მოხსნა+5 პასი), არიზა (14+10 მოხსნა), პაპანიკოლაუ (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული