მასპინძლებმა მოახერხეს კევინ დურანტისა და რასელ უესტბრუკის შეჩერება, რომლებიც 20 ქულამდეც ვერ ავიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში ერთი სამქულიანიც ვერ ჩააგდეს, მაგრამ შეცდომებმა და სტუმრების ტოტალურმა უპირატესობამ სროლებში თავისი სიტყვა თქვა.
"მაიამი" ლიგის უარესი გუნდია შესრულებული ტყორცნების რაოდენობით. ამჯერად, "ჰიტის" ანგარიშზე 68 სროლა იყო მეტოქის 92-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, "ოკლაჰომამ" სამწამიანშიც იბატონა (მოხსნებში ანგარიში იყო 54:36), ხოლო "ჰიტის" 21 შეცდომა სტუმრების 22 ქულად გარდაიქმნა.
მეოთხე მეოთხედამდე "მაიამი" არ აძლევდა "ოკლაჰომას" სოლიდური უპირატესობის მოპოვების საშუალებას. "თანდერის" ყოველ მინი-გაქცევაზე მეტოქე პასუხს არ აგვიანებდა. მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე სტუმრებმა მორიგი 7:0 სპურტი მოაწყვეს და სხვაობა ცხრა ქულამდე გაიზარდა.
მაგრამ უეიდმა, რომელმაც მატჩში რვიდან რვა სამქულიანი ააცილა, კოულმა და ანდერსონმა შეძლეს ჩამორჩენის ორ ქულამდე დაყვანა, თუმცა ამას მოჰყვა გაქცევა, რომლის შემდეგაც მასპინძლებს დანებება მოუწიათ. ბოლო სპურტის ანგარიში 11:3 იყო და ამის შემდეგ გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
"ოკლაჰომამ" სტუმრად მეორე და ჯამში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და სეზონში პირველად გადასცდა მოგება/წაგების 50-პროცენტიან მაჩვენებელს.
მაიამი-ოკლაჰომა 86:94
27:24, 23:25, 17:23, 19:22
მ: უეიდი (18+6 პასი), ბოში (16+7 მოხსსნა), უაიტსაიდი (10).
ო: უესტბრუკი (19+10 მოხსნა+6 პასი), დურანტი (19+8 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), ჯექსონი (16), მოროუ (12), ს. ადამსი (10).
* * *
"დენვერ ნაგეტსმა" გააგრძელა თავისი წარუმატებელი სერია. "ნაგეტსმა" ზედიზედ მეხუთედ წააგო "სან ანტონიოსთან", რომელმაც, თავის მხრივ, ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიმარჯვა და აქედან სამჯერ კავაი ლეონარდის დაბრუნების შემდეგ. NBA-ს ფინალური სერიის MVP ისევ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადამწყვეტ სპურტში; აგრეთვე, 15 მოხსნა მიითვალა.
"დენვერი", რომელიც ბოლო ორი დღეში მეორე მატჩს ატარებდა, მესამე მეოთხედის შუამდე უძალიანდებოდა ჩემპიონს. სტუმრებმა შვიდი უპასუხო ქულა აიღეს, მაგრამ იქვე მიიღეს პასუხი და ანგარიში გახდა 80:76.
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ტიმ დანკანმა ორქულიანი ჩააგდო ("სპურსის" ლეგენდამ თექვსმეტივე ქულა მატჩში მეორე ტაიმში დააგროვა), შემდეგ ლეონარდმა და დიაომ ზედიზედ სამჯერ ზუსტად ისროლეს სამქულიანი. სტუმრების უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა. მართალია, "დენვერმა" შეძლო სხვაობის რვა ქულამდე შემცირება, მაგრამ იქვე ტონი პარკერმა შორიდან გაისროლა და მალე ამას ორქულიანიც დაუმატა.
მატჩის დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა, მაგრამ კრიზისში მყოფი "დენვერი" 11-ქულიანი ჩამორჩენის გამბათილებელი აღარ იყო.
დენვერი-სან ანტონიო 99:109
20:20, 28:31, 28:29, 23:29
დ: ფარიდი (26+14 მოხსნა), აფლალო (21+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (11), ნურკიჩი (10+9 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (18+7 პასი), ლეონარდი (17+15 მოხსნა), დანკანი (16), ბეინსი (15), დიაო (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"