როგორც Yahoo! Sports-ი იტყობინება, 13 თებერვალს მოედანზე გავლენ იანის ანტეტოკუნმპო ("მილუოკი"), მეისონ პლამლი ("ბრუკლინი"), ვიქტორ ოლადიპო ("ორლანდო") და ზაკ ლავინი ("მინესოტა").
თითოეული კალათბურთელისთვის ეს იქნება სლემ-დანკის კონკურსში სადებიუტო მონაწილეობა. ჯერჯერობით კონკურსის ფორმატი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩატენვებში კონფერენციების მიხედვით ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული გახდა "ვაშინგტონის" გამთამაშებელი ჯონ უოლი, რომელმაც ფინალში აჯობა "საკრამენტოს" მცველ ბენ მაკლემორს.
* * *
წელს "ოლ სტარზე" საინტერესო ფორმატი ექნება ამომავალ ვარსკვლავთა მატჩს. მასში კვლავინდებურად ითამაშებენ ლიგის ახალბედები
თითოეულ გუნდში 10-10 მოთამაშე იქნება და აქედან მინიმუმ სამი კალათბურთელი ამ სეზონის დებიუტანტი უნდა იყოს. მათ გუნდების მწვრთნელები აირჩევენ.
* * *
ასევე გაირკვა, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" აღმოსავლეთ კონფერენციის მთავარი მწვრთნელი იქნება "ატლანტას" დამრიგებელი მაიკ ბუდენჰოლცერი. გუშინ, "ინდიანასთან" მატჩის მოგების შემდეგ "ჰოქსმა" მომავალ თვემდე გაინაღდა პირველი ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში, ლიგის წესების მიხედვით კი, კონფერენციის ნაკრები პირველი თებერვლისთვის ლიდერი გუნდის თავკაცმა უნდა გაწვრთნას.
ბუდნეჰოლცერი "ატლანტას" პირველი მწვრთნელი იქნება "ყველა ვარსკვლავის მატჩში" 1993-94 წლების სეზონის შემდეგ, როცა ასეთივე პატივი ერგო ლენი უილკენსს.
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელი იქნება "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"