NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ხარებმა" "მეომრები" შეაჩერეს

AutoSharing Option
"ჩიკაგოსთან" მატჩის წინ "გოლდენ სტეიტს" საკუთარ მოედანზე 19-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

თავის მხრივ, "ჩიკაგო" "დალასთან" და "სან ანტონიოსთან" ამასწინანდელი მოგებებით იწონებდა თავს, რამაც ჩააცხრო ჭორები "ბულზის" მთავარი მწვრთნელის, ტომ ტიბოდოს სავარაუდო გადაყენების შესახებ. გუშინ ორივე გუნდმა უმაღლესი კლასი აჩვენა და მივიღეთ მიმდინარე რეგულარულის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი.

თავდაპირველად, "გოლდენ სტეიტის" შეტევამ ყველაფერი დაჩრდილა და მეორე მეოთხედის შუა ნაწილისთვის კალიფორნიელები ათი ქულით დაწინაურდნენ. ამის საპასუხოდ, "ჩიკაგომ" 10:0 გაქცევა მოაწყო, რომლის დროსაც ნიკოლა მიროტიჩმა 6 ქულა დააგროვა. ამის შემდეგ გუნდები ქულა-ქულაში მიდიოდნენ.

"მეომრებს"
გაქცევის მეორე მცდელობა ბოლო მეოთხედის დასაწყისში ჰქონდათ და როგორც კი მასპინძლებმა ორნიშნა უპირატესობა მოიპოვეს, "ჩიკაგომ" მაშინვე 7-ქულიანი სპურტი შეასრულა. "ხარებს" ორი ფაქტორი შველოდა: წინა ხაზის ბრწყინვალე თამაში - გასოლმა, ნოამ, გიბსონმა და მიროტიჩმა 47 მოხსნა შეასრულეს, რაც ერთით ნაკლები იყო მთლიანად "გოლდენ სტეიტის" მონაგარზე; მეორე ფაქტორი იყო როუზის აქტიური მოქმედება - გამთამაშებელმა 33 ქულის მოგროვება შეძლო, მაგრამ ხანდახან 2011 წლის MVP ზედმეტად ერთობოდა და ამიტომაც 11 შეცდომასა და მხოლოდ ერთ შედეგიან პასს მოუყარა თავი.

თუმცა ეს ერთადერთი შედეგიანი პასი როუზმა ყველაზე საჭირო დროს შეასრულა. "ხარებმა" მოახერხეს სტივენ კარის შებოჭვა და მისთვის ბურთის წართმევა. ბურთი როუზმა მიიღო, რომელმაც ნაცნობი მოძრაობა გააკეთა ფარისკენ, მაგრამ შემდეგ პერიმეტრზე აბსოლუტურად მარტო დარჩენილ ჰაინრიხს მიაწოდა. მან "ბულზი" წინ გაიყვანა ძირითადი დროის დასრულებამდე 15.8 წამით ადრე, მაგრამ ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საპასუხო შეტევაში იგუოდალამ, მართალია, ააცილა, მაგრამ 201 სანტიმეტრი სიმაღლის დრეიმონდ გრინმა ფარქვეშ ნოასა და გასოლს აჯობა და მეორე ცდიდან ჩააგდო. ოკლენდის პუბლიკას თამაშის ოვერტაიმში გაგრძელება ელოდა.

აქაც დაძაბულობა ბოლომდე შენარჩუნდა. "ხარები" და "მეომრები" თითოჯერ გავიდნენ წინ და ბოლო წუთი თანაბარი ანგარიშით დაიწყო. სტატუს-კვო როუზმა დაარღვია, რომელიც არ შეუშინდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. არადა, იმ მომენტისთვის 20 აცილებული ბურთი დაუგროვდა. მისი საშუალო ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.

"ჩიკაგომ" მოიგო და ინარჩუნებს მეოთხე ადგილს აღმოსავლეთში. უნდა აღინიშნოს, რომ "უორიორზთან" მატჩში "ხარებს" აშკარად გაუმართლათ, რადგან მეორე ტაიმსა და ოვერტაიმში "გოლდენ სტეიტის" ცამეტივე სამქულიანი მიზანს ასცდა.

* * *
დეტროიტში ბრენდონ ჯენინგსის გარეშე დარჩენილი "პისტონზი" ფორმაში შესულ "კლივლენდს" მასპინძლობდა. წინა შეხვედრაში ტრავმირებული გამთამაშებელი კარგად შეცვალა დი ჯეი ოგასტინმა, რომელმაც 35 ქულა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია. ერთი წლის წინ ოგასტინმა ასევე წარმატებით ჩაანაცვლა "ჩიკაგოში" მწყობრიდან გამოსული როუზი.

მაგრამ "კლივლენდმა" შეძლო ოგასტინის ნაწილობრივ შეჩერება - მცველმა 19 ქულა და 9 პასი მიითვალა, თუმცა ეს არაფერი იყო იმ 70 ქულის ფონზე, რომელიც ერთად დააგროვეს კაირი ირვინგმა და ლებრონ ჯეიმსმა.

"კლივლენდმა" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ლებრონმა კი მიანიშნა ყველას, რომ ის MVP-ის ტიტულის არანაკლები კანდიდატია, ვიდრე ჯეიმს ჰარდენი ან კარი. ბოლო შვიდ მატჩში "მეფის" საშუალო შედეგიანობა 30 ქულას აჭარბებს.

ინდიანა-ტორონტო 91:104
28:21, 16:29, 24:27, 23:27
ი: სტაკი (22+7 მოხსნა), ს. ჰილი (15), დ. ჰილი (13), ჰიბერტი (11+9 მოხსნა), უესტი (11+8 მოხსნა+5 პასი).
ტ: დეროზანი (24+6 მოხსნა), ლაური (19+8 პასი+7 მოხსნა), უილიამსი (14), პატერსონი (13), როსი (11+6 მოხსნა).

დეტროიტი-კლივლენდი 95:103
19:17, 20:30, 25:28, 31:28
დ: ოგასტინი (19+9 პასი), მონრო (17+12 მოხსნა), ტოლივერი (16), დრამონდი (12+17 მოხსნა+6 დაფარება), კოლდუელ-პოუპი (11), მიქსი (11).
კ: ირვინგი (38+6 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (32+7 პასი+6 მოხსნა), ტომპსონი (4+12 მოხსნა).

დალასი-მემფისი 90:109
24:24, 20:30, 28:32, 18:23
დ: პარსონსი (19), ელისი (19), ნოვიცკი (11), ჩენდლერი (10).
მ: რენდოლფი (22+10 მოხსნა), მ. გასოლი (15+6 პასი), ლი (13), კალატესი (13), კარტერი (12).

ლეიკერსი-ვაშინგტონი 92:98
31:24, 26:22, 19:29, 16:23
ლ: ელინგტონი (28+3 ჩაჭრა), კლარკსონი (18), დევისი (14), ჰილი (8+11 მოხსნა).
ვ: უოლი (21+13 პასი+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბილი (19), პორტერი (12), გორტატი (11+7 მოხსნა), ჰემფრიზი (8+11 მოხსნა).

გ. სტეიტი-ჩიკაგო 111:113 (ო)
35:29, 21:22, 25:28, 26:28, 4:6
გ-ს: ტომპსონი (30+10 მოხსნა), ლი (24+9 მოხსნა+6 პასი), კარი (21+9 პასი+3 ჩაჭრა), ბარნსი (12), სპეიტსი (10+8 მოხსნა), გრინი (10+9 მოხსნა+6 პასი).
ჩ: როუზი (30+7 მოხსნა), პ. გასოლი (18+16 მოხსნა+8 პასი+4 დაფარება), ნოა (18+15 მოხსნა+6 პასი), მიროტიჩი (12+7 მოხსნა), გიბსონი (10+9 მოხსნა), ბრუქსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული