დუეინ უეიდი ვარსკვლავებს მიღმა დარჩა

AutoSharing Option
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი ვერ შეძლებს ტრავმის გამო "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის მიღებას, - წერია NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ უეიდს აღმოსავლეთის ნაკრებში შეცვლის "ატლანტა ჰოქსის" მცველი კაილ კორვერი. შესაბამისად, ეს უკანასკნელი "ჰოქსის" მეოთხე მოთამაშე იქნება, ვისაც "ოლ სტარის" მატჩში ვიხილავთ მოედანზე. მანამდე აღმოსავლეთის ნაკრებში მიიწვიეს - პოლ მილსეპი, ჯეფ ტიგი და ელ ჰორფორდი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კაილ კორვერი დაასახელეს "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სამქულიანების კონკურსის მონაწილედ. მიმდინარე სეზონში ეს მცველი საშუალოდ 12.9 ქულას,
4.3 მოხსნასა და 2.7 შედეგიან პასს აგროვებს.

* * *
გუშინ "საკრამენტოსთან" მატჩში მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო "ჩიკაგო ბულზის" მცველმა ჯიმი ბატლერმა. კალათბურთელმა პირველ ტაიმში ითამაშა და შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. უახლოეს ხანში ბატლერს სამედიცინო შემოწმება ელოდება, რის შემდეგაც დადგინდება ტრავმის ხარისხი. ასეა თუ ისე, ეჭვქვეშ დადგა 25 წლის მოთამაშის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის საკითხი.

* * *
იმავე საფრთხის წინაშეა "ნიუ ორლეანის" ლიდერი ენტონი დევისი, რომელსაც ასევე მხრის ტრავმა აწუხებს. მისი ბედი გუშინ, "ინდიანასთან" მატჩის წინ უნდა გარკვეულიყო. შეგახსენებთ, რომ ბიგმენმა დაზიანება "ჩიკაგოსთან" ორი დღის წინანდელი მატჩის დროს დაცემისას მიიღო.

* * *
და კიდევ ერთი ინფორმაცია მომავალი "ყველა ვარსკვლავის უქმეებიდან". კერძოდ, "ჰიუსტონის" გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი შეცვლის "ვაშინგტონის" ლიდერ ჯონ უოლს "ოსტატობის კონკურსში".

უოლის უარის მიზეზზე NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი არაფერს წერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული