NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნოვიცკის 28 ათასი

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" 36 წლის ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ "ოკლაჰომას" წინააღმდეგ 18 ქულა დააგროვა და თავისი კარიერული მონაგარი 28 ქულამდე აიყვანა. ამ მომენტისთვის გერმანელის ანგარიშზე 28 004 ქულა მოდის.

ნოვიცკი ამ მაჩვენებლით მეშვიდეა ლიგის ისტორიაში. მასზე წინ არიან:

ქარიმ აბდულ ჯაბარი 38 387
კარლ მელოუნი 32 482
კობი ბრაიანტი 32 482
მაიკლ ჯორდანი 32 292
უილტ ჩემბერლენი 31 419
შაკილ ო'ნილი 28 596

შეგახსენებთ, რომ დირკ ნოვიცკი მე-17 სეზონს ატარებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.

ჰარდენის მეორე 50-იანი
"ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა, რომელიც ამ სეზონში MVP-ის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი მაძიებელია,
"საკრამენტოსთან" მოგებულ შეხვედრაში შედეგიანობის პირადი რეკორდი განაახლა. მცველმა მოედანზე 38 წუთი გაატარა, რომლის დროსაც 51 ქულა დააგროვა (25-დან 16 ზუსტი ტყორცნა თამაშიდან). წინა რეკორდი ჰარდენმა ცოტა ხნის წინ, "დენვერთან" მატჩში შეასრულა, როცა 50 ქულა ჩაუგდო მეტოქეს.

ასე რომ, ჰარდენი პირველი კალათბურთელი გახდა "ჰიუსტონის" ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში ორჯერ დააგროვა მინიმუმ 50 ქულა. გარდა ამისა, ჯეიმსი გახდა "როკეტსის" მხოლოდ მეოთხე კალათბურთელი, რომელმაც პროფესიულ კარიერაში ორჯერ მიაღწია 50-ქულიან ზღვარს. ადრე ასეთი მიღწევა ჰქონდათ დიდების დარბაზის წევრებს - ელვინ ჰეიესს, ჰაკიმ ოლაჟუონსა და მოზეს მელოუნს.

"სპურსი": ზედიზედ 18 პლეი ოფი

"სან ანტონიო სპურსმა" "ორლანდოს" დამარცხებით გაინაღდა პლეი ოფში თამაში. გრეგ პოპოვიჩის გუნდი ზედიზედ მეთვრამეტედ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

აღვნიშნავთ, რომ "მეჯიქზე" მოგება ზედიზედ მეხუთეა მოქმედი ჩემპიონისთვის და მე-15 (18 შესაძლებლიდან) "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ. ამ მომენტისთვის "სან ანტონიო" მეექვსე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში 49 მოგებითა და 26 წაგებით და სულ მცირედით ჩამორჩება "ლოს ანჯელეს კლიპერსსა" და "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსს".

* * *
"ორლანდოსთან" მატჩი გამორჩეული იყო "სპურსის" ვეტერანი ფორვარდისთვის, ტიმ დანკანისთვის. მას პროფესიულ კარიერაში 10 ათასი ზუსტი ორქულიანი დაუგროვდა. "სან ანტონიოს" ლეგენდა მე-11 კალათბურთელი გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

მოქმედ კალათბურთელებს შორის ზუსტი ორქულიანებით დანკანს მხოლოდ "მინესოტას" ფორვარდი კევინ გარნეტი უსწრებს, რომლის ანგარიშზე 10 277 ზუსტი ტყორცნა მოდის.

რეკორდსმენი კი, ამ მაჩვენებლით, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარული ცენტრი ქარიმ აბდულ-ჯაბარია, რომელმაც ლიგაში გატარებულ 20 სეზონში 15 836 ორქულიანი ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული