NBA: რიკი რუბიომ სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
- "მინესოტას" გამთამაშებელი რიკი რუბიო გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს ფეხის ქრონიკული ტრავმის გამო. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა, რომელიც მოედანზე თებერვალში დაბრუნდა, რეგულარული ჩემპიონატის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. დაზიანება რუბიოს ისევ აწუხებს, ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა დარჩენილი მატჩებიდან პირენეელი, მით უმეტეს, რომ "მინესოტას" პლეი ოფის თეორიული შანსიც აღარ დარჩა.

- ასევე ვეღარ ვიხილავთ ამ სეზონში მოედანზე "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველ ნიკ იანგს. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა გამოტოვა კალიფორნიული კლუბის ბოლო 20 მატჩი მარცხენა ფეხის მოტეხილობის გამო.

- "დალას მავერიქსის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ
ვერ მოახერხა "გოლდენ სტეიტთან" გუშინდელი მატჩის დასრულება. მიზეზი მარცხენა მუხლის ტრავმაა, რომელიც ექსბოსტონელმა "უორიორზის" ფორვარდ ჰარისონ ბარნსთან შეჯახებისას მიიღო. ჯერჯერობით უცნობია რონდოს დაბრუნების ზუსტი თარიღი.

- "სან ანტონიო სპურსის" ცენტრი ტიაგო სპლიტერი, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება თავის გუნდს უახლოეს მატჩებში. ბრაზილიელს პრობლემები აქვს მარჯვენა ფეხთან დაკავშირებით, რომელიც "დენვერთან" ამასწინანდელ მატჩში დაიზიანა. უახლოეს დღეებში სამხრეთამერიკელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დადგინდება მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი.

- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოავლინა მარტის საუკეთესო მოთამაშეები. აღმოსავლეთიდან ეს არის "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც გასულ თვეში ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა - 24.7 ქულა, 7.3 შედეგიანი პასი, 6.3 მოხსნა და 1.7 ჩაჭრა.

დასავლეთ კონფერენციაში, პრაქტიკულად, კონკურენტი არ ჰყავდა "ოკლაჰომა-სიტის" გამთამაშებელ რასელ უესტბრუკს. მან მარტში 30.9 ქულა, 10.2 შედეგიანი პასი, 8.5 მოხსნა და 2.5 ჩაჭრა დააგროვა და ოთხი სამმაგი დუბლი შეასრულა.

- "ატლანტას" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ "სპურსის" ექსფორვარდთან, ოსტინ დეისთან. შეგახსენებთ, რომ დეი "ჰოქსში" 15 მარტს გადავიდა, როცა ზედიზედ ორი 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის მოთამაშის ანგარიშზე ამ რეგულარულში ხუთი მატჩია "ატლანტას" მაისურით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული