NBA. ბუდენჰოლცერი საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
სეზონის მეორე ლაურეატი გახდა "ატლანტა ჰოქსის" დამრიგებელი მაიკ ბუდენჰოლცერი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში კალათბურთზე მომუშავე 130-მა ჟურნალისტმა გამოკითხვის შედეგად ეს სპეციალისტი 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ბუდენჰოლცერმა გამოკითხვაში 67 პირველი ადგილი და ჯამში, 513 ქულა დაიმსახურა. სულ ოდნავ ჩამორჩა მას რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის, "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი (471 ქულა).

"ატლანტამ" წლევანდელ რეგულარულში 60 მატჩი მოიგო, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. წინა რეკორდი 57 მოგებას უდრიდა (1986-87 და 1993-94 წლების სეზონებში). ამის წყალობით გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა
მოიგო, არადა, შარშან რეგულარული სეზონი 38 მოგებით დაასრულა.

"ატლანტა" კარგად იყო დაბალანსებული შეტევასა და დაცვაში. შეტევის რეიტინგში ის მეექვსე იყო ლიგაში, დაცვაში - მეშვიდე. ექვს კალათბურთელს ჰქონდა საშუალო შედეგიანობა 10 ქულაზე მეტი, მაგრამ საშუალო 17 ქულაზე ზემოთ არც ერთი ასულა. "ჰოქსმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა 818 ჩაგდებული სამქულიანით, მეორე იყო ლიგაში პასების რაოდენობით (25.7) და ტოპ-ხუთეულში შევიდა თამაშიდან ჩაგდებული ბურთების პროცენტით (მეოთხე), სამქულიანების რეალიზების პროცენტით (მეორე) და საჯარიმოების სიზუსტის პროცენტით (მეხუთე).

"ჰოქსმა" სეზონი 5 მოგებითა და 5 წაგებით გახსნა, რასაც მომდევნო 38 მატჩში 35 მოგება მოჰყვა. სწორედ ამ პერიოდში იყო 19-მატჩიანი მოგებათა სერია. იანვარში დაფიქსირებული შედეგი - 17 მოგება და 0 წაგება NBA-ს ახალი ისტორიაა. ასეთი კალენდარული თვე არც ერთ გუნდს არასოდეს ჰქონია.

გამოკითხვის შედეგები
1. მაიკ ბუდენჰოლცერი (ატლანტა) - 513; 2. სტივ კარი (გოლდენ სტეიტი) - 471; 3. ჯეისონ კიდი (მილუოკი) - 57; 4. ბრედ სტივენსი (ბოსტონი) - 50; 5. გრეგ პოპოვიჩი (სან ანტონიო) - 38; 6. კევინ მაკჰეილი (ჰიუსტონი) - 13; 7. ტომ ტიბოდო (ჩიკაგო) - 10; 8. ქუინ სნიდერი (იუტა) - 7; 9. დევიდ ბლატი (კლივლენდი) - 3; 10. დოკ რივერსი (კლიპერსი) - 2; 10. ტერი სტოტსი (პორტლენდი) - 2; 12. რიკ კარლაილი (დალასი) - 1; 12. დუეინ კეისი (ტორონტო) - 1; 12. ჯეფ ჰორნაჩეკი (ფინიქსი) - 1; 12. მონტი უილიამსი (ნიუ ორლეანი) - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასამართლიანია,ჩემი აზრით,სტივ კერის უფრო წკუთვნოდა
papa
15:26 22-04-2015
0

სიახლეები პოპულარული