NBA. პლეი ოფი: თრილერი ლოს ანჯელესში

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ რაუნდში ყველაზე საინტერესო და დაძაბული სერია "კლიპერსსა" და "სან ანტონიოს" შორის გამოდის. ნამდვილი თრილერი შემოგვთავაზეს ამ გუნდებმა გუშინ, სერიის მეორე შეხვედრაში.

პირველი მატჩის შემდეგ "სპურსის" კალათბურთელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საჭიროა უფრო ყურადღებით თამაში დაცვაში.

აშკარად ჩანდა, რომ ტექსასელებმა ამ მხრივ მართლაც მოუმატეს, მაგრამ შეტევაში სტაბილურობა აკლდათ. მჭიდრო თამაში მთელი სამი მეოთხედის განმავლობაში გრძელდებოდა. თითქმის სულ ანგარიში "სან ანტონიოს" მიჰყავდა, მაგრამ უპირატესობა შვიდ ქულას არ აჭარბებდა. მეორე მეოთხედში "კლიპერსმა" 8:0 გაქცევა შეძლო, მაგრამ იქვე მიიღო საპასუხო სპურტი
მარკო ბელინელისგან და კავაი ლეონარდისგან - 14:3. ამასობაში, "გაიღვიძეს" კრის პოლმა და ბლეიკ გრიფინმა და ისევ ქულა-ქულაში თამაში წავიდა.

მესამე მეოთხედის ბოლოს აქილევსის მყესი დაიზიანა ტონი პარკერმა და მის ნაცვლად ძალიან კარგად შევიდა მოედანზე პატი მილზი - მან ეს 12-წუთეული ორი შედეგიანი პასით დაასრულა.

მეოთხე მეოთხედის შუაში ლეონარდმა "სპურსის" 10-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა, რის შემდეგაც გრეგ პოპოვიჩის გუნდს ღრმა კრიზისი დაეწყო. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ტიმ დანკანი, ზედმეტი პერსონალურების გამო დატოვა მოედანი მანუ ჯინობილიმ. ლეონარდმა დანკანისგან მიიღო ესტაფეტა და ისიც გაუგებარ რამეებს სჩადიოდა. დარჩენილ დროში "სან ანტონიომ" მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო თამაშიდან.

"კლიპერსს" არ უჩვენებია განსაკუთრებული შედეგიანობა: რედიკმა სამქულიანი ვერ ჩააგდო, დეანდრე ჯორდანი წვალობდა საჯარიმოების შესრულებისას. სხვათა შორის, მასპინძლებმა საშინლად ისროლეს თავისუფალი ტყორცნები - 9/21 მეოთხე მეოთხედში. იშვიათია NBA-ში ისეთი შემთხვევა, როცა გუნდი ახერხებს 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებას თამაშიდან 26-პროცენტიანი სიზუსტით.

გადამწყვეტი შეცდომა გრიფინმა დაუშვა, რომელმაც უბრალოდ დაკარგა ბურთი სირენამდე 11 წამით ადრე, როცა მისი გუნდი ორი ქულით იყო წინ. მილსმა საპასუხო შეტევაში ფარქვეშ შესვლა სცადა. მართალია, ვერ ჩააგდო, მაგრამ ორი საჯარიმოს სროლის უფლება მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. კრის პოლს ჰქონდა შანსი, გამარჯვების ტყორცნა მოეთავსებინა კალათში, მაგრამ ააცილა, ხოლო გრიფინმა დამატება ვერ შეძლო. თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებით დროში სრული რეაბილიტაცია მოახდინა დანკანმა; ასევე შეუჩერებელი იყო მილსი. ამ უკანასკნელმა 17 ქულიდან რვა თავის ანგარიშზე მიითვალა, სულ კი 19 წუთში 18 ქულის მოპოვება შეძლო.

მატჩის შემდეგ გრიფინმა აღიარა, რომ ის არის დამნაშავე წაგებაში. ასეა თუ ისე, სან ანტონიოში მორიგი ორი საინტერესო შეხვედრა გველოდება და არ არის გამორიცხული, სერია შვიდ მატჩამდე გაიწელოს.

კლიპერსი-სან ანტონიო 107:111 (ო)
24:28, 23:24, 27:25, 20:17, 13:17
კ: გრიფინი (29+12 მოხსნა+11 პასი), პოლი (21+8 მოხსნა+7 პასი), ჯორდანი (20+15 მოხსნა+3 დაფარება), კროუფორდი (11), ბარნსი (4+10 მოხსნა).
ს-ა: დანკანი (28+11 მოხსნა), ლეონარდი (23+9 მოხსნა), მილსი (18), დიაო (12+9 მოხსნა+6 პასი).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული