გამოკითხვაში კორვერმა 2351 ქულა მიიღო და გაუსწრო "ნიუ ორლეანისა" და "ჩიკაგოს" მძიმე ფორვარდებს - ენტონი დევისსა და პაუ გასოლს. ტოპ-ექვსეულში აგრეთვე მოხვდნენ ნიკ კოლისონი ("ოკლაჰომა"), ამირ ჯონსონი ("ტორონტო") და ჯერემი ლინი ("ლეიკერსი").
მოედანზე ღირსეული საქციელისთვის პრიზი 1995-96 წლების სეზონიდან დააწესეს. ყველაზე ხშირად ეს ნომინაცია მოგებული აქვს გრანტ ჰილს (სამჯერ).
შარშან ჯო დუმარსის სახელობის პრიზი "მემფისის" გამთამაშებელმა მაიკ კონლიმ აიღო.
ჯერჯერობით არ დასახელებულა სეზონის საუკეთესო ახალბედას პრიზის მფლობელი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, გამარჯვებული "მინესოტას" ფორვარდი ენდრიუ უიგინსი გახდება. 20 წლის კანადელი "კლივლენდმა" დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია, მაგრამ ტრეიდით "მინესოტაში" გაუშვა.
უიგინსს რეგულარულ ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია და საშუალოდ 16.9 ქულა და 4.6 მოხსნა დააგროვა. ამასთან, ის სეზონის მსვლელობისას უმატებდა: პირველი იანვრის შემდეგ საშუალო შედეგიანობა 19.1 ქულამდე ავიდა, ბოლო 13 მატჩში კი 23.3 ქულა დააგროვა.
ამ ნომინაციაში უიგინსის კონკურენტები იყვნენ "ფილადელფიის" ცენტრი ნერლენს ნოელი, "ჩიკაგოს" მცველი ნიკოლა მიროტიჩი და "ორლანდოს" გამთამაშებელი ელფრიდ პეიტონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"