NBA: მარტო ლებრონი საკმარისი არ არის

AutoSharing Option
გუშინ ორი შეხვედრა გაიმართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში და ორივე მატჩში სტუმრებმა მოულოდნელ გამარჯვებას მიაღწიეს.

"კლივლენდ კავალიერზმა" ბოლო 24 საშინაო მატჩში მეორედ წააგო. დევიდ ბლატის გუნდს ძალიან დაეტყო კევინ ლავისა და ჯეი არ სმიტის არყოფნა. მართალია, სასტარტო ხუთეულში მოხვედრილმა იმან შამპერტმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ "კლივლენდი", ფაქტობრივად, რეზერვის გარეშე დარჩა - ოჰაიოს გუნდის სათადარიგოთა სკამმა მხოლოდ ცხრა ქულა დააგროვა.

თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში "კავალერები" მდევრის როლში იყვნენ. ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე "ჩიკაგომ" თავიდანვე დაგვანახვა, რომ მზად იყო, სრულად გამოეყენებინა მეტოქის
სერიოზული დანაკლისი. პირველ მეოთხედში მოულოდნელად მაიკ დანლივიმ გაიბრწყინა, რომელმაც ხუთიდან ხუთი ტყორცნა გამოიყენა და 13 ქულა დააგროვა. სტუმრები 14 ქულით გავიდნენ წინ.

მეორე მეოთხედში "კლივლენდს" 10:2 გაქცევა გამოუვიდა, შემდეგ კიდევ ერთი სპურტი (7:2) იყო კაირი ირვინგის მონდომებით და "ჩიკაგოს" უპირატესობა სამ ქულამდე დავიდა.

მეორე ტაიმში "კლივლენდმა" შამპერტის შორეული ტყორცნითა და მოზგოვის ოთხი ქულით დაიწყო. შედეგად, მასპინძლებმა გაათანაბრეს ანგარიში და სტუმრებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ. მიუხედავად ამისა, დერიკ როუზმა და პაუ გასოლმა ბატლერის დახმარებით ახალი გაქცევა მოაწყვეს - 17:2. ამ სამეულმა მესამე მეოთხედში 27 ქულა დააგროვა.

"კლივლენდმა" ისევ დაიწყო პასუხის გასაცემად შესაძლებლობის ძებნა. ისევ ჰქონდა 7:2 გაქცევა, მაგრამ შეტევისთვის ვარიანტები მინიმალური იყო. მასპინძლებს შორეული ტყორცნები არ წაუვიდათ (26 პროცენტი) და აქცენტი სამწამიანში შესვლებზე გააკეთეს. სწორედ მეტოქის ფარქვეშ ზეწოლის ხარჯზე მოახერხა "კავალიერზმა" სხვაობის ისევ ორ ქულამდე შემცირება. ეს მატჩის დამთავრებამდე ექვსი წუთით ადრე მოხდა.

მაგრამ ბოლოსკენ გააქტიურდა ბატლერი, რომელმაც გასოლთან ერთად ზედიზედ ექვსი ქულა დააგროვა. უკანასკნელ წუთზე იმავე ბატლერმა კიდევ ორი ქულა აიღო და ექვსქულიანი სხვაობა დააფიქსირა. "კლივლენდს" სამქულიანები სჭირდებოდა, მაგრამ მიზანი არ ვარგოდა, ლებრონ ჯეიმსმა უფრო ადრე უმნიშვნელოვანესი ლეი-აპი ააცილა. მანამდე კი ბურთი დაკარგა, გარბენი გააკეთა და სამქულიანიც ააცილა. საერთოდ, ბოლო მეოთხედში "მეფემ" მხოლოდ ოთხი ქულა ჩააგდო.

კლივლენდი-ჩიკაგო 92:99
15:27, 29:22, 26:32, 22:18
კ: ირვინგი (30+6 პასი), შამპერტი (22), ჯეიმსი (19+15 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა).
ჩ: როუზი (25+5 მოხსნა+5 პასი), პ. გასოლი (21+10 მოხსნა+4 დაფარება), ბატლერი (20+5 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), დანლივი (14+7 მოხსნა).
სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული