NBA: "კლიპერსს" პოლიც არ სჭირდება

AutoSharing Option
"ჰიუსტონს" ყველა შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ მოგებით დაეწყო "კლიპერსთან" სერია: საკუთარი მოედნის უპირატესობა, მეტოქის დაღლილობა, რომელმაც ორი დღის წინ დაასრულა "სან ანტონიოსთან" ურთულესი შვიდმატჩიანი სერია და რაც მთავარია, მეტოქის ლიდერის, კრის პოლის ტრავმა.

ამ კალათბურთელის არყოფნაში, რომელმაც "სპურსთან" მეშვიდე მატჩში გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო, დოკ რივერსის გუნდს წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონდა. პირველი მეოთხედიც ამაზე მიანიშნებდა.

სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ: სამქულიანები მიზანს ცდებოდა (1/10), შეტევაში ფანტაზია მოიკოჭლებდა... მიუხედავად ამისა, "კლიპერსმა" პირველი 12 წუთი მხოლოდ ექვსი ქულით წააგო. ეს იმის გამო მოხდა, რომ
"ჰიუსტონი" ზერელედ თამაშობდა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ამ მხრივ, მეტოქეს არც "კლიპერსი" ჩამორჩებოდა.

მეორე მეოთხედის დასაწყისში, ქაოტური კალათბურთის მიუხედავად, მასპინძლების უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია. ბარნსის, გრიფინისა და კროუფორდის მხრიდან ანგარიშის შემცირების ყველა მცდელობას დუაიტ ჰოვარდი ეღობებოდა. "სუპერმენმა" მეოთხედში 11 ქულა დააგროვა, პრიჯიონიმ და სმიტმა 10 ქულა დაუმატეს. სამაგიეროდ, "კლიპერსმა" გააუმჯობესა რეალიზაცია (55 პროცენტი). ამიტომაც მასპინძლებმა უფრო წინ წაწევა ვერ შეძლეს.

მესამე მეოთხედში "როკეტსის" თამაშში ცვლილება არ მომხდარა - ისევ ბევრი შეცდომა იყო. "კლიპერსმა" კი გადაწყვიტა, ესარგებლა მეტოქის ცუდი დაცვით პერიმეტრზე და რედიკმა და რივერსმა შორეული ტყორცნებით დაბომბეს "როკეტსი". დოკ რივერსის გუნდმა ექვსი სამქულიანი ჩააგდო, "ჰიუსტონმა" კი საშინლად დაასრულა მეოთხედი - ბოლო ხუთ წამში ხუთი ქულა გაუშვა.

ბოლო მეოთხედს სტუმრები ექვსქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. 36 წუთის შემდეგ გუნდებს ჯამში 42 შეცდომა ჰქონდათ დაშვებული. "კლიპერსის" გადამწყვეტი გაქცევა ბოლო 12-წუთეულის შუაში ვნახეთ, როცა ბარნსმა და კროუფორდმა კუთხიდან სამქულიანები ჩააგდეს, რედიკმა კი დაასრულა 12:0 სპურტი. ჯეისონ ტერიმ სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა, მაგრამ იქვე "რაკეტებმა" მორიგი დარტყმა მიიღეს - 10:0 გაქცევა.

საშინლად ითამაშა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 9 შეცდომა დაუშვა. სულ "ჰიუსტონმა" 24-ჯერ დაკარგა ბურთი, რაც "კლიპერსის" 34 ქულაში გარდაისახა. დოკ რივერსის გუნდმა ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოიგო, ბლეიკ გრიფინმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლოს ასეთი რამ პლეი ოფში 2002 წელს ჯეისონ კიდმა შეძლო. ბლეიკმა მეორე ტაიმში მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ჰიუსტონი-კლიპერსი 101:117
25:19, 25:27, 27:37, 24:34
ჰ: ჰოვარდი (22+10 მოხსნა+5 დაფარება), ჰარდენი (20+5 მოხსნა+12 პასი+4 ჩაჭრა+9 შეცდომა), არიზა (17+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), პრიჯიონი (11), ტერი (10).
კ: გრიფინი (26+14 მოხსნა+13 პასი), კროუფორდი (21+5 მოხსნა), ბარნსი (20+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), რედიკი (17), რივერსი (17+4 ჩაჭრა), ჯორდანი (10+15 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება).
სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული