პრინციპში, "მემფისს" წარმატების არანაირი შანსი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მეტოქემ 30 ცდიდან 14 სამქულიანი მოათავსა კალათში. "უორიორზს" მხოლოდ პირველი მეოთხედის ნახევარი დასჭირდა თამაშის დასალაგებლად. გუნდმა რამდენიმე წუთში გააბათილა 13-ქულიანი ჩამორჩენა. კერძოდ, სამი წუთის განმავლობაში 13:2 გაიქცა. მეორე მეოთხედში
შესვენების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. "მემფისმა" სამწამიანიდან მხოლოდ ექვსი ქულა აიღო, სამქულიანები მიზანს ცდებოდა. ეს მეოთხედი არც სტეფ კარის გამოუვიდა, რადგან შვიდიდან ექვსი ტყორცნა ააცილა მიზანს. სამაგიეროდ, სხვებს წაუვიდათ თამაში - ბარნსმა, ტომპსონმა, გრინმა და იგუოდალამ 13-დან რვა სროლა გამოიყენეს და უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია, მეოთხე მეოთხედში კი სხვაობა უკვე 24 ქულა იყო. სტუმრებს მცირე მინიშნებაც კი არ მოუციათ იმისა, რომ მატჩის გადარჩენისთვის იყვნენ მზად.
"მემფისის" დაცვამ მეტოქეს 46 პროცენტის სიზუსტით ასროლინა, თავად კი ეს ნიშნული 40 პროცენტზე დაბლა ჰქონდა. ასეთი თამაშით წარმატებაზე ფიქრი სრულიად ზედმეტი იყო.
დავამატებთ, რომ კარიმ 18-ივე ქულა სამქულიანებით დააგროვა და პლეი ოფში კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა - 6 ჩაჭრა შეასრულა. მის ანგარიშზეა NBA-ს რეკორდიც: კარიმ 28 მატჩი ჩაატარა პლეი ოფში და 100 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა. ასე სწრაფად პლეი ოფის შეხვედრებში ამდენი შორეული ტყორცნა არავის ჩაუგდია. წინა რეკორდი რეი ალენს ეკუთვნოდა, რომელსაც 100 სამქულიანისთვის 35 მატჩი დასჭირდა.
მეექვსე მატჩი მემფისში გაიმართება, მაგრამ ისეთი შეგრძნება არსებობს, რომ "გრიზლისს" აღარ დარჩა კოზირები "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.
გ. სტეიტი-მემფისი 98:78
26:25, 23:16, 25:16, 24:21
გ-ს: ტომპსონი (21+5 პასი), კარი (18+7 მოხსნა+5 პასი+6 ჩაჭრა), იგუოდალა (16), ბარნსი (14), გრინი (7+5 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (6+9 მოხსნა+4 დაფარება).
მ: მ. გასოლი (18+12 მოხსნა+6 პასი), რენდოლფი (13+10 მოხსნა), კონლი (13+5 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (10).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"