NBA: მსხვილი გარიგებები ვარსკვლავებისთვის

AutoSharing Option
"ნიუ ორლეან პელიკანსმა" ხუთი წლით შეინარჩუნა თავისი ლიდერი ენტონი დევისი. კლუბმა თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნისთანავე გააფორმა ფორვარდთან კონტრაქტი, რომლის ღირებულება 145 მილიონ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების დადების შესახებ ოფიციალურად 9 ივლისს გამოცხადდება. მანამდე კი კალათბურთელმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ კლუბში რჩება.

გასულ სეზონში დევისმა 68 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 24.4 ქულა, 10.2 მოხსნა, 2.2 შედეგიანი პასი და 2.9 მოხსნა დააგროვა.
* * *
"ჩიკაგო ბულზის" ფორვარდმა ჯიმი ბატლერმა გადადო ადრე დაგეგმილი შეხვედრები "ლეიკერსთან", "ბოსტონთან", "ფილადელფიასთან" და "დალასთან". ამის მიზეზი ის არის,
რომ კალათბურთელმა "ხარების" ხელმძღვანელობისგან სარფიანი წინადადება მიიღო - ხუთწლიანი კონტრაქტი 90-მილიონიანი შემოსავლით.

ახლა, ბატლერი ფიქრობს - რა ვადით გააფორმოს კონტრაქტი "ხარებთან".

* * *
ახალი კონტრაქტი გაამზადა თავისი ლიდერისთვის "მილუოკიმ". კრის მიდლტონი მალე მიიღებს ხუთწლიან ხელშეკრულებას, რომლის ღირებულება იქნება 70 მილიონი დოლარი.

* * *
"მაიამი ჰიტში" რჩება სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი, - ამის შესახებ წერს ESPN-ის მიმომხილველი მარკ სტაინი. დრაგიჩი ამა წლის თებერვალში აღმოჩნდა ფლორიდაში გაცვლის შედეგად.

კონტრაქტი ხუთწლიანია, რომლის დროსაც 29 წლის სლოვენიელი 90 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

***
- მომავალი სეზონისთვის "მილუოკის" ერთ-ერთი მიზანი იქნება წინა ხაზის გაძლიერება 32 წლის ცენტრით ტაისონ ჩენდლერით. ამ კალათბურთელს კარგად იცნობს "ბაქსის" მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი (მათ ერთად მოიგეს 2011 წელს ჩემპიონობა "დალასის" შემადგენლობაში). გარდა ამისა, ორივეს ინტერესებს წარმოადგენს აგენტი ჯეფ შვარცი.

- "დალასის" ექს-ფორვარდი ალ-ფარუქ ამინუ "პორტლენდში" გააგრძელებს კარიერას. "ბლეიზერსი" 24 წლის მოთამაშესთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამინუ 30 მილიონით უფრო მდიდარი გახდება.

- "ატლანტას" ფორვარდი დემარ კეროლი "ტორონტოში" გააგრძელებს კარიერას. კონტრაქტის მიხედვით, 28 წლის კალათბურთელი კანადაში მომდევნო ოთხ წელიწადს გაატარებს და ჯამში 60 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

- როგორც მოსალოდნელი იყო, "პორტლენდმა" სოლიდური კონტრაქტი გაიმეტა თავისი ვარსკვლავისთვის დამიენ ლილარდისთვის. გამთამაშებელი 120 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიან მაქსიმალურ კონტრაქტს მიიღებს.

- "ბრუკლინი" შეინარჩუნებს ორ ძირითად მოთამაშეს: ბრუკ ლოპესი "ნეტსთან" სამწლიან კონტრაქს გააფორმებს (60 მილიონი), ტადეუშ იანგისთვის კი მომზადებულია ოთხწლიანი კონტრაქტი (50 მილიონი).

- "ინდიანა" ახლოსაა "დალასის" ექს-მცველთან მონტა ელისთან სამწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. კალათბურთელი ოჯახთან ერთად ჩავიდა ინდიანაპოლისში და მოლაპარაკებებს აწარმოებს "პეისერსთან". როგორც Yahoo Sports ამტკიცებს, "ინდიანა" 29 წლის კალათბურთელს 32 მილიონ დოლარს სთავაზობს.

- მაიკ დანლივი რჩება "ჩიკაგოში". "ბულზმა" ვეტერანს სამწლიანი და 15-მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

- ტაიშონ პრინსმა, შესაძლოა, კარიერა "კლივლენდში" გააგრძელოს. "კავალიერზი" გავიდა თავისუფალ აგენტზე წინადადებით, რომლის დეტალები უცნობია. პრინსი უნდა გახდეს შონ მერიონის შემცვლელი, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

- "ფენერბაჰჩემ" გადაწყვიტა სერბი ფორვარდი ნემანია ბიელიცა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაუშვას. თურქულმა კლუბმა უარი თქვა კალათბურთელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სერბს შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს "მინესოტა ტიმბერვულვზში". ადრე იტყობინებოდნენ, რომ "მგლები" ბიელიცასთან სამწლიანი და 12-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ.

ბიელიცამ "ფენერბაჰჩეში" ბოლო ორი სეზონი გაატარა. წელს ის ევროლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული