კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა იტალიასთან 55:93 წააგო

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – A დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 55:93 დათმო. გათამაშების ფორმატის მიხედვით, პლეი ოფში ტურნირის მონაწილე 16-ივე გუნდი გადის, რომლებიც მერვედფინალში დაკავებული ადგილების მიხედვით – ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან.

გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის პირველი პერიოდი 19:18 მოიგო და იტალიელებს მეორეშიც ტოლსწორად ებრძოდა. მეოთხედის ბოლოს აპენინელებმა ფარქვეშა ზუსტი გარღვევებით იძალეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 39:32.

მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა. მესამე პერიოდი ქართველებისთვის
ამჯერადაც პრობლემური გამოდგა. კაზანჯიანის გუნდმა ფარქვეშ ბრძოლა წააგო, ხოლო პერიმეტრიდან იტალიელებს მეტი მიზანი აღმოაჩნდათ. ეს ყველაფერი შედეგზე აისახა და იტალიელებმა 7-ქულიანი ლიდერობა სოლიდურ უპირატესობად აქციეს. მესამე ათწუთეულის 21:10 მოგებით აპენინელებმა დასკვნითი პერიოდის წინ 18-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.

შეხვედრა ქართველებმა ინერციით ჩაამთავრეს. შეიძლება ითქვას, მომდევნო მატჩისთვის ძალები დაზოგეს. ჩვენი მომავალი მეტოქე ხომ თურქეთი იქნება, რომელიც კაზანჯიანის გაწვრთნილ ნაკრებს 1 თვის წინ, სტამბოლში დამარცხებული ჰყავს. შეგახსენებთ, რომ 13-16 ივლისს საქართველო თურქეთში საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირზე იმყოფებოდა, სადაც საბერძნეთთან და ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო მასპინძლებს 64:61 სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე კი თურქეთმა C ჯგუფში ხორვატია და საბერძნეთი დაამარცხა, გერმანიასთან კი უმოტივაციო მატჩი წააგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, C ჯგუფის პირველადგილოსანი თურქეთი D ჯგუფში მე-4 ადგილზე გასულ საქართველოს შეხვდება. ამ ჯგუფებს შორის საპლეიოფო წყვილები სრულად ასე გამოიყურება:

საფრანგეთი (D1) – გერმანია (C4)
ხორვატია (D2) – იტალია (C3)
ესტონეთი (C2) – საბერძნეთი (D3)
თურქეთი (C1) – საქართველო (D4)

მივუბრუუნდეთ იტალია – საქართველოს მატჩს და აღვნიშნოთ, რომ ჩვენიანთაგან ვლადიმერ თავაქარაშვილი და ალექსი მერკვილაძე გამოირჩნენ. თავაქარაშვილმა 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მერკვილაძემ 14 ქულას 6 მოხსნა მოაყოლა. ნიკოლოზ კიშკომ 8, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და დავით აბულაძემ 7-7 ქულა მიითვალეს.

13 აგვისტოს ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე დასვენების დღეა. საქართველოსა და თურქეთის მერვედფინალური მატჩი კი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

altსაქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 52 ქულით დამარცხდა!..

altსაქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ესტონეთთან 66:76 დამარცხდა

ასევე დაგაინტერესებთ