საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან 25 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მერვედფინალური მატჩი თურქეთთან დათმო, პლეი ოფიდან გამოვარდა და ახლა A დივიზიონში 9-16 ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლა. ჩვენი გუნდის მიზანი ელიტარულ დივიზიონში დარჩენა გახლდათ და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდისთვის რეალური ბრძოლაც ახლა იწყება. A დივიიოზიონში მყოფი 16 გუნდიდან ელიტაში 13 რჩება, ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდები კი მომავალი სეზონისთვის B დივიზიონში დაქვეითდებიან.

არადა, საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველ პერიოდში მეტოქე დაჯაბნა. გიორგი ბიგანაშვილი შეუჩერებელი გახლდათ, რომელმაც 2 სამქულიანი, საჯარიმოები ჩააგდო, გარღვევაც ზუსტად
დააგვირგვინა და პირველი პერიოდის ბოლო წუთზე საქართველო 12 ქულით – 26:14 დააწინაურა. ქართველებს ბოლო წამებზე მეტოქის შეტევა გაეპარათ, ხოლო სირენის თანხლებით ჩაგდებილი ბურთის წყალობით თურქებმა პირველი პერიოდი მხოლოდ 8 ქულით – 20:28 დათმეს.

მეორე პერიოდიდან თურქებმა ინიციატივა ხელთ იგდეს. დაცვა გაამაგრეს, მოედანზე ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი მოთამაშე – 205 სანტიმეტრიანი ფურქან ჰალტალი გამოიყვანეს და სამწამიანშიც გამაგრდნენ. თუკი ააცილებდნენ, ჩვენი ოპონენტები ბურთს ხსნიდნენ და განმეორებითი შეტევებით იხვეჭდნენ ქულებს. ეს შედეგზე უმალ აისახა – თურქეთმა 18:2 გაქცევით დაიწყო მეორე პერიოდი და 38:30 დაწინაურდა.

გია კაზანჯიანმა პირველ ნახევარში გამოყოფილი ორივე წუთშესვენება შეალია მეტოქის გააქტიურების შენელებას, თუმცა საქმე მაინც ვერ გამოასწორა. თურქებმა განაგრძეს შედეგიანი თამაში და პერიოდის 33:11 მოგებით დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი ლიდერობით გავიდნენ – 53:39. მეორე ნახევარში ქართველები ბევრს ეცადნენ, თუმცა ვითარების შეცვლა ვერ მოახერხეს. თურქებმა ლიდერობის შენარჩუნება ზედმეტი გართულებების გარეშე შეძლეს და საბოლოოდ 25 ქულით – 97:72 გაიმარჯვეს.

თურქებს ულიდარა კიდევ ერთმა 205-სანტიმეტრიანმა მოთამაშემ – ალპერენ შენგუნმა, რომელმაც 19 ქულა და 20 მოხსნა (!) მოაგროვა. თურქების გამარჯვების უმთავრესი იარაღი მოხსნების სიმრავლე გახლდათ. მატჩის ბოლოს ამ კომპონენტში უდიდესი სხვაობა დაფიქსირდა. ქართველებმა 28 ბურთი მოხსნეს, თურქებმა კი – 66.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აჩვენა გიორგი ბაგანაშვილმა – 16 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი. 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა ზურბა ვაშაკიძემ. 9 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ხოლო 8-8 – ალექსი მერკვილაძემ და ვოვა თავაქარაშვილმა.

თურქეთი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლატვიას შეხვდება, საქართველოს მომავალი მეტოქე კი ლატვიასთან მერვედფინალში 81:85 დამარცხებული ისრაელი იქნება. შემდეგი მატჩის მოგება A დივიზიონში დარჩენის ტოლფასია, რადგან ისრაელი – საქართველოს მატჩის გამარჯვებული ტურნირზე საუკეთესო 12 გუნდში ადგილს გაინაღდებს. დამარცხებული კი 13-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება. როგორც უკვე გითხარით, მე-13 ადგილი იქნება უკანასკნელი, რომლის დამკავებელი გუნდი A დივიზიონში დარჩება.

საქართველოსა და ისრაელის საკვალიფიკაციო მატჩი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

altსაქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა იტალიასთან 55:93 წააგო

altსაქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 52 ქულით დამარცხდა!..

მკითხველის კომენტარები / 3 /
თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ ყველასთან უშანსოდ რომ მარცხდებიან, სამივე ასაკობრივმა ნაკრებმა ჩაისვარა, გოგოებმა ბოლო 24-ე ადგილი დაიკავა. ფედერაცია საერთოდ რატო გვყავს? რას აკეთებენ?
Musenbezi
15 აგვისტო 2018 16:35
0
ყველა მატჩი კარგად დაიწყეს და საშინლად დაასრულეს, ფიზიკა 0 ალბათ.
dato
15 აგვისტო 2018 11:09
0
ფიზიკაც და ალბათ ფსიქიკაც და ტაქტიკაც.18-2 გაქცევა გააკეთესო,აჰა,ფარქვეშ გაჯობეს,მოხსნეს ბურთები და ჩაგიგდეს,თუ ამ სიმაღლე კაცი ჰყავდათ მოედანზე,ესე იგი სისწრაფეში უპირატესობა ჩვენ გვექნებოდა და სწრაფ გარღვევაზე უნდა გვეთამაშა,მაგრამ 18 ქულა ,სულ ცოტა 6 შეტევაა,ჩვენ კი მხოლოდ ერთი ჩავაგდეთ.ყველა ნაკრებს ერთი საერთო ნაკლი აქვს.როცა მეტოქე თამაშს სცვლის,გუნდი ბრინჯივით იშლება და ვეღარაფერს აკეთებს.ესე იგი ტაქტიკური ვარიანტები არა აქვს დამუშავებული.შეტევაში რომ კომბინაციების დამუშავება არც გაუგიათ,ეს ამათზე უფროს ნაკრებებშიც ასეა და ამათი რა უნდა გაგვიკვირდეს.ასე რომ ბოლოს ყველგან მწვრთნელების დაბალ კვალიფიკაციამდე მივდივართ, ბავშვთა კალათბურთში.
სოსო
15 აგვისტო 2018 13:45
0

სიახლეები პოპულარული