კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
სლოვენიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიელ თანატოლებთან სპარინგ მატჩი გამართა და 7 ქულის სხვაობით – 64:71 დამარცხდა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძლებს მესამე და მეოთხე პერიოდები შესაბამისად 19:15 და 17:11 მოიგო, თუმცა პირველი ნახევარი ჰქონდა 17 ქულით წაგებული და …

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და მთავარი ახალი მწვრთნელისთვის დასახული გეგმების განხორციელება, გუნდის სათანადო კონდიციაში მოყვანაა. ამ მხრივ სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებთან მატჩს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოს მეტოქეს მოხსნებში აჯობა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი მეტოქეზე
12-ით მეტჯერ მოხსნა. სლოვენიელებმა ქართველებს შედეგიან გადაცემებში, საჯარიმო სროლებში და 3 სამქულიანით აჯობეს. ჩვენს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი ნიკა მეცხვარიშვილმა დაძლია, რომელმაც 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა დაგროვა, ჯაურ ჯანელიძის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა.

შემდეგ სპარინგ მატჩს ქართველები სლოვენიის 16-წლამდელთა ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი.

საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით