კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრებმა ოთხივე მატჩი მოიგო, მაგრამ პლეი-ოფის საგზური გარანტირებული არა აქვს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ქალაქ მატუშინოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ესტონეთთან გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს 4-დან 4-ივე მატჩი აქვთ მოგებული, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდში ადგილი გარანტირებული არ აქვთ. თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად კი საქართველო მეოთხედფინალში თითქმის გასულია. ქართველები ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავლენ, თუ ესტონეთთან 20 ქულით და მეტით წააგებენ. 19-ქულიანი მარცხის შემთხვევაშიც კი მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვდება.

Sportall.Ge

საქართველომ ესტონეთი 1 ქულითაც რომ დაამარცხოს, პირველ ადგილზე გავა,
ხოლო 1-დან 19 ქულამდე წაგება გლიგორიევიჩის გუნდს ჯგუფიდან გამსვლლ მე-2 ადგილს მოუტანს. რატომ ხდება ასე, ახლა ავხსნით. აქამდე ჩვენს ჯგუფში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლო ტურის წინ ლიდერ საქართველოს შემდეგ მე-2 და მე-3 ადგილებზე მყოფ გუნდებს თითო წაგება აქვთ. ამ 2 გუნდიდან ქართველებს ჰოლანდიელები 12 ქულით ჰყავთ დამარცხებული, ხოლო ესტონეთს დღეს ხვდებიან. თუკი ესტონეთი იმარჯვებს, 3 გუნდს – ესტონეთს, საქართველოს და ჰოლანდიას ქულების (მოგება-წაგებების) თანაბარი რაოდენობა დაუგროვდებათ. სამივეს ექნება 4 მოგება და 1 წაგება. ჰოლანდიას ბოლო ტურში მოგება უნდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქედ სომხეთი ჰყავს…

ამ 3 გუნდს შორის უპირატესობის მინიჭება მათ შორის ნათამაშები მატჩების შესაბამისად მოხდება. ანუ ურთიერთშეხვედრებში ვისაც უკეთესი შედეგები ექნება, უპირატესობაც მას ექნება. ამ მომენტისთვის ჰოლანდიას, საქართველოს და ესტონეთს შორის 2 მატჩი გაიმართა, ხოლო 1 (საქართველო-ესტონეთი) გასამართია:

საქართველო – ჰოლანდია 85:73
ესტონეთი – ჰოლანდია 57:84


დარჩენილ მატჩს, საქართველო – ესტონეთი, თუკი ეს უკანასკნელი მოიგებს, სამივე გუნდს თანაბარი ქულები ექნება როგორც მთლიანად ჯგუფში (9-9 ქულა), ისე ურთიერთშეხვედრებში (3-3 ქულა). აქ კი ყველაფერს ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული ბურთები (ანუ მოპოვებული ქულები) გადაწყვეტს. ამ მომენტისთვის შეფარდება ასეთია:

ჰოლანდია +15 (საქართველოსთან -12, ესტონეთთან +27)
საქართველო +12 (ჰოლანდიასთან +12, ესტონეთთან ?)
ესტონეთი -27 (ჰოლანდიასთან -27, საქართველოსთან ?)

სწორედ ამ ცხრილს ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ საქართველო 2 საუკეთესო გუნდში მოხვდება, თუკი ესტონეთთან 19 ქულაზე მეტით არ წააგებს. განვიხილოთ ორივე ვარიანტი.

1. საქართველოს ესტონეთთან 19 ქულით წაგების შემთხვევაში ჰოლანდიას, საქართველოს და ესტონეთის ურთიერთშეხვედრების ცხრილი იქნება შემდეგნაირი:

ჰოლანდია +15
საქართველო -7
ესტონეთი -8

2. საქართველოს ესტონეთთან 20 ქულით წაგების შემთხვევაში ჰოლანდიას, საქართველოს და ესტონეთის ურთიერთშეხვედრების ცხრილი იქნება შემდეგნაირი:

ჰოლანდია +15
ესტონეთი -7
საქართველო -8

ასე და ამგვარად, საქართველოს პრაქტიკულად განაღდებული აქვს პლეი-ოფის საგზური, რადგან რეალობიდან გამომდინარე, ესტონელებს არ შესწევთ ქართველების 20 ქულით დამარცხების ძალა. თუმცა ეს სპორტია და საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი ესტონელებთან მატჩს სრული მობილიზებით ხვდება, რათა გაიმარჯვოს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს.

ძალიან საინტერესოა ის, რომ ჩვენი – C ჯგუფიდან გასული გუნდები მეოთხედფინალში ჯვარედინად უწყვილდებიან D ჯგუფის გუნდებს, სადაც 1-2 ადგილებზე გამსვლელთა ვინაობა ბოლო ტურში წყდება. ჰორტუგალია ბელგიას ხვდება და გამარჯვებული პირველზე, ხოლო დამარცხებული – მეორე ადგილზე გავა. საინტერესოა, რომ ეს მატჩი მაშინ დაიწყება, როცა საქართველოსა და ესტონეთის შეხვედრა დასრულებული იქნება. ასე რომ, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ან პორტუგალია დაუპირისპირდება, ანაც – ბელგია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით