
უნგრელებმა დღეს გამართულ ნახევარფინალში პორტუგალიას 63:54 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. საქართველომ კი ფინალში გასასვლელად უკრაინა დაამარცხა, უფრო ზუსტად კი – გაანადგურა: 82:62. ტომარაძე-ცინცაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა პირველივე წუთებზე რომ მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა, თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა.
აღსანიშნავია, რომ ალავიძემ ოთხმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ის ძალიან სარგებლიანი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: 21 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 7 (!) ჩაჭრა. ალავიძეს უკანა ხაზში კარგ ტანდემს უქმნიდა ნიკოლოზ აბულაძე, რომელიც პერიოდულად გამთამაშებლობას ითავსებდა. ჩინებულად ითამაშეს ჩვენი ნაკრების მეფარეებმა – ლუკა ლომთაძემ და ანრი ბელთაძემ. ორივე ტანმაღალი კალათბურთელი მწვრთნელებმა სასტარტოში ათამაშეს და ამან გაამართლა. უკრაინელი მეფარეები სამწამიანში რომ ვერ გამაგრდნენ, სწორედ ამ ტანდემის დამსახურება გახლდათ. ლომთაძემ ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბელთაძემ – 11 ქულა და 8 მოხსნა. წინა და უკანა რგოლების შემაკავშირებელი იყო თენგო გოგიშვილი, რომელმაც კვლავ გამოავლინა ბომბარდირული თვისებები და თავი 19 ქულას მოუყარა.
საქართველომ უკრაინა ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ფინალში ღირსეულად გავიდა. ქართველებს მომავალი მეტოქე (უნგრეთი) ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული ჰყავთ და გამარჯვების მოპოვებას ფინალურ მატჩიც ეცდებიან. სატიტულო შეხვედრა 21 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
GBF.GE