ლიტვა-საქართველო 77:79 - მე მიყვარს ეს გუნდი! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გაგახსენებთ, მატჩის წინა დღეს ზაზა ფაჩულიას რომ ჰკითხეს - საქართველოს ნაკრები ელიტარული გუნდებისკენ როგორი ნაბიჯით მიდისო? მან კი გაბრაზებით უთხრა - საქართველო უკვე ელიტის წევრიაო. ეს ჩვენმა გუნდმა გუშინაც დაამტკიცა - ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ლიტვა სუპერთამაშით დაამარცხა.

77:79 დამარცხების შემდეგ ლიტველმა ლეგენდამ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა დინჯად თქვა: ერთ თვეში ორჯერ შემთხვევით არავინ იგებსო. საქართველოს ნაკრებმა ხომ ბალტიელები აგვისტოს დასაწყისში ამხანაგურად მათსავე მოედანზე დაამარცხა.

შეხვედრას ძალიან საინტერესო წინაისტორია აქვს. უახლეს ისტორიას ვგულისხმობ: თამაშზე მიმავალ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფს
ლიტველ ქომაგებთან ერთად მოგვიწია მგზავრობა. ყოველ გაჩერებაზე 4-5 ბალტიისპირელი ამოდიოდა. ავტობუსი მწვანეებით ისე გაივსო, ზოგიერთ გაჩერებაზე აღარ აჩერებდა.

- რამდენით მოგიგებთ? - უტიფრად გვეკითხებოდნენ მეტოქეები. ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ.

ავტობუსიდან ჩამოსულებს ლიტველებთან ერთად საქართველოს დროშებით შეიარაღებული ქართველებიც შეგვხვდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამ ევრობასკეტზე ყველაზე მეტი ქომაგი სწორედ ისრაელში გვყავს. მათ გამარჯვებით ძალიან გაიხარეს და მატჩის შემდეგ მხურვალე ოვაციებით მიაცილეს კალათბურთელები ავტობუსამდე.

ლიტველებმა კი უჩვეულო სიმშვიდით დატოვეს დარბაზი... გასვლისას სწორედ ის შეზარხოშებული ახალგაზრდა შემეჩეხა, ავტობუსში პროგნოზით რომ დაინტერესდა. რამდენით მოგიგებთო, აღარ უკითხავს.
იხილეთ ვიდეო - ლიტვა-საქართველო 77:79
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მაინც რის ხარჯზე მოვახერხეთ ლიტვასთან გამარჯვება?
მიზეზი უამრავია, რომელთაგან რამდენიმე ძირითადს გამოვყოფთ. ლიტველებს ძლიერი წინა ხაზი ჰყავთ, იონას ვალანჩუნასი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამორჩეული ცენტრია. პირველ ტაიმში მართლაც გაჭირდა მისი შეჩერება, მაგრამ მესამე პერიოდში მას ფოლებით დამძიმებული ზაზა ენერგიულად და გონივრულად დაუდგა და ვალანჩუნასმა მეორე ტაიმში ერთადერთი ქულა ჩააგდო... მშვენიერი ეპიზოდი გამოვიდა, როდესაც ზაზა და გიორგი შერმადინი მოედანზე ერთდროულად იყვნენ.

გამარჯვება უმთავრესად დაცვის დამსახურებაა. საქართველოს ნაკრებმა ბოლოს და ბოლოს, გამოასწორა პერიმეტრის დაცვა. ლიტვამ ჯამში 8 სამიანი ჩააგდო, მაგრამ ბევრი, 27 სტყორცნა. ჩვენი უკანახაზელები საკმაოდ "ზემოთ" იყვნენ აწეულები და ამიტომაც არ რჩებოდათ ლიტველებს სამქულიანებისთვის თავისუფალი სივრცე.

გამოცდილება კალათბურთში ბევრს ნიშნავს. საქართველომ ლიტვასთანაც სწორედ ისე ითამაშა, როგორც საკონტროლო შეხვედრებში - თავიდან თითქმის ყველა მეტოქეს ჩამორჩა (გუშინ ლიტვასთან 12 ქულით აგებდა კიდეც), მაგრამ მეორე ტაიმში მშვიდად აღმოფხვრა სხვაობა, ხოლო ბოლო წამებზე ყველა კალათბურთელმა მშვენივრად იცის, რა უნდა გააკეთოს და როგორ. გამოცდილება კი იმაში ეხმარება, რომ ეს კარგად შეასრულოს.

ამხანაგურად ლიტვა რომ დავამარცხეთ, მაშინ თქვა ილიას ზუროსმა - საქართველომ ხასიათით მოიგოო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილსა და კომპანიას ვალანჩუნასზე, კალნიეტისსა და კუზმინსკასზე მებრძოლი ხასიათი აღმოაჩნდათ. თავი არ დაუზოგავთ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

ორი წინადადებით
გიორგი ცინცაძე. საკონტროლო მატჩებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გიორგი ცინცაძე იყო, რომელსაც მეორე პერიოდში კოჭი გადაუბრუნდა და მატჩს ვეღარ დაუბრუნდა.

მაიკლ დიქსონი. ცინცაძის ნაცვლად გამთამაშებლობა მაიკლ დიქსონმა იკისრა და ბოლო წამებზე ჯერ მარცხნიდან ჩააგდო ურთულესი ორქულიანი, შემდეგ - მარჯვნიდან და საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე საქართველო 78:74 დააწინაურა.

დუდა სანაძე. შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრებში კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა. მართალია, 13 ქულაზე მეტი სხვა შეხვედრებშიც ჩაუგდია, მაგრამ გუნდურად ძალიან ბევრი იმუშავა.

მანუჩარ მარკოიშვილი. იოანის მაჩიულისმა 2015 წლის გმირობა ვეღარ გაიმეორა. მიზეზი მანუჩარის დაცვაა. მანუს შორეული ორქულიანი გახსოვთ? - სირენამდე 1:22 წუთით ადრე რომ ჩააგდო და 76:74 დაგვაწინაურა.

თორნიკე შენგელია. ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას თოკო საჯარიმოს ხაზიდან ახტა და გემრიელად ჩატენა. ეს გახლდათ მომენტი, რომელმაც გვიჩვენა, რომ თოკო გუშინ შეუჩერებელი იყო - 29 ქულა ლიტვასთან!!!
იხილეთ ვიდეო - შენგელიას 29 ქულა ლიტვასთან მატჩში
Sportall.Ge

გიორგი შერმადინი. დიდი დატვირთვა მოდიოდა საქართველოს ნაკრების წინა ხაზზე. შერმადინი ქულებში ჩვეულად ეფექტური არ იყო, მაგრამ მთავარი მისია შეასრულა - ლიტველებს ფარი არ დაუთმო.

მიხეილ ბერიშვილი. ზუროსი ენდო და მიიღო სტაბილური ფორვარდი, რომელსაც დაცვაში ნამდვილად არ უჭირდა ლიტველი ვარსკვლავების წინააღმდეგ.

ზაზა ფაჩულია. პრესკონფერენციაზე ინგლისურენოვანმა ჟურნალისტმა ლიტვის ნაკრების მწვრთნელს ჰკითხა: თქვენც ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ ლიტველი კალათბურთელები შეშინებულები თამაშობდნენო?

სერიოზულია თუ არა ცინცაძის ტრავმა?
ლიტვასთან მატჩის მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს გვერდით ხაზთან ბურთისთვის ბრძოლისას კოჭი გადაუბრუნდა. იგი მოედნიდან გავიდა და სათადარიგოთა სკამის უკან ექიმებისკენ გადაინაცვლა. დიდი შესვენების დაწყებისას გიორგი კოჭლობით გავიდა.

სწორედ შესვენებაზე ვკითხე ჩვენი ნაკრების მედიკოსებს ტრავმის სიმძიმეზე. მითხრეს, ტრავმა სერიოზული არ ჩანსო. ილიას ზუროსმა ლიტვასთან "ბუ" აღარ ათამაშა.

მას პრესკონფერენციაზე ცინცაძის ტრავმის შესახებ ვკითხეთ:
- წინასწარი დაკვირვებით, ტრავმა სერიოზული არ ჩანს, თუმცა საჭიროა გამოკვლევა, რის შემდეგაც გვეცოდინება ზუსტი პასუხი. კალათბურთელის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მას ბოლომდე უნდა გავუფრთხილდეთ. ვიმედოვნებ, გამოკვლევა დადებით შედეგს მოგვცემს და გიორგი მალევე დაგვიბრუნდება.

ტრავმირებულია ახალგაზრდა გოგა ბითაძე, რომლის მოედანზე გამოჩენას მწვრთნელი მომდევნო ორ მატჩში არ ელის. მესამეში ვნახოთო...

ჩვენც დავიტოვოთ იმედი, რომ როგორც ცინცაძე, ასევე ბითაძე მალე დაუბრუნდებიან გუნდს. ესოდენ გრძელ მარათონში ხომ საქართველოს ნაკრებს თითოეული კალათბურთელი ძალიან სჭირდება.

ევრობასკეტი. B ჯგუფი. I ტური
31 აგვისტო, თელ-ავივი
ლიტვა-საქართველო 77:79
18:18, 21:16, 18:25, 20:20

Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ილიას ზუროსი: რატომ არ ვიღიმი? იმიტომ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა
თორნიკე შენგელია: ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სუროსი ნახეთ დიდ ფოტოზე თუ რა გახარებულია, ყველას გილოცავთ, წინ მომავალი წარმატებებისათვის საქართველო....
ჯონი
02 სექტემბერი 2017 09:16
0
ისე რავა ვთქვა,მარა აკროპოლისიდან დაწყებული,#ევრობასკეტით დამთავრებული მაგრა გვიმართლებს ბოლო წამებში.მაჩულის ის სამიანი არ უნდა გვესროლებინა ბოლო 1 წამზე
oto
02 სექტემბერი 2017 01:02
1
მგონი სპორტის კიდევ ერთ სახეობაში გაგვეხსნა ბედი.მე მჯერა,რომ ამ თაობის კალათბურთელებს დიდი გამარჯვებების მიღწევა შეუძლიათ.საოცარი ჟინი იგრძნობა მათ თამაშში და საკუთარი ძალების რწმენა.რაც მთავარია მათ გამარჯვების სუნი იგრძნეს და ასე მგონია მათი გაჩერება ამ გზაზე ყველა გუნდს გაუჭირდება.ბიჭებო თქვენთანაა მთელი ქართველობა,ამის იმედი გქონდეთ.
ავთანდილ ჭარელი
01 სექტემბერი 2017 16:53
0
ertxel yvelas umartlebs
armenchika
01 სექტემბერი 2017 16:44
25
ასეთი "armenchika" და "Papuna" ყოველთვის იარსებებს, ვისაც სხვისი წარმატება გულზე ხეთქავს. მთავარია, ისინი ყოველთვის უმცირესობაში იქნებიან. აბა, როგორ შეიძლება ამ გამარჯვების შემდეგ მსგავსი გესლიანი და ზიზღით სავსე კომენტარები წერო!
წინ ჩვენო საამაყო კალათბურთელებო, შინაური და გარეული მტრის ჯინაზე და უამრავი მხარდამჭერის გასახარად ფინალში თამაშს გისურვებთ
ვასიკო
01 სექტემბერი 2017 17:42
0
როცა ზაზას ევროპირველობაზე საქართველოს გეგმებზე ჰკითხეს, მან უპასუხა,რომ მედლებისთვის უნდა ვიბრძოლოთო. მაშინ გადაჭარბებულად მომეჩვენა ეს ნათქვამი. თურმე სადა ხარ, ბიჭები მართლაც ბრდღვნიან ყველაფერს.
guri
01 სექტემბერი 2017 15:21
0
ჯიგრები ხართ ყველა. მადლობა ბიჭებს, მადლობა მწვრთნელებს, კალათბურთის ფედერაციას ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის. ასე გააგრძელეთ ბოლომდე, მედლები ჩამოიტანეთ
ლადო
01 სექტემბერი 2017 13:35
0
გენაცვალეთ, ჩვენო საამაყო ბიჭებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ILIA
01 სექტემბერი 2017 13:02
1
ასეთი დიდი სიხარული 1981 წლის 13 მაისის მერე არ მქონია. თქვენგაიხარეთ ბიჭებო ისე როგორჩ ჩვენ გაგვახარეთ.
გია
01 სექტემბერი 2017 12:48
0
პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ ყველას ამ წარმეტებულ ასპარეზის დასაწყისს !!! უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ ჩვენი ბიჭების თავდადებით, ძაან დიდი მადლობა მათ ამ დაუვიწყარი ემოციისთვის.
იქნებ გაბრიჩიძემ ხელი მოისვას?? ბოისას და გამყრელიძეს რა უნდათ ნაკრებში? სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ?? იმედია ცინცაძე მალე გამოჯამრთელდება. დგევანდელ ფედერაციას არ უნდა შერჩეს ეს უმსგავსობა, იმის მაგივრად რომ ახალგაზრდები წაიყვანონ და გამოცდილება შესძინონ ნაკრებში მიათრევენ ცოცხალ-მკვდარ კალათბურთელებს რომელებსაც ეზოშიც აღარ ათამაშებენ.
Papuna
01 სექტემბერი 2017 12:32
15
რაო, კალათბურთის ფედერაციასთან გაქვს რაიმე პრეტენზია? სასაცილოა. ამ ხალხმა რაც ამ ოთხ წელში გააკეთა, ყოველდღე მადლობას უნდა უხდიდეთ. მინიმალური დაფინანსებით უდიდესი პროგრესია ყველა დონეზე(მარტო 16-იანების წარმატება რად ღირს) და არსად ჩნდებიან საკეკლუცოდ. ასეთი შედეგები სხვას რომ ქონდეს(განსაკუთრებით ფეხბურთს) ტელეეკრანებიდან ვერ გაიყვანდი. ჰო, აბა, ილიას ზუროსი სულ ფედერაციას ეკითხება, ვინ აიყვანოს ნაკრებში. აი, დიქსონის ჩამოყვანა ნამდვილად ფედერაციის გადაწყვეტილება იყო. იქნებ ეგეც არ მოგწონთ:). არაუშავს, "ცუდას რად უნდა მტერობა".
მათე
01 სექტემბერი 2017 14:00
8
შენ ვიღაცა ხარ, რამ გაგაბოროტა, ალბათ ბოღმით სკდები წარმატებას რომ აღწევენ. ბოლო წლებია კალათბურთი უზარმაზარი ნაბიჯებით წინ მიიწევს. ამის დასტური ეროვნული ნაკრების, 16 წლიანების და გოგონათა ნაკრებების შედეგებია. თითქმის უფულო კალათბურთის ფედერაცია ყველა ნაკრებისთვის მაქსიმალურს დებს, მაღალი დონის შიდა ჩემპიონატებს ატარებს და წელს საქართველოს ჩემპიონი ევროლიგაზე გადის. თუ პირადი მტრობა გაქვს ვინმესთან, თუ შნო გაქვს, პირადად ელაპარაკე. ზუროსს ვერავინ უკარნახებს ვინ სად წაიყვანოს და ათამაშოს.
თოკო
01 სექტემბერი 2017 13:32
4
ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩვენს ფეხბურთშიც. ბიჭებო გაიხარეთ, ნამდვილი ვაჟკაცები ხართ, გუშინ კიდევ ერთხელ გვაჩვენეთ, სინამდვილეში როგორი მოდგმის შთამომავალი ვართ. როგორი იყო ქართველ წინაპართა მებრძოლი სული.
gizog
01 სექტემბერი 2017 12:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული