კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

კოტე ტუღუში საქართველოს ნაკრებზე: თავი იჩინა გამოცდილების არქონამ

AutoSharing Option
საქართველოს საკალთბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დაიწყო.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ილიას ზუროსის გუნდმა ორი შეხვედრიდან ორივე დათმო.


ახლოვდება ასევე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიც. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენ ილიას ზუროსის ყოფილ ასისტენტს, კოტე ტუღუშს დავუკავშირდით.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების ბოლო ორ შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- რა თქმა უნდა, დასანანია, რომ ორივე თამაში წავაგეთ, მაგრამ აქვე გამოვარჩევდი სასიკეთო ძვრებს იმ
მხრივ, რომ გადახალისებულმა საქართველოს ნაკრებმა ორივე მეტოქესთან პირველ ტაიმში ტოლ-სწორად ითამაშა, შემდეგ კი, ალბათ, თავი იჩინა გამოცდილების არქონამ.

თუნდაც, შეუთამაშებლობას შეგვიძლია დავაბრალოთ ეს ყველაფერი. იცით, რომ სულ სხვა ფორმატით იმართება ეს თამაშები და შესაბამისად, მწვრთნელს საჭირო დროც არ ჰქონდა, რომ გუნდი მაქსიმალურად მოემზადებინა.

- თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ ახალი ფორმაციის ნაკრებისგან და როგორ წარმოაჩინეს თავი ახალწვეულებმა?
- ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობდით თაობათა ცვლაზე, რომელიც ადრე თუ გვიან დადგებოდა. ვცდილობდით, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ახალწვეულებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ გარდა, რომლებმაც ნაკრებში დაასრულეს კარიერა, ასევე ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ასევე არ დავივიწყოთ ის კალათბურთელები, რომლებიც გუნდებმა არ გამოუშვეს ევროლიგის გამო.

შესაბამისად, ამის ფონზე ვფიქრობ, რომ არცთუ ისე ცუდი გუნდი გვყავს და ვიბრძოლებთ ჯგუფიდან გასვლისთვის.

- თქვენ შიო ცეხურიანთან მეგობრობთ. როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებია დღეს ქართულ კალათბურთში და შესწევთ თუ არა შიო ხეცურიანს და მის გუნდს მისი მოგვარების ძალა?
- მე ვიცნობ შიო ხეცურიანის პროგრამას, მას ძალიან დახვეწილი პროგრამა აქვს და რეალურად ასახავს იმ პრობლემებს, რაც ქართულ კალათბურთში არსებობს და ამავდროულად, ამ პრობლემების მოგვარების გზებიც ძალიან კარგად არის გაწერილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შიოს და მის გუნდს შესწევთ ძალა, რომ ეს პრობლემები მოაგვარონ.

- შიო ხეცურიანის გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ველოდოთ თქვენ გამოჩენას მის გუნდში?
- არა. მე ვარ კალათბურთის მწვრთნელი. მე მინდა, რომ ჩემი საქმიანობა გავამდიდრო და ვემსახურო პირველ რიგში საქართველოს. მე უბრალოდ, გული დამწყდა, ნაკრებიდან რომ გამომიშვეს. დავტოვე საქართველოს ნაკრები, მაგრამ მე ვრჩები საქართველოს ნაკრების გულშემატკივრად. მაქსიმალურად ვეცდები, ქართულ კალათბურთს ვემსახურო, სადაც უნდა ვიყო და ამ შემთხვევაში მე ჩემს თავს ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელად.
ასევე დაგაინტერესებთ