თბილისი ევროპის ახალგაზრდული ლიგის (EYBL) ოთხთა ფინალს უმასპინძლებს

AutoSharing Option
28-29 აპრილს თბილისი ევროპის ახალგაზრდული ლიგის (EYBL) ოთხთა ფინალს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან აღნიშნული ლიგის უმაღლესი – 20-წლამდელთა პირველობის საუკეთესო გუნდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ევროპის ახალგაზრდული ლიგა საკმაოდ მასშტაბური და პოპულარული ტურნირია. პირველობები ტარდება როგორც ვაჟთა (U14, U 15, U16, U 17, U20), ისე გოგონათა (U12, U13, U15, U17, U19) შორის. ლიგაში ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კლუბები მონაწილეობენ, თუმცა არიან წარმომადგენლები იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან. მთლიანობაში, ევროპის
ლიგაში ევროპის 30 ქვეყნის კლუბები ასპარეზობენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან თანამშრომლობა 4 წლის წინ დაიწყო და მასში ჩვენი ქვეყნის დაბალი ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობდნენ. წინა, 2016-2017 წლების სეზონში ევროპის ლიგაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც ჩაერთო და პირველივე სეზონში ოთხთა ფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მე-3 ადგილს დასჯერდა. ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონშიც მოახერხა ოთხთა ფინალში გასვლა და 28-29 აპრილს თბილისში ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ოთხთა ფინალში საქართველოს U20 ნაკრების პირველი მეტოქე იქნება ბელარუსული „ცმოკი-მინსკი“, ხოლო მეორე ნახევარფინალში პოლონური „ვლადსლავოვო“ და ლატვიური „ვალმიერა“ შეხვდებიან. გამარჯვებულები ფინალში 29 აპრილს ითამაშებენ, დამარცხებულები კი ამავე დღეს მე-3 ადგილს გაითამაშებენ.

მიმდინარე სეზონი ევროპის ახალგაზრდული ლიგისთვის გამორჩეულია: წლეულს ლიგას 20 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით გასულ უქმეებზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში EYBL-ის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროპულ ლიგის ბორდი გაფართოვდა და მასში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების გენერალური მენეჯერი, გივი სანაძე იქნა რჩეული.

ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვა EYBL-ის საპატიო პრეზიდენტი, გუნტის სენჰოფსი.

პაატა გურასპაული (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს ვმასპინძლობთ. იმედია, ჩვენი გუნდი წარმატებით იასპარეზებს ოთხთა ფინალში და ორგანიზებაც შესაფერისი იქნება. მოგეხსენებათ, 20-წლამდელთა ნაკრები ეროვნულის რეზერვია და სწორედ ახალგაზრდა მოთამაშეებზე დაკვირვების მიზნით, ტურნირს ილიას ზუროსი დაესწრება. ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან უკვე მეოთხე წელია, ვთანამშრომლობთ და ეს ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების ზრდას, კალათბურთის პოპულარიზაციას. გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს ოლიმპიურ სასახლეში და მხარი დაუჭიროს ჩვენს ნაკრებს.

გივი სანაძე (ასაკობრივი ნაკრებებების გენერალური მენეჯერი): უკვე მეოთხე წელია, ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან ვთანამშრომლობთ. ახალაგზარდა მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორიო გამოცდილება. თავდაპირველად, აღნიშნულ ტურნირში დაბალი ასაკობრივი ნაკრებები ჩავრთეთ, წინა სეზონიდან კი მასში მონაწილეობა 20-წლამდელებმაც მიიღეს. ეს ტურნირი ფიბას ეგიდით ტარდება და ჩვენთვის დიდი პატივია მისი მასპინძლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციისთვისა და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეების კლასის ამაღლებისთვის. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში თავდაპირველად 2001 წელს დაბადებულებმა იასპარეზეს, რომლებმაც გასულ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონიდან „ა“-ში გადაინაცვლეს. ევროპის ლიგას ახლახანს შეუსრულდა 20 წელი და მასში მთლიანობაში 328 ვაჟთა და გოგონათა 88 გუნდი ასპარეზობს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
ჩვენი უმთავრესი მიზანი კალათბურთში რაც შეიძლება მეტი გულშემატკივრის მოზიდვაა. სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს კალათბურთით და სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო მასობრივი გახდეს ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება უშუალოდ მოახლოვებულ ოთხთა ფინალს, მასში მოხვედრა უკვე წარმატებაა ჩვენი გუნდისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება ვაჩუქოთ. რაც შეეხება შემადგენლობას, ნაკრებს ახალგაზრდა ლეგიონერებიც შემოურთდებიან. ესპანეთში მოთამაშე ლუკა ბულაშვილი უკვე თბილისშია, ამერიკიდან მალე ჩამოვა ლადო ფურცხვანიძეც. სამწუხაროა, რომ ოთხთა ფინალში ვერ დაგვეხმარება დავით აფხაზავა, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. იმედი მაქვს, ის მომავალ, ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე მოიშუშებს ტრავმას. ეს ოთხთა ფინალი თავის მხრივ დიდად დაგვეხმარება გუნდის შეკვრასა და შეთამაშებაში, რათა ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარვსდგეთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული