კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველო VS საბერძნეთი - მეტოქე მოსაგებად ჩამოვიდა, ჰოდა გავუცრუოთ ბერძნებს იმედი!

AutoSharing Option
დღეს, 16 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისში სპორტის სასახლეში 19:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

საბერძნეთის ნაკრები 14 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველოს ნაკრები 10 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები თეორიულია, თუმცა ყველაფერი ხდება და ბიჭები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მთავარი პრობლემა ევროლიგის და ფიბას დაპირისპირებაა, რომელიც კალათბურთელებს ნორმალური ასპარეზობის საშუალებას არ აძლევს და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომ ეს ყველაფერი არ
ხდებოდეს.

ჩვენი ნაკრები

საქართველოს ნაკრების მიერ ისრაელის დამარცხების შემდეგ (85:80), ბევრი რამ გამოიკვეთა, მაგალითად ის რომ გოგა ბითაძეს რამდენიმე თვეში საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს და სათამაშო ხარვეზები გამოსწორებული აქვს. ის საუკეთესო იყო ებრაელებთან, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +21 გახლდათ. (13 ქულა, 9 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკი)

გამოჩნდა ის რომ, თორნიკე შენგელია სამქულიანების სროლაზე მუშაობს და ამას საკმაოდ დიდ დროს უთმობს, თორნიკეს იდეალურ ფორვარდობამდე ყოველთვის ეს კომპონენტი აფერხებდა. მან 8-ჯერ ისროლა სამქულიანი და მათგან 3 აღმოჩნდა ზუსტი. ზოგადად ის მთავარი მექულეც გახლდათ პარკეტზე, მან მეტოქის კალათში 22 ქულა ჩააგდო. პარალელურად 9 მოხსნაც და 1 გადაცემაც ჰქონდა.

რაც შეეხება ახალ ლეგიონერს, გამოჩნდა რომ მეტ ჯენინგი გუნდთან მთლად ბოლომდე ვერ არის შეთამაშებული. მან პირველი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებთან ერთად და რთულია ამ პერიოდში ნაკრებთან ბოლომდე დაახლოება, თუმცა ის კარგად იცნობს თორნიკე შენგელიას. მასზე გაცემული მთავარი მოთხოვნა პერიმეტრიდან ხშირად ესროლა - შეასრულა და ფაქტიურად სხვა პოზიციიდან არც უსროლია, 10 მცდელობიდან 5 გამოიყენა და 50% მაჩვენებელი დააფიქსირა. მას დაცვაში 3 მოხსნა ჰქონდა, ამავდროულად 3 გადაცემითაც დაასრულა.

წინა შეხვედრაში წარმატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დუდა სანაძის თამაში იყო. მას ძალიან კარგად წაუვიდა სამქულიანები, 7 მცდელობიდან 5 ჩააგდო, რამაც მნიშვნელოვნად წაგვწია წინ.

თუმცა არ დაგვავიწყდეს კატასტროფული მესამე მეოთხედი, როცა ჩვენმა გუნდმა 15 ქულით წააგო. ესეთი ჩავარდნის შემდეგ ისრაელთან შეიძლება მშრალად გამოხვიდე, თუმცა ამას საბერძნეთი არ გაპატიებს.

ილიას ზუროსი: საბერძნეთთან მოგება ძალიან რთული იქნება, რადგანაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან ვთამაშობთ. ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ძალიან კარგად ვიცით თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ამ ნაკრებს 7-დან 7 მოგება აქვს. მათ ორი დღის წინ სერბეთის დამარცხება შეძლეს. ჩვენთვის საბერძნეთთან თამაში დიდი გამოწვევაა.

მეტოქე

13 სექტემბერს საბერძნეთმა სერბეთი 70:63 დაამარცხა და თბილისში მეშვიდე გამარჯვებით წამოვიდა. თუმცა არ წამოიყოლა მატჩის გმირი იოანნის ბურუსისი, რომლის კარგმა თამაშმა განაპირობა სერბეთის მარცხი (9 ქულა, 10 მოხსნა, 8 გადაცემა). ბერძნებს შორის ერთ-ერთი მთავარი მექულეც გიორგიოს პრინტეზისის (15 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა) დასვენებაც გადაწყვიტეს და ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო ფაქტია.

მათ ნაცვლად თბილისში იოანის ლარენტზაკისი (აეკი) და ევანგელოს მარგარიტისი (პაოკი) ითამაშებენ.

საბერძნეთის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი - 29 წლის/198 სმ)
კოსტას სლოუკასი (ფენერბახჩე - 28/190)
კოსტას პაპანიკოლაუ (ოლიმპიაკოსი - 28/204)
იოანის პაპაპეტროუ (პანათინაიკოსი - 24/206)
ტანასის ანტეტოკუონმპო (პანათინაიკოსი - 26/201)
პანაგიოტის ვასილოპულოსი (პერისტერი - 34/205)
ტილერ დორსი (ატლანტა ჰოუკსი - 22/196)
გიორგიოს პაპაგიანისი (პანათინაიკოსი - 21/218)
ევანგელოს მანტზარისი (ოლიმპიაკოსი - 28/196)
კონსტანტინოს მიტროღლუ (პანათინაიკოსი - 22/210)
იოანის ლარენტზაკისი (აეკი - 24/196)
ვანგელის მარგარიტისი (პაოკი - 35/203)

წინა დაპირისპირებაში კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე ნიკ კალატესი გახლდათ, 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 გადაცემა. მისი განეიტრალება აუცილებელი იქნება, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო კალათბურთელია და დიდ ძალას წარმოადგენს.

საკმაოდ სახიფათო კალათბურთელია კოსტას სლოუკასი, რომელიც მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპზეა გამორჩეული. საშუალოდ მას ჩატარებული შეხვედრების ჯამში გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი აქვს: მარგი ქმედების კოეფიციენტი - 14, ქულები 11, მოხსნები 5 და გადაცემა 4. ის სერბეთთანაც საკმაოდ აქტიური იყო, მისი შედეგიანობა ასე გამოიყურებოდა: 11 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი.

ტანასის სკორტოპულოსი: მაგრად ვასპარეზობთ, პროგრესი სახეზეა. შემდეგი ამოცანა საქართველოს დამარცხებაა. ბიჭები საბრძოლოდ მზად არიან და მშვენივრად ესმით ამ შეხვედრის მნიშვნელობა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.

შენგელია
და შერმადინი მეტოქის ლიდერები არიან და მათ გასანეიტრალებლად ყველაფერს ვიღონებთ. ჯენინგს პერიმეტრი უნდა გადავუკეტოთ, რათა სროლის საშუალება შევუზღუდოთ.

პრინტენზისი და ბურუსისი ძალიან დაგვაკლდებიან. სწრაფად თამაშის და კარგი დაცვის ორგანიზების იმედი მაქვს. ეს ჩვენი უპირატესობაა და უნდა გამოვიყენოთ

მოლოდინი

სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივარში ინტერესი საკმაოდ დიდია. ბილეთების უმრავლესობა გაყიდულია და თამაშამდე ალბათ აღარც დარჩება. ფედერაციის რჩვევაა, რომ თადარიგი დაიჭიროთ და ადრე მიხვიდეთ სპორტის სასახლეში, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება საცობში მოხვდეთ, რის გამოც თამაშზეც დაიგვიანოთ.

მეექვსე მოთამაშის ყოფნა გუნდს ძალიან დიდ ძალას აძლევს და ის არსებულზე ბევრად ძლიერია. შესაბამისად მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი ნაკრები ბოლომდე უნდა გავამხნევოთ და მოტივაცია მივცეთ.

მეტოქე ფავორიტია, თუმცა ბრძოლასა და თავდადებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მეტოქე თავზე დაგყურებს და ფიქრობს:" ამათ მოგებას რა უნდა, მოდი ლიდერებს დავასვენებ და აღარ დავტვირთავო ". ჰოდა დროა ბერძნებს იმედი გავუცრუოთ და ვაჩვენოთ თუ ვინ არის უკეთესი გუნდი პარკეტზე!


altსაქართველო-საბერძნეთის მატჩის წინ კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივარს მიმართავს

altილიას ზუროსი - საქართველოს "მეექვსე მოთამაშე", რომელიც სწრაფად აზროვნებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს

alt რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

altსაქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ