საქართველო VS ისრაელი - თეორიული შანსი პრაქტიკულის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი ებრაელებს მეორედ ხვდება.

ჯგუფის პირველი წრის მატჩი ქართველებმა 13 სექტემბერს, თელ-ავივში ისრაელს 85:80 მოუგეს, თუმცა სატურნირო მდგომარეობა ისე დატრიალდა, რომ ებრაელები დარჩენილი 3 მატჩის მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გადიან.

სერბეთის ისრაელში დამარცხების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი საქართველოსაც გაუჩნდა და ყველას წინა ფანჯარაში საბერძნეთთან ბოლო წამზე დასანანად განცდილი მარცხი გაახსენდა. ბერძნებთან რომ მოგვეგო, ჯგუფიდან გასვლა ახლა საკმაოდ რეალური იქნებოდა.

რაკი თავიანთი ბედი თავიანთ
ხელშია, ისრაელის ნაკრები სრული მობილიზებით და მოსაგებად შემართული ესტუმრა თბილისს.

ოდედ კატაშის გაწვრთნილმა გუნდმა ევროლიგაში მოასპარეზე "მაკაბის" მოთამაშეებს თბილისშიც უხმო. ებრაელებმა თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე ივარჯიშეს, რის შემდეგაც ქართველების ჯერი დადგა.

ილიას ზუროსმა ნაკრები ხანგრძლივად და მრავალფეროვანი კომბინაციებით ავარჯიშა. ბერძენი სპეციალისტი იმდენად იყო წვრთნის პოცესში ჩართული, რომ ბლოკის დაყენების ტექნოლოგიას, დაცვაში გადაადგილებას და ნებისმიერ მცირე დეტალსაც კი მოთამაშეებს საკუთარ მაგალითზე აჩვენებდა.

მწვრთნელმა შემადგენლობა არ შეცვალა. დღეს ისრაელთან ის 12 კაცი გავა, რომელმაც 30 ნოემბერს ტალინში, ესტონეთთან ითამაშა. კომბინაციების დამუშავების შემდეგ, ვარჯიშის დასკვნით ნაწილს ჟურნალისტები დაესწრნენ, ჩვენი ნაკრების წევრებმა კი შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს ესტონეთთან გამარჯვება. არ იყო ადვილი როგორც მწვრთნელებისთვის, ისე კალათბურთელებისთვის, რომ ორ დღეში მზად ვყოფილიყავით ტალინური მატჩისთვის. შემდეგ იყო დამღლელი მგზავრობა, ვარჯიში და ხვალ ისევ თამაშია. ეს ყველასთვის რთული გრაფიკია. მიუხედავად ამისა, მჯერა ჩემი მოთამაშეების და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. იმედია, რომ გულშემატკივარი მრავლად მოვა და დაგვიჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში".

გოგა ბითაძე (საქართველოს ნაკრები): "ისრაელმა სერბეთს მოუგო გასვლაზე, რაც წარმოუდგენელი იყო. ძალიან სერიოზული გუნდია, თუმცა ჩვენც მზად ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და კარგი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივარს. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ესტონეთთან შეხვედრაში მე და გიორგი შერმადინს ერთად უნდა გვეთამაშა. კომფორტულად ვიგრძენი თავი, რადგან სიმაღლეში უპირატესობა გვქონდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი და როგორ ვითამაშებთ ისრაელის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრის ფაქტორი და ველოდებით მათ სპორტის სასახლეში".

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები): "ისრაელის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მათ ის უპირატესობა აქვთ, რომ ევროლიგის გუნდები ჰყავთ და კალათბურთელებსაც თავიანთი ქვეყნის ნაკრებში უშვებენ. ამიტომ ძალიან ძლიერი შემადგენლობით ჩამოდიან და თან, სერბეთთან გამარჯვების შემდეგ. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ ეს შეხვედრა, რადგან გაგვიცოცხლდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი. ტაქტიკურად მზად ვართ და თავს არ დავზოგავთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ისრაელის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

altდუდა სანაძე და გოგა ბითაძე ესტონეთთან მატჩს აფასებენ [VIDEO]

alt შესანიშნავი ტრიო - საქართველომ ესტონეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
გამარჯვება სიზმარში
ბიძგვინა
18:36 03-12-2018
5
მნიშვნელობა არა აქვს შანსების თვლას.თამაში თბილისშია და უნდა გავიმარჯვოთ.
სოსო
17:18 03-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული