სულ ზევით, ზევით – საქართველოს ნაკრები ევროპაში წონას და პრესტიჟს იმატებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში ჩატარებული ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მეორე მატჩიც მოიგო და E ჯგუფს კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს. და ეს მაშინ, როცა ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსის გამო განაღდებული აქვს, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი სახელიანი სერბეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენ ზურგსუკანაა და კონტინენტის პირველობაზე გასასვლელად იბრძვის.

2 დღის წინ ფინეთთან მოგებულ მატჩში ილიას ზუროსმა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაამტკიცა, რომ გუნდის შერჩევა და თამაშის წაყვანა კარგად ეხერხება. ძირითადი შემადგენლობის 7 კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ ფინეთს მოუგეს; 2 დღეში ის შვეიცარიაც
დაამარცხეს, რომელმაც ქალაქ ესპოოს არენაზე 28 ნოემბერს სერბეთს 92:90 სძლია.

ფინეთში მოპოვებულ ორივე გამარჯვებაში უდიდესი იყო საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეების წილი. ჩვენს გუნდში 3 გამოკვეთილი ვარსკვლავი თამაშობდა – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, დანარჩენები კი სუპერლიგის წიაღიდან იყვნენ, რომლებმაც თავი ფინეთთან გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინეს.

შენგელიას მარჯვენა ფეხი აწუხებდა და ილიას ზუროსმა მხოლოდ 20 წუთი ათამაშა. მწვრთნელმა ისე გაუნაწილა თორნიკეს სათამაშო დრო, რომ გუნდის კაპიტანი და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი მოედანზე იმ დროს ყოფილიყო, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დრო იყო მატჩის დასაწყისი, შუაწელი და რაღა თქმა უნდა, ბოლო წუთები. შენგელიამაც, ფინეთთან მატჩის მსგავსად, შეხვედრის ბოლო წუთზე მებრძოლი სული გამოავლინა, ბურთი შვეიცარიელებს აართვა და ზუსტი საჯარიმოებით საქართველოს ნაკრებს მოგება გაუნაღდა.

შენგელიაზე მთელი 9 წუთით მეტი ითამაშა “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ, რომელიც კვლავ ძალიან სარგებლიანი იყო. ჩვეული სიდინჯით და კვლავ საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა გივი ბაქრაძე, რომელსაც ბურთი ხომ საიმედოდ გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე და შედეგიანადაც უტევდა.

ბექა ბექაურმა სანაკრებო კარიერაში უმეტესი – 18 წუთი ითამაშა და 2 სამქულიანი ჩააკალათა; საბა ლობჯანიძემ კი 12 წუთში კარგი დაცვა ითამაშა, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოს ნაკრებმა, რის ფონზეც შვეიცარიელებმა მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორი სროლებით სძლიეს 2 დღის წინ შვეიცარიელებმა სერბეთს, როცა 23 ცდიდან 13 სამიანი ჩააგდეს. ილიას ზუროსმა კარგი დასკვნები გამოიტანა აღნიშნული მატჩიდან და შვეიცარიელებს სამქულიანების სასროლი სივრცეები ხომ გადაუკეტა და მეტოქე სწორედ შორი სროლებით გატეხა. თად მაკფადენმა, რომელმაც ფინეთთან 6 ცდიდან ყველა სამიანი ააცილა, შვეიცარიასთან 9-დან 6 ჩააგდო.

წინა მატჩში ტრავმირებულმა მერაბ ბოქოლიშვილმა შვეიცარიასთან სასტარტოში დაიწყო და გუნდს საწყის წუთებში დაცვითი მუხტი შემატა, ხოლო ილია ლონდარიძეს, რომელიც ფინეთთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, იმ 3 წუთში, რაც მოედანზე იყო, თავი არ შეურცხვენია.

დაბოლოს, გიორგი კორსანტია, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი იყო. არასრულ 13 წუთში კორსანტიამ 9 ქულა მიითვალა და ქართველების დაცვით ჯაჭვშიც მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკი დიდი პატივისცემით დატოვა. ილიას ზუროსს და მის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მოგებული ფინური ბაბლის შემდეგ პრესტიჟი კიდევ უფრო მოემატა და ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. საქართველო უმიზნებს მომავალი ბაბლის მასპინძლობას, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლო კვირაში გაიმართება და რის ფარგლებშიც ზუროსის გუნდს სერბეთთან და ფინეთთან დაპირისპირება მოუწევს. ქართველებს, რომლებსაც ევრობასკეტის საგზური ჯიბეში აქვთ, 1 მოგება ჯგუფში პირველ ადგილს გაუნაღდებს. ასეთ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურებს E ჯგუფიდან მე-2-მე-3 ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 17 /
აი ასეთი მწვრთნელი უნდა ყავდეს საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში.ძალიან დიდი სათამაშო დისციპლინა აქვს გუნდში. ყველა კალათბურთელმა მოედანზე იცის მისი ადგილი.
Zaza
21:27 01-12-2020
1
კარგი გუნდი გვყვას კარგი მწვრთნელით, მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისთვის
irakli
20:05 01-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული