კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე აბსოლუტური რეკორდსმენია. მას ქართველ სპორტსმენებს შორის ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული. კალათბურთის გარდა არ არსებობს სპორტის სახეობა, რომლის ეროვნულ ნაკრებში ვინმეს 187 მატჩი ჰქონდეს ჩატარებული. სწორედ ამდენ ოფიციალურ და ამხანაგურ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გიორგი ცინცაძემ, რომელიც 35 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ტრავმა აქვს, კარიერის დასრულებას არ აპირებს. ცნობისთვის, პოპულარული სახეობების სანაკრებო რეკორდსმენებს შემოგთავაზებთ: საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში სარეკორდო, მეასე მატჩი ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელიც ამ მაჩვენებლით ლევან კობიაშვილს გაუთანაბრდა; მორაგბეთა ნაკრებში კი საუკეთესო შედეგი აქვს
დავით კაჭარავას, რომელსაც ეროვნულ გუნდში 121 მატჩი უთამაშია.

„187 პატარა რიცხვი არ არის. თუნდაც ერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებში ძალიან საამაყო და სასიხარულოა, – გვითხრა გიორგი ცინცაძემ, რომელსაც 7 თებერვალს 35 წელი შეუსრულდა – ნაკრების მწვრთნელის დაძახებაზე პირველივე დღიდან ჩავდიოდი, ვცდილობდი მაქსიმალურად დავხმარებოდი ეროვნულ გუნდს. როგორ ვეხმარებოდი, ეს უკვე გულშემატკივარმა შეაფასოს. საბოლოოდ 187 მატჩი მომიგროვდა. ჯერჯერობით ამ მაჩვენებლით ყველა სახეობაში პირველი ვარ. თუ ვინმე გამასწრებს, ნამდვილად არ მეწყინება“.

გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ოთხ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. იყო ალბათობა, ორჯერ მეტ ევრობასკეტზე მიეღო მონაწილეობა და მედლებითაც დაბრუნებულიყო. საამისოდ საჭირო იყო თანხმობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე.

„მოსკოვის ცსკა-ში 2003 წელს გადავედი. შემომთავაზეს რუსეთის მოქალაქეობა, რაც, შესაძლოა, უკეთეს ფინანსურ პირობებს ნიშნავდა, მაგრამ მაშინ სრულიად დამოუკიდებლად გადავწყვიტე მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. რუსებს უარი ვუთხარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებმა რამე დაკარგა. რა თქმა უნდა, დღეს არ ვნანობ, სწორ ნაბიჯად მიმაჩნია და ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ვარ“.

აქვე ერთ სწორ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს არ ეხება: 2006 წელს ცინცაძემ რუსეთი დატოვა და ესტონეთში გადავიდა…

„მოსკოვის ცსკა-ში 17 წლისა გადავედი. ახალგაზრდა ვიყავი და დრო ცოტა მქონდა. ვითამაშე სხვა რუსულ გუნდებშიც, მაგრამ ესტონეთში სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი – ასაკის მიუხედავად, ბევრს ვთამაშობდი და ბალტიის ლიგაზე „ჟალგისირისა“ და „რიტასის“ დონის გუნდებთან შემეძლო მეჩვენებინა, რა შემიძლია“.

სხვათა შორის, „ტარტუ როკის“ მაისურით გიორგიმ პლეი-ოფიდან გამოთიშა ყოფილი გუნდები „სამარა“ და „ურალ გრეიტი“. ურალელებთან მეოთხედფინალის ბოლო პერიოდში ქართველმა გამთამაშებელმა 15 ქულა ჩააგდო…

რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი საქართველოს ნაკრებში?

„შემიძლია დაუფიქრებლად ვთქვა – ჩემი პირველი ოფიციალური თამაში საქართველოს ნაკრების მაისურით. 2004 წელს თბილისში 12 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ფინეთი დავამარცხეთ. ის ემოცია, რაც დარბაზში იყო, ახლაც საოცრად მახსენდება. თუმცა მას მერე ჩვენმა ნაკრებმა ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა“.

გიორგიმ ოქტომბრის დასაწყისში დუდუ დადიანის მემორიალი თსუ-ს მაისურით ითამაშა. შეჯიბრება ვერ ჩაამთავრა, რადგან მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო – ჯვარედინი იოგები გაუწყდა.

„ძალიან მინდა საქართველოს ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე დავეხმარო. ეს საკალათბურთო ზეიმი იქნება – ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ხომ თბილისში ვითამაშებთ. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ენერგიაც მეტია და წარმატების შანსიც“.

„ოპერაციაა საჭირო, ვემზადები და მომავალ კვირაში გავიკეთებ. ისეთივე დაზიანებაა, რაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიასთან მატჩისას მივიღე. იმედი მაქვს, ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და მალე დავუბრუნდები მოედანს“.

შეგახსენებთ, რომ 2011-ში მაკედონიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ ცინცაძეს რეაბილიტაციისთვის 6 თვე დასჭირდა, 2012 წლის აპრილ-მაისში „ოლიმპის“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის პლეი-ოფი მაღალ დონეზე ითამაშა, ხოლო ზაფხულში ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტი 2013 წლის შესარჩევ ეტაპზე დაეხმარა.

GBF.GE