უკრაინა-ესპანეთის მატჩის შემდეგ საბოლოოდ გვეცოდინება, ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ (პირველზე, დიდი ალბათობით, ესპანეთი გავა). რაც შეეხება მე-2 ჯგუფურ ეტაპს, იქ მეტოქეები იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ნაკრებებს მეორე ეტაპზე ბოლოადგილოსანთან ნათამაშები ქულები არ გადაჰყვებათ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ახალ ჯგუფში 2 მოგება და 2 მარცხი ექნება.
შეხვედრის შეფასება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად აღმასკომის
- შეხვედრის რეპორტაჟი მიგყავდათ და აღნიშნეთ, რომ ასეთი ემოციები საქართველოს ნაკრების არცერთი მატჩისას არ გქონიათ...
- ემოციები და ნერვიულობა ბუნებრივი იყო. საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. ეს წარმატება დაფასებაა იმ შრომისა, რომელიც ფედერაციამ, ნაკრების თითოეულმა წევრმა, მწვრთნელებმა და გულშემატკივარმა გასწიეს. გამოჩნდა, ამდენი ტყუილად არ ვიწვალეთ.
რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოდგა, რომ ჩვენი ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მართლაც სისხლი გამოუშვეს ორგანიზმიდან და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს. სპორტის ახალ სასახლესთან ერთად, ქართული კალათბურთის ახალი ისტორია დაიბადა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, მნიშვნელოვანი დანაკლისი გვქონდა. ქართულ კალათბურთში მართლაც ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით აუცილებლად დაგვირგვინდება!
- მოვისმინეთ ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ რამდენიმე დღეში უკრაინასა და ესპანეთთან ყველაზე ცუდი და საუკეთესო მატჩები გამართეს. რამდენად იყო დამატებითი მოტივაცია, იმ ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ გუნდს ესპანეთთან წარმატებით ეთამაშა?
- ბუნებრივია, რომ ყველა შეხვედრაზე ერთნაირად წარმატებით ვერ გამოხვალ. როცა არ მიგდის თამაში, მომდევნოზე სრულ კონცენტრაციას აკეთებ. ახალი დარბაზი, აჟიოტაჟი, ასევე ის ფაქტორი, რომ მარცხის შემთხვევაში ისტორიულ მიზანს დავშორდებოდით, გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა.
მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. მათ გენიოსი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო. ბექა ბექაურმა ნდობა გაამართლა და ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე თამაშიც ვნახეთ.
- ანდრონიკაშვილის თამაში მართლაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კომენტარს გავეცანი, სადაც გულშემატკივრები კითხულობდნენ, თუ რატომ არ თამაშობს რატი უკვე NBA-ში?
- რატი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია და მართლაც აქვს შანსი, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შევიდეს, თუ თავდაუზოგავად იშრომებს. ანდრონიკაშვილს აქვს სპორტული აღნაგობა, გრძელი ნაბიჯები, კიდურები და სხვა თვისებები, რაც მას წარმატებაში ძალიან დაეხმარება. წლებია, ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა. რატის აქვს პერსპექტივა, ამ პოზიციაზე ათწლეულები ითამაშოს. ის დაღვინებულია, არანაირი შიში და მორიდება არ გააჩნია. გადამწყვეტი მომენტები გავიხსენოთ - ანდრონიკაშვილის ჩაჭრები, სამქულიანები, როგორც ძირითადი დროის ბოლოს, ასევე ოვერტაიმში.
ფაქტია, ყველა ძალიან მონდომებული იყო. მოვისმინე მოსაზრება, რომ ტედ მაკფადენს კარგი მატჩი არ ჰქონდა, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო და ბევრი ასისტი მიითვალა. თორნიკე შენგელიამ ბოლოს კალათში რამდენიმე ბურთი ვერ მოათავსა, მაგრამ როცა გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა, ნაკრებს ულიდერა და საკუთარი ზურგით ატარა.
ახლა მეორე ეტაპს უნდა დაველოდოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ნაკრების ბოლომდე მწამს და მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ.
ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]