საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
არა უშავრს ბიჭებო, იტალიასთან მარცხი სირცხვილი არ არის. თავდადებაც იყო ჟინიც რაც მთავარია. ეს უკვე აღარ იყო ის თამაში რაც ევროპაზე ვნახეთ. წინ კიდევ თამაშებია და იმედია საწადელს მივაღწევთ. წარმატებას გისურვებთ და რწმენას საკუთარ თავში.
G.LA
21:35 14-11-2022
1
მაკფადენზე უფრო თოკომ წააგო, მარა საყვედური მაინც არავისზე ითქმის.
geos
00:24 15-11-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული