ევრობასკეტი 2017: გაიმარჯვა სლოვენიამ, გაუმარჯოს სლოვენიას! [VIDEO]

AutoSharing Option
ეს იყო საოცრება! სლოვენია ევროპის ჩემპიონია, დრაგიჩი ევროპის ჩემპიონია, კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონობა მოგვიტანა! ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში, პატარა, 2 მილიონიან სლოვენიაში, სადაც კალათბურთი ყველას ძალიან, ძალიან უყვარს, - მომწერა სლოვენიელმა ჟურნალისტმა ალიაჟ ვრაბეცმა ევრობასკეტის დასრულებისთანავე.

მისმა გუნდმა ხომ ისტორიაში ოქროს ფურცელი გადაშალა. ლაპარაკია არა მხოლოდ კალათბურთის, არამედ ზოგადად სპორტისა და საერთოდ ქვეყნის ისტორიაზე. 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხომ სლოვენიელებს ასეთი სიმაღლისთვის აქამდე არც ერთ სფეროში არ მიუღწევიათ.

არადა, ასეთ სიხარულს იმსახურებდნენ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინალში
მთელი თამაშის განმავლობაში უგებდნენ სერბეთს; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარფინალიდან ესპანეთი გამოაგდეს; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევრობასკეტი პირველი მატჩიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და ყველა მატჩი მოიგეს; არამედ იმიტომაც, რომ სლოვენიაში ძალიან პატარა და დალაგებულ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში სწორად ვითარდებოდა კალათბურთი და ამიტომაც იგორ კოკოშკოვს ჰყავდა გუნდი 10 კარგი კალათბურთელითა და ორი ვარსკვლავით.

"კარგები" დიმეცი და ვიდმარი სერბ ცენტრებს სათანადოდ დაუდგნენ, კარგებმა პრეპელიჩმა და ნიკოლიჩმა პერიმეტრზე თავისი საქმე პირნათლად შეასრულეს, ხოლო ვარსკვლავებმა, დონჩიჩმა და დრაგიჩმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს.

სლოვენიელთათვის სამწუხაროდ, მესამე პერიოდის დასაწყისში 18 წლის დონჩიჩმა კოჭის ტრავმა მიიღო და მატჩი ვეღარ განაგრძო. სწორედ მისი გასვლის შემდეგ შეკვეცა სერბეთმა 12-ქულიანი ჩამორჩენა, წინაც გავიდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სლოვენიელთა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თამაშიდან მოხსნა გუნდის ლიდერი, გორან დრაგიჩი და თამაშიც მოიგო. დიახ, სლოვენიამ გადამწყვეტ მომენტში სწორედ დრაგიჩისა და დონჩიჩის გარეშე მოახერხა გამარჯვება.

არადა, როგორია, სათადრიგოთა სკამზე დასვა გუნდის ლიდერი, რომელსაც მანამდე 35 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. პირველ ტაიმში გორანი ნამდვილი "დრაკონი" იყო. მას სერბები ვერც ფარქვეშ აჩერებდნენ და ვერც პერიმეტრზე. ვინც შეხვედრა პირდაპირ ეთერში იხილა, ნამდვილად დატკბებოდა დრაგიჩის რაკეტისებური შეტევებით, რამაც თამაშის ტემპი ძალიან მაღლა ასწია და მეხსიერებაში დაგვიტოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატი.

- გაუმარჯოს სლოვენიას, პატარა, მაგრამ ლამაზ ქვეყანას, - მომწერა კვლავ ალიაჟ ვრაბეცმა, რომელიც საქართველოშიც ნამყოფია და ქართული სუფრის ტრადიციებიც კარგად მოეხსენება.

ფინალი
17 სექტემბერი
სლოვენია-სერბეთი 93:85
20:22, 36:25, 15:20, 22:18
სლოვენია: დრაგიჩი (35 + 7 მოხსნა), დონჩიჩი (8 + 7 მოხსნა), ბლაჟიჩი (7), მურიჩი (5), ვიდმარი (2) – სასტარტო; პრეპელიჩი (21), რენდოლფი (11), ნიკოლიჩი (4), ჩანჩარი, ზაგორაცი, დიმეცი.
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (22), მაჩვანი (18), ლუჩიჩი (9 + 8 მოხსნა), კუზმიჩი (6), იოვიჩი (2) – სასტარტო; ბირჩევიჩი (8), გუდურიჩი (6), მარიანოვიჩი (6), მიჩიჩი (4), მილოსავლიევიჩი (2), შტიმაცი (2).


სიმბოლური ხუთეული
ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლურ ნაკრებში საუკეთესო კვარტეტის გუნდების წარმომადგენლები შევიდნენ: გორან დრაგიჩი (სლოვენია), ალექსეი შვედი (რუსეთი), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) და პაუ გასოლი (ესპანეთი).

MVP
გორან დრაგიჩი
როდესაც ევრობასკეტის სიმბოლური ხუთეული გამოაცხადეს და ხუთი კალათბურთელი "ტისოს" საათებით დააჯილდოვეს, ყველას კარგად მოეხსენებოდა, მათგან ვინ გახდებოდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი. ეს უნდა ყოფილიყო ფინალში 35 ქულის ჩამგდები სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი.

მისი არაერთი მატჩი გვინახავს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო "მაიამის" პლეიმეიქერის საუკეთესო შეხვედრა კარიერაში. იგი ფარქვეშაც გამჭოლი ქარივით ატანდა და 7-დან 3 სამქულიანიც მნიშვნელოვან მომენტში ჩააგდო.

***
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე მე-13 მედალი მოიპოვა. მას სამი ოქრო აქვს, ექვსი ვერცხლი, ხოლო სამ ბრინჯაოს მეოთხე გუშინ შემატა.

გასოლებისა და რუბიოს გუნდი ევრობასკეტზე სულ სხვა სინჯის მედლისთვის ჩავიდა, როდესაც გუნდში ასეთი გვარის კალათბურთელები თამაშობენ, მთავარი ამოცანა ოქროს მოპოვებაა. თუმცა ნახევარფინალში სლოვენიამ სუპერთამაშით ესპანეთს სამწამიანი ზონა სათანადოდ გადაუკეტა, გასოლებს თავისი უპირატესობების გამოყენების უფლება არ მისცა და ფინალში არ შეუშვა.

"მწვანე დრაკონებზე" გამწარებულმა გასოლებმა ჯავრი რუსებზე იყარეს: პაუმ 26 ქულა ჩააგდო, მარკმა - 25. მათ წინააღმდეგ ვერას გახდა NBA-ს ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი, ლიდერის ალექსეი შვედის 18 ქულა კი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მე-3 ადგილისთვის
17 სექტემბერი
ესპანეთი-რუსეთი 93:85
21:13, 24:15, 21:27, 27:30
ესპანეთი: პ. გასოლი (26 + 10 მოხსნა), მ. გასოლი (25), სან-ემეტერიო (8), რუბიო (4 + 7 პასი), ნავარო (2) – სასტარტო; როდრიგესი (16 + 9 პასი), ვ. ერნანგომესი (6), ორიოლა (5), სასტრე (1), ხ. ერნანგომესი.
რუსეთი: შვედი (18 + 5 შეცდომა), ვორონცევიჩი (10), ხვოსტოვი (8 + 9 პასი), ფრიძონი (6), ივლევი (2) – სასტარტო; მოზგოვი (14 + 10 მოხსნა), კულაგინი (10 + 7 პასი), ზუბკოვი (8), კურბანოვი (4), ბაბურინი (3), ანტონოვი (2).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ პროფესორობთ, დრაგიჩი დონჩიჩი და ნასტერიჩი კონკრეტულად სერბები არიან და სერბულად ლაპარაკობენ სლოვენიაში პრესასთან, არა სლოვენიურად დ სერბები ხუმრობენ სერბულ ენას პოპულარიზაციას უწევენო სლოვენიაში. რო დაიწყებთ ხოლმე ამ პროფესორობას ოღონდ რამე თქვათ და ვითომ რამეს ამტკიცებთ, ეგენი ისე არიან როგორც ჩვენთან ქართლელები სვანები მეგრელები ლაზები ა.შ ყველანი სერბები არიან ისე როგორც ჩვენ ქართველები და მოეშვით მაგ ხალხის დაშლას, უბრალოდ სლავები კი არა სერბები არიან აბსოლიტურად ერთი ძირის ხალხი. კავკასიაში სხვადასხვა ოჯახის ენებს ვლაპარაკობთ და შეიძლება იმის თქმა რომ ჩეჩენი ქართველი არაა, მაგრამ ამას ლაზზე ვერ იტყვი იმის მიუხედავად რომ 400 წლია გათურქებულია. ეგენი კი საერთოდ ერთ ოჯახის უახლოეს ენებზე ლაპარაკობენ, სლოვენები მე7 საუკუნის მერეც ჩვეულებრივად შედიოდნენ სერბეთის სამეფოს შემადგენლობაში. აი ხორვატები და ბოსნიელები კი ზუსტად სერბები იყვნენ თურქბის და კათოლიკეების მოსვლამდე, ძაან რომ შეჰხარით ამ იუგოსლავიის დაშლას ეგ იგივეა დღეს საქართველო აჭარად სამეგრელოდ სვანეთად და ქართლად რომ იყოს დაყოფილი. დღევანდელი სერბეთი მაგათი ”ქართლია” და ბოსნია ”აჭარა-სამეგრელო.” ასე რომ თქვენ ჯობია უფრო საკუთარ ქვეყანაზე იჭიკჭიკოთ მალე მოგიწევთ იმის მტკიცება რომ აჭარლები ლაზები და სვანები ქართველები არიან.
Gijo
17:11 18-09-2017
2
მესამედ ვუყურებ ამ თამაშს და ასეთი კალათბურთი ნბა-იც იშვიათად თუ მინახავს.გამახსენდა ჩვენი ნაკრებიც გაბუტულები რომ თამაშობდნენ არადა ერთი ნაბიჯით წინ წაწევა შეგვეძლო.ახლა კი ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ნაკრებს.გულშემატკივარი ვის ახსოვს.ბიჭებს მადლობას ვეუბნები ლიტვასთან მოგებისათვის მაგრამ გული იმაზე მწყდება რომ მარტო კალათბურთში კი არ წავაგეთ,არამედ მენტალიტეტში და საქმისადმი მიდგომაში
გიორგი
13:22 18-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული