კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტისკენ - ნაწილი XIII

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის პროექტი "ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტი 2021-ისკენ" წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების უკანახაზელებს. ზოგს მატჩების რეკორდული რაოდენობა აქვს ჩატარებული, ზოგს სულაც ორ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა თითოეული მათგანი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ნაკრების წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანა. უკანახაზელთა შესახებ თხრობას ვიწყებთ აქ წარმოდგენილი 5 კალათბურთელით:

გიორგი ცინცაძე

2004 წლიდან ეროვნულ გუნდში გამოჩნდა ჭაბუკი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც დღეს ნაკრების რეკორდსმენია - ყველაზე მეტი, 350 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული (ოფიციალურ სანაკრებო მატჩებში).

გიორგის კიდევ ერთი ფასეული რეკორდი ეკუთვნის - ეროვნულ გუნდში 83
მატჩი ჩაატარა. ეს სანაკრებო ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

17 წლისა იყო, 2004 წელს მაკედონიაში ურთულეს შეხვედრაში შეუცვლელად რომ ითამაშა. მას მერე ეროვნულ გუნდს ჯერ B დივიზიონიდან თავის დაღწევაში დაეხმარა, შემდეგ ოთხჯერ გაიყვანა ევრობასკეტზე.

2011 წელს, საქართველოს ნაკრებისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ცინცაძისა და ზაზა ფაჩულიას ტრავმებმა შეგვიშალა ხელი მეოთხედფინალში გასვლაში. გიორგიმ მუხლი მეორე ეტაპზე მაკედონიასთან მატჩში იტკინა. თუმცა ლიეტუვაში გამართულ ევრობასკეტს საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელს მაინც ვერ დავარქმევთ:

- საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით. ეს დებიუტანტისთვის დიდი მიღწევა იყო. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე შემთხვევით გავედით და ეს სხვისი დამსახურება იყო. პირველ რიგში ეს ჩვენი დამსახურებაა. საქართველოს ნაკრებმა პირველივე ევრობასკეტზე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ევროპული გუნდია…

…და მომდევნო სამ ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ მაღალი დონის კალათბურთი ითამაშა. სხვათა შორის, 2017 წელს რომ არა ცინცაძის ტრავმა (კოჭი გადაუბრუნდა), ვინ იცის, იქნებ მერვედფინალშიც გავსულიყავით,

ლოგიკური შეკითხვა: ითამაშებს გიორგი ცინცაძე 2021 წლის ევრობასკეტზე?

- იმედი მაქვს, ჯანმრთელად ვიქნები, ტრავმები არ შემიშლის ხელს. როდესაც გავიგე, ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება, იმ დღიდან შევუდექი მომზადებას. ევრობასკეტის დროს 36-ე წელში ვიქნები, თუმცა ის ასაკიც არ არის, უმაღლეს დონეზე თამაში რომ ვერ შევძლო. მთავარი ამოცანა იქნება გუნდში მოხვედრა და თუ მოვხვდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სათანადოდ დავეხმარო ნაკრებს.