მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველ ტურში 7 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
დღეს ამერიკის სტუდენტური ლიგა გაიხსნა. 32 კონფერენციის 480-ამდე გუნდი ჩაება უნივერსიტეტებს შორის საკალათბურთო მარათონში, რომელიც მსოფლიოში სპორტის ამ სახეობაში ყველაზე დიდი ტურნირია. ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში (NCAA I) 3 ქართველი ასპარეზობს – სანდრო მამუკელაშვილი, დავით აფხაზავა და ვილი ისიანი. გახსნის დღეს სამივე მათგანის გუნდმა ითამაშა.

ქართველთაგან ყველაზე მძლავრ კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” ასპარეზობს. “ბიგ ისთის” საკონფერენციო მატჩები დეკემბერში დაიწყება, მანამდე კი გუნდები სხვადასხვა კონფერენციის წარმომადგენლებს ხვდებიან. “სეტონ ჰოლმა” “ვაგნერს” უმასპინძლა და 40 ქულით – 89:49 გაანადგურა. ქართველი ფორვარდი
სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 24 წუთი გაატარა. სანდრომ 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი ააცილა, ხოლო 4 ცდიდან 3 საჯარიმო მიითვალა. მთლიანობაში მამუკელაშვილის ანგარიშზე 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა.

შემდეგ მატჩს “სეტონ ჰოლი” 15 ნოემბერს, სტუმრად “ნებრასკასთან” გამართავს.

იოლი გამარჯვება მიითვალა დავით აფხაზავას “სამხრეთ იუტამაც”, რომელიც “ვესთ ქოუსთ ბაპტისტ კოლეჯს” შეხვდა და 109:63 გაანადგურა. ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 9 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 1 ორქულიანი კი ააცილა. შემდეგი მატჩი იუტელებს 11 ნოემბერს “სან ხოსე სპარტანსთან” ელით.

ვილი ისიანის “დეტროიტ მერსი ტიტანსი” “დასავლეთ მიჩიგანს” შეხვდა და 76:89 წააგო. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ ყოფილა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული