კალათბურთი

ლეგიონერები

სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" 5 დეკემბერს ლიგის მორიგი მატჩი "ნიუ ჰემპშირთან" გამართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ეს გახლდათ მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. პირველად მოხდა ასევე, რომ სანდრო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილი 19 წლისაა და 4-წლიანი სტუდენტური პროგრამის მხოლოდ მეორე საფეხურზეა (სოფმორი), ქართველი ფორვარდი გუნდის ძირითადი ხუთეულის უცვლელი წევრია და მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრ სათამაშო დროს უთმობენ. სანდრო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება NCAA-ს ერთ-ერთი უმძლავრესი კონფერენციის (Big
East) წევრის, "სეტონ ჰოლის" ლიდერად და გასული მატჩიც ამისკენ მიმავალ გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გახლდათ.

ქართველმა ფორვარდმა 30 წუთი ითამაშა და 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად სანდრომ მატჩში ყველაზე მეტი - 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. სეტონჰოლელი "მეკობრეების" ბომბარდირი 18 ქულით ქუინსი მაკნაითი გახდა, თუმცა მამუკელაშვილის დარი უნივერსალიზმით ის ვერ გამოირჩა. "სეტონ ჰოლმა" "ნიუ ჰემპშირთან" მატჩი 77:57 მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ 5 გამარჯვების წილ 3 მარცხი გააჩნია, "ბიგ ისთის" კონფერენციაში მაინც ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ახლა მიმდინარეობს სტუდენტური ლიგის არასაკონფერენციო, თუმცა ოფიციალური მატჩები, რომლის შედეგებიც გუნდებს ცხრილში ჩვეულებრივად ეთვლებათ.

დეკემბერში დაიწყება უშუალოდ შიდამატჩები და გუნდები თავიანთი კონფერენციის ყველა წევრს 2 წრედ, გასვლა-სახლის პრინციპით შეხვდებიან. ამას მოჰყვება პლეი-ოფი და გამოვლინდებიან კონფერენციის ჩემპიონები.

ბოლო აკორდი კი NCAA-ს ფინალური ჩემპიონატია, რომელშიც 32-ივე კონფერენციის გამარჯვებულს საუკეთესო რეიტინგის მქონე იმდენი გუნდი დაემატება, რომ 64 შეივსოს და დაიწყება ტურნირი, რომელსაც ეძახიან "მარტის სიგიჟეს" - სადაც სტუდენტური ლიგის რჩეული გუნდები პლეი-ოფის სისტემით, ერთმატჩიანი რაუნდებით, 1/32-ფინალიდან დაიწყებენ ამერიკაში NBA-ს შემდეგ ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულის - NCAA-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით