"ბითაძის გამო NBA-ს სკაუტები პოდგორიცაში დასახლდნენ" - რატომ არ დარჩა ქართველი წლების წინ ესპანეთში?

AutoSharing Option
19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს, რომელიც "ბუდუჩნოსტის" ღირსებას იცავს, NBA-ს სხვადასხვა გუნდს აქტიურად უკავშირებენ.

ესპანურმა გამოცემა Thewing.es-მა ახალგაზრდა ტალანტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ:

ესპანური კარიერა ევროპელი მოთამაშეებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. NBA-ს მოთამაშეები, როგორებიცაა კრისტაპს პორზინგისი, მარიო ჰეზონია და ლუკა დონჩიჩი, აშშ-ში წასვლამდე ესპანურ გუნდებში ასპარეზობდნენ.

გოგა ბითაძე, რომელიც ევროლიგაშიც თამაშობს, 2019 წლის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება. ცოტამ თუ იცის, რომ ის ესპანურ კარიერასთან ახლოს იყო.

2014 - მთავარი წელი
ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა ესპანური გუნდებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი
იყო. "ბეტისის" დირექტორ პასტორ პლანელასს და ამჟამად "ბარსელონას" სკაუტთა ხელმძღვანელ ხუან ლიანესას სხვადასხვა დროს ბევრი ტალანტი შეუნარჩუნებიათ და არც ქართველი გიგანტის ხელიდან გაშვება სურდათ.

მათ ხელში ნიკოლა რადიევიჩმა, კრისტაპს პორზინგისმა, ჟოან სასტრემ გაიარეს.

საიდან იცნობდნენ გოგას?
გოგა ბითაძის შესახებ ინფორმაცია იმ დროს ძალიან მწირი იყო. სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო იძებნებოდა, რომელმაც მათი ინტერესი გამოიწვია და ბითაძეს ერთკვირიანი ტესტი შესთავაზეს. მასთან ერთად ესპანეთში გიორგი თვალაბეიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ახალგაზრდულ ევრობასკეტზე შესანიშნავი თამაში აჩვენა (დღეს "ბენიდორმის" მოთამაშეა).

"ძალიან ჭკვიანია, შესანიშნავად გადაადგილდება" - იხსენებს პასტორ პლანელასი. როცა სევილიაში ჩამოვიდა, ამ მოთამაშემ გააკვირვა ხელმძღვანელობა და მწვრთნელები. ის იმაზე გაცილებით მაღალი დონის აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ქართველს შეეძლო საშუალოვადიან პერსპექტივაში ვარსკვლავი გამხდარიყო.

რატომ არ დარჩა სევილიაში?
გოგა ბითაძესთან კონტაქტი ადვილი არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ მას სოციალური ქსელის საშუალებით იცნობდნენ, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ისეთი კონტაქტის დამყარება, რომლითაც მისი გაფორმების პროცედურა იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა "ბეტისმა" ესპანეთში მისი აგენტის წარმომადგენელი იპოვა, რომელმაც მოახერხა და გოგა ერთკვირიან ტესტირებაზე ჩამოიყვანა. მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობდა და მხოლოდ ხელმოწერაღა იყო დარჩენილი.

როცა გოგას აგენტი, მისკო რაზნატოვიჩი ჩამოვიდა და მისი თამაში იხილა, გადაწყვიტა, რომ შეთანხმებული ანაზღაურება გაეზარდა, რის გამოც "ბეტისი" იძულებული გახდა, მოლაპარაკება შეეწყვიტა.

რა მომავალი ელოდება ქართველს?
უახლოეს მომავალში ის NBA-ში იქნება. ზოგიერთი მას ნიკოლა იოკიჩს ადარებს. ის ახალგაზრდა მოთამაშეა ბევრი შესაძლებლობით, კარგი შორეული სროლით (ეს კომპონენტი დღითი დღე უმჯობესდება), კარგია დაცვაშიც.

მან სეზონი "მეგა ბიმაქსში" დაიწყო, ახლა კი "ბუდუჩნოსტის" რიგებში ევროლიგაში, საშუალოდ 25 წუთი თამაშობს და დრაფტისთვის ემზადება.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მისი პირველ რაუნდში მოხვედრის შანსები ნულის ტოლი იყო, წელს NBA-ს სკაუტები მის გამო პოდგორიცაში დასახლდნენ.

alt"ფოკუსი გოგა ბითაძეზე" - ევროლიგის არხი ქართველ ტალანტს სიუჟეტს უძღვნის [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული