კალათბურთი

ლეგიონერები

სად გააგრძელებს კარიერას NBA-ს ქართველი ჩემპიონი? - ზაზა ფაჩულია საკუთარ მომავალსა და გოგა ბითაძეზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ "პირველი არხის" ეთერში საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის მომავალ კარიერასა და გოგა ბითაძის პერსპექტივაზე ისაუბრა.

ვეტერანი მოთამაშის თქმით, ის გოგა ბითაძეს ყველანაირად გვერდში დაუდგება.

"ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს დღევანდელ დღეს მივულოცავ. როდესაც თავიდან ამერიკაში ჩავედი, ბევრს ეგონა, რომ ჯორჯია იყო ამერიკის შტატი. ხშირი შემთხვევა იყო, რომ ჩაძიებიან და ამიხსნია, რომ საქართველო ძველი ქვეყანაა დიდი ისტორიით და ტრადიციით.

16 წლის განმავლობაში რაღაც შედეგს მივაღწიე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ამ კუთხით მუშაობა უნდა გავაგრძელო. საქართველოს ნაკრებში
17 წელი ვითამაშე და ჰიმნის დროს ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა.

განსაკუთრებით, თბილისის სპორტის სასახლეში რომ ვთამაშობდი, ფუფუნებაში ვიყავი იმ მხრივ, რომ გულშემატკივარი სულ დადიოდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით. განსაკუთრებული გრძნობა იყო. მადლობელი ვარ, რა მოგონებებიც ამ 17 წელიწადში დამრჩა და გამოცდილება მივიღე. ეს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება.

ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს და სპორტის ყველა სახეობაში ბევრი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს. სპორტს იმდენი დადებითი რამის მოტანა შეუძლია ბავშვებისთვის: დისციპლინა, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიდრეკილება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეს ყოველივე ადამიანმა ნებისმიერ სფეროში შეიძლება გამოიყენოს. ამიტომ ვისურვებდი, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს სპორტით დაკავებული. ბოლო წლებში ბევრი კარგი სპორტული აკადემია ჩამოყალიბდა. მე ოთხი შვილის მამა ვარ, ორი ბიჭი და ორი გოგო მყავს და მინდა, რომ ყველამ ითამაშოს, განსაკუთრებით, პატარა ასაკში, ბევრ რამეს შეიძენენ.

NBA-ში 16 წელი დავამთავრე და მინდა მე-17-ზე წავიდე. ამას ჩემი ტვინი და გული მკარნახობს, თუმცა ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დაისვენო, ისიამოვნო ოჯახთან ერთად, რაც ყველაზე მეტად გაკლია, როდესაც სეზონში 100 თამაშს თამაშობ. გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივლისს, დაიწყება პროცესი, სადაც ხშირად ვყოფილვარ და გამოცდილება დამიგროვდა. განვიხილავ შემოთავაზებებს და გადავწყვეტ ჩემი მომავალი წლის ბედს.

გოგა ბითაძით ძალიან ვამაყობ - ამ ადამიანმა იმდენი ივარჯიშა და იშრომა და საკუთარ თავს იმდენი დრო დაუთმო, რომ ახლა შანსი აქვს, რომ NBA-ში მოხვდეს. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან მესმის, სად მიდის და რისი შესაძლებლობები ექნება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მასთან მქონდა საუბარი და ასეთი სიტყვებით მივმართე - ესაა მხოლოდ დასაწყისი იმ საინტერესო გზის, რაც მას ელოდება, გამოწვევებით და სირთულეებით, თუმცა ამას უნდა შეხვდეს მომზადებული, შემართებით და წინ კარგი კარიერა ელოდება.

მე მას ყველანაირად გვერდში დავუდგები და გამოცდილებას გავუზიარებ. მჯერა, რომ ამისთვის მზად არის. მისი თამაშები ევროპაში ნანახი მაქვს და იმედი მაქვს, ისეთ გუნდში მოხვდება, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება" - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ "პირველი არხის" ეთერში.