კალათბურთი

ლეგიონერები

"თუ ტრავმა არ შეაწუხებს, 5 წუთით მაინც ვათამაშებ" - "ინდიანა" გოგა ბითაძის დებიუტს "მინესოტასთან" მატჩში ელოდება

AutoSharing Option
ხვალ, 16 ოქტომბერს, დილის 03:00 საათზე, "ინდიანა პეისერსი" მოსამზადებელ შეხვედრაში "მინესოტა ტიმბერვულვზს" შეხვდება და დიდი შანსია, გოგა ბითაძის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს.

"კარგ ფორმაში ვარ. ტრავმის მიღების მიუხედავად, არ შემიწყვეტია აქტივობა, კარდიოვარჯიშებს ვაკეთებდი. ასე რომ, მშვენიერ ფორმაში ვარ. თუ მწვრთნელი მთხოვს, დამავალებს რამეს, ავდგები და გავაკეთებ. თუ "მინესოტასთან" ვითამაშებ, ეს ჩემი პირველი NBA შეხვედრა იქნება. არა უშავს, აქამდე ვერ მოვახერხე, თუმცა ახლა ძალიან მინდა. თან მჭირდება თამაში და ვნახოთ, რა მოხდება.

ყოველთვის ენერგიული ვარ და კარგ განწყობას ვინარჩუნებ. ახალგაზრდა
ვარ, ვალდებული გახლავართ, რომ პარკეტზე ენერგია შევიტანო, გავიდე, ვითამაშო და დავეხმარო ჩემს გუნდს გამარჯვების მიღწევაში", - თქვა გოგამ ვარჯიშის შემდეგ.

"ყველა დებიუტანტს და ასევე გოგას რაც შეიძლება მაქსიმალური დრო მინდა მივცე. ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნება გოგა, როგორ წარიმართება როტაციის პროცესი სეზონში. თუმცა, 1 თვის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება. თუ ხვალისთვის ბითაძეს ტრავმა არ შეაწუხებს, 5 წუთით მაინც ვათამაშებ.

ის ახალგაზრდაა, დებიუტანტი. მას დიდი დრო გაუცდა. ვერც ზაფხულის ლიგაში მიიღო მონაწილეობა, NBA-ში თამაშიც კი არ ჩაუტარებია ჯერ. ის ხომ ახლა იწყებს ყველაფერს. იმედი მაქვს, ხვალისთვის კარგად იქნება და პირველად ჩაერთვება საქმით NBA-ში", - აღნიშნა "ინდიანას" მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა.

"გოგამ იცის, როგორ ითამაშოს. ხშირად ხდება, რომ დებიუტანტები გამოცდილების გარეშე მოდიან, განსაკუთრებით, კოლეჯიდან. მათ არ იციან კალათბურთის თამაში; არ იციან, როგორ ისროლონ ბურთი სწორად, როგორ იმოქმედონ პარკეტზე. გოგა კი მათ არ ჰგავს, კითხულობს თამაშს; იცის, როგორ ითამაშოს დაცვაში. ის შემდგარი კალათბურთელია", - თქვა აშშ-ის ნაკრების კალათბურთელმა და "ინდიანას" ცენტრმა მაილს ტერნერმა.