კალათბურთი

ლეგიონერები

მამუკელაშვილისა და ბეჟანიშვილის გუნდების იოლი გამარჯვებები სტუდენტურ ლიგაში

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” და გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა”. ორივე გუნდი მოწინავე დონის კონფერენციებში ასპარეზობს – "სეტონ ჰოლი" Big East-ში, ხოლო "ილინოისი" Big Ten-ში.

მამუკელაშვილის გუნდმა ფლორიდის "A&M რათლერსი" 87:51 გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და ეს გახლდათ მისი ყველაზე უხეირო მატჩი მიმდინარე სეზონში. სანდრომ 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა, 6 ცდიდან მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო.

"სეტონ ჰოლი" 4 მოგებითა და 1 მარცხით Big East-ის კონფერენციაში V-VI ადგილებს “ვილანოვასთან” იყოფს.

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” კი კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც “ჰემპტონი” 120:71 გაანადგურა. ბეჟანიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ილინოისელებს 5 მოგების წილ მხოლოდ 1 მარცხი აქვთ და Big Ten-ის უმძლავრეს კონფერენციაში მე-6 ადგილი უკავიათ. მის წინ დაუმარცხებელი 5 გუნდია. შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ ლიგაში ჯერჯერობით არასაკონფერენციო თამაშები მიმდინარეობს და დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება შიდასაკონფერენციო ჩემპიონატები.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით