სად წავა გოგა ბითაძე? - "სან ანტონიო", "ატლანტა", "ბოსტონი"...

AutoSharing Option
13 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგა ბითაძე "მწვანე ოთახში" მიიწვიეს. როგორც მოგეხსენებათ, "მწვანე ოთახში" იმ კალათბურთელებს იწვევენ, რომლებსაც NBA Draft-ის პირველ ნაწილში ირჩევენ. გოგასთან ერთად, წლევანდელი დრაფტის "მწვანე ოთახში" 16 კალათბურთელია მიწვეული.

ამას გარდა, ბითაძემ უკვე მოასწრო "ატლანტა ჰოუკსის" რიგებში ვარჯიშში. თუმცა, როგორც "ატლანტას" მიმომხილველი კევინ შინარდი წერს, გოგა შემდეგ ვარჯიშს "სან ანტონიო სპურსში" ჩაატარებს, ამის შემდეგ - "ბოსტონში", "დეტროიტსა" და "შარლოტში".

კლუბებში გამართული ვარჯიშების შემდეგ ბითაძე ნიუ-იორკში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტის ცერემონიას დაესწრება.

გოგას სტატია მიუძღვნა გამოცემა USA Today-ს
"ბოსტონ სელტიკსის" გვერდმა. ჟურნალისტ ქუენტონ ალბერტის თქმით, გოგას ფიზიკური მონაცემები მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებისას იწვევს ეჭვებს, რადგან საკმარისად სწრაფი და ძლიერი არაა. თუმცა, სხვა მხრივ, ძალიან კარგი მოთამაშეა.

სტატიის მიხედვით, "ბოსტონს" არ დასჭირდებოდა წელს ბითაძე, თუმცა ცენტრ ერონ ბეინსს 2020 წლის ბოლოს გასდის კონტრაქტის ვადა, ხოლო მეორე ცენტრფორვარდი ალ ჰორფორდიც, დიდი ალბათობით, 2020-ში გუნდიდან წავა. თან ორივე ტრავმებისკენაა მიდრეკილი.

ამის ფონზე, "ბოსტონს" წელს ბითაძის გაშვება NBA G-ის გუნდ "მეინ რედ ქლოუსში" შეუძლია, როგორც რობერტ უილიამსის შემთხვევაში, ხოლო 2020-ში ან ნებისმიერი საჭიროების დროს უკან დაიბრუნებს.

სხვათა შორის, იმავე სტატიის მიხედვით, ბოსტონელებს უილიამსის ჩართვა ენტონი დევისის შეძენის საქმეში სურთ და ამ ყველაფრის ფონზე, ბითაძე საჭირო კალათბურთელი ხდება.

ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ატლანტაში გამართული ვარჯიშის შემდეგ ბითაძემ თქვა, რომ მოზარდობისას მისი საყვარელი ცენტრი კევინ გარნეტი იყო.

news4sanantonio.com-ის მიხედვით, ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო უცხოელი კალათბურთელია წლევანდელ დრაფტზე და ის "სპურსის" მომავალი სეზონის საჭიროებებს სრულად შეესაბამება.

თუმცა, ჟურნალისტი წერს, რომ "სან ანტონიოს" დრაფტზე მე-19, 29-ე და 49-ე პიკი ეკუთვნის და ამით ბითაძის "სპურსში" მოხვედრის შანსები მცირდება.

sportstalkatl.com-ზე გამოქვეყნდა "ჰოუკსის" მიმომხილველი ჩეის ირლის სტატია, რომლის თქმითაც, სწორედ ბითაძის პოზიციაზე სჭირდება "ატლანტას" გაძლიერება და ბითაძე არის ის კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდს ბევრი პოზიტივი შემატოს.

ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს, რომ ბითაძე NBA-ს ცენტრის კვალობაზე საკმარისად ძლიერი არაა და ფიზიკაში მომატება სჭირდება. ასევე დასძენს, რომ ახალგაზრდა ცენტრს ჯარიმების მხრივ დიდი პრობლემები აქვს და ეს გამოსასწორებელი მხარეა. თუმცა, ამის ფონზე ძალიან კარგად შეუძლია სროლა პარკეტის ნებისმიერი წერტილიდან. ამ სტილითა და გაბარიტებით ის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელ დირკ ნოვიცკის ჰგავს.

მიუხედავად იმისა, ნოვიცკის დონემდე ბევრი მუშაობა აკლია, ის ძალიან კარგია შეტევაში, როგორც შანსების შექმნის მხრივ, ისე მათ გამოყენებაში. ასევე, დღევანდელი მონაცემებით, ბითაძე საშუალოზე კარგი მეპასეა მისი სიმაღლის კალათბურთელისთვის და ამ მხრივ მომატება აშკარად შეუძლია.

საერთო ჯამში, ბითაძე სრულად შეესაბამება "ატლანტა ჰოუკსის" თავდასხმის სტილს და შესანიშნავი "ბლოკერია". ჟურნალისტი ამ ფრაზით ასრულებს სტატიას: "მიეცით ბითაძეს ერთი წელი ლოიდ პირსთან და "ჰოუკსის" პერსონალთან და ის 2020 წლის სეზონში ძირითადი ცენტრი გახდება."

NBA-ს წლევანდელი დრაფტი 20 ივნისს გაიმართება. გოგა ბითაძეს წინ საინტერესო პერსპექტივა აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

altbleacherreport-ის NBA-ს წინასადრაფტო რეიტინგში გოგა ბითაძე უკვე მეექვსეა.