კევინ დურანტი: დრეიმონდ გრინთან ინციდენტმა ჩემ წასვლაზე იმოქმედა

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდმა კევინ დურანტმა აღიარა, რომ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელ დრეიმონდ გრინთან საჯარო კამათმა 2018/19 წლების სეზონის მატჩში, მის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა "უორიორსი", ზეგავლენა მოახდინა.

"კლიპერსთან" მარცხის შემდეგ გრინმა დურანტს პრეტენზიები წაუყენა. კამათი გასახდელშიც გაგრძელდა.

"დიახ, ამ მომენტმა, რა თქმა უნდა, ცოტა იმოქმედა. როცა თანაგუნდელი ასე გელაპარაკება, არ შეგიძლია ამაზე არ იფიქრო. ამიტომ - კი, არ მოვიტყუები.

დრეიმონდმა იცოდა, რომ ხაზი გადაკვეთა. როგორც ორი მამაკაცი, ამ მომენტს განვიხილავდით და ყველა გარშემო ცდილობდა შევერიგებინეთ, რადგან სეზონი გრძელდებოდა და მოგება გვსურდა. თუმცა მას
თავისი მიდგომა ჰქონდა, როგორ უნდა გავმკლავებოდით ამ სიტუაციას, მე - ჩემი. საბოლოოდ ერთმანეთს გავუგეთ", - განაცხადა USA Today-სთან დურანტმა.

თავის მხრივ, ამ ამბავთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ადრე თავად დრემოინდ გრინმაც ისაუბრა და აღიარა, რომ დურანტთან მიმართებაში არასწორი იყო.

"უბრალოდ უნდა მეღიარებინა ის ფაქტი, რომ არასწორი ვიყავი და როგორც კი მოვახერხე ჩემი სიჯიუტის დაძლევა და აღიარება, რომ არასწორი ვიყავი, წინსვლა შევძელი.

დურანტის ნდობა დავკარგე. როგორ მოვიპოვო ის თავიდან?  იმისთვის არა, რომ მოვიგოთ ჩემპიონატი ან რამდენიმე მატჩი, არამედ იმისთვის, რომ ეს ბიჭი მართლა მიყვარს, როგორც ჩემი ძმა.

ამიტომ ის გაურკვევლობა უფრო მეტად მაღელვებდა, რა დაემართებოდა ჩვენს ურთიერთობას.

ბობ მაიერსმა და სტივ კერმა თქვეს, რომ დურანტისთვის ბოდიში უნდა მომეხადა, სანამ გამაძევებდნენ. მე ვთქვი: "არა, ბოდიშს არ მოვიხდი, რადგან ყველა მეუბნებით, რომ ბოდიში მოვიხადო". და ეს არ გამიკეთებია. მას ბოდიში არ მოვუხადე, სანამ საკუთარი თავი არ დავძლიე. მატჩების გამო არა, არამედ, რადგან ჩემი ძმის სახეზე ვხედავდი, რომ მას სტკიოდა. როგორ გამოვასწორო ეს? ეს მაღელვებდა ყველაზე მეტად", - ციტირებს გრინს ESPN.com-ი.

ასევე დაგაინტერესებთ