საშინელი ტრაგედია ვარცხნილობის მიღმა - NBA-ს კალათბურთელმა თმა შეიჭრა და ალაპარაკდა

AutoSharing Option
2018 წლის დრაფტის მე-18 ნომერ ლონი უოქერს NBA-ში ჯერ კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურს, თუმცა მაინც ყველა იცნობს: ის "სან ანტონიოში" თამაშობს და თავზე უცნაური წარმონაქმნი ჰქონდა, რომელიც მუდმივად იწვევდა კითხვებს. სულ მცირე, იმის გამო, რომ სხვადასხვა გამოცემის თანახმად, კალათბურთის ასეთი "გვირგვინით" თამაში ტრავმის მიღების შანსებს ზრდის.

ცოტა ხნის წინ გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა კალათბურთელმა ცნობილი ვარცხნილობა დაკარგა - NBA-ს გულშემატკივრების თვალში ინდივიდუალურობას დაემშვიდობა. არადა, ჯერ თამაშით მართლაც ვერ გამოირჩევა, საშუალოდ მხოლოდ 14 წუთს ატარებს პარკეტზე და 5,6 ქულას აგდებს.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ვარცხნილობის ასეთი ფორმა უოქერს უბრალოდ არ შეურჩევია. დღეს, 12 ივნისს, ახალგაზრდა კალათბურთელმა დაწერა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და თმა მას სტრესთან ბრძოლაში ეხმარებოდა.

"სიმართლე რომ გითხრათ, თმა მე-5 კლასიდან გავიზარდე - საქმე იმაშია, რომ ეს რაღაცების დასაფარად გავაკეთე. იმ წლის ზაფხული ბევრი ოჯახის გარემოცვაში გავატარე. რამდენიმე მათგანი, რომელთა ვინაობასაც არ დავასახელებ, ჩემთან ყველაზე მეტ დროს ატარებდა. მე ვიყავი სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების, შეურაცხყოფის მსხვერპლი და ამას შევეგუე კიდეც, რადგან ისეთ ასაკში არ იცი, რა რას ნიშნავს. პატარა გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი, რომელმაც არ იცოდა, როგორია ნამდვილი ცხოვრება.

ისეთი განცდა მქონდა, ჩემი თმა ერთადერთი რამ იყო, რისი გაკონტროლებაც შემეძლო. თმა ხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული და ის მე მეკუთვნოდა. ეს ყველაფერი კი თავდაჯერებას მმატებდა.

ბოლო დროს ჩემი საქმეები მთლად კარგად აღარ მიდიოდა. ეს ისტორია მუდმივად გონებაში მიტრიალებდა და შიგნით დემონებს ბადებდა. კორონავირუსის გამო საკუთარ თავს სარკეში რეალურად შევხედე და დავინახე, ვინ ვარ სინამდვილეში.

და მაინც, მე ვიპოვე სიმშვიდე და შინაგანი ბედნიერება ცხოვრების იმ გზაზე, რომელიც ღმერთმა ჩემთვის შექმნა. ვპატიობ ყველას, იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს მკვდარი ტვირთია. დრო არავის უცდის, რატომ უნდა დავუთმო ამას ჩემი წლები?

ჩემთვის ის ვარცხნილობაზე მეტი იყო. თმა ის ფარი იყო, რომლითაც დაუცველობას ვნიღბავდი. ახლა კი ძველთან განშორებისათვის საუკეთესო დროა.

მე დავტოვე ძველი ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური და სულიერი სახე. ცხოვრება ადვილი არასდროს იქნება. ბანქოს იმ სიმბოლოებით უნდა ითამაშო, რაც დაგირიგდება და მომგებიანი კომბინაციის დაწყობას ეცადო. და თუ წააგებთ, დაკარგული არაფერია, ეს გაკვეთილად მიიღეთ.

ონლაინსივრცეში ცოტა ხნით აღარ ვიქნები - ყველაფრის საჭიროებისამებრ გააზრება მჭირდება. უბრალოდ იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანი მიყვარს. სიმშვიდეს, სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ", - დაწერა კალათბურთელმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული