"დენვერ ნაგეთსის" საფინალო დარტყმა "ლოს ანჯელეს კლიპერსს"

AutoSharing Option
#ბაზერი

საოცარი კრივი იყო. წითელ მხარეს - ფავორიტი იდგა, ლურჯ მხარეს - მთავარი სენსაციის ავტორი. "დენვერ ნაგეთსმა" უამრავი დარტყმა მიიღო, რამდენიმე კარგად დაბლოკა. გამოიჩინა მოთმინების უნარი, რომელმაც საფინალო რაუნდების უპირატესობა მისცა. დაბლოკეს ერთი დარტყმა, თუმცა, მეორე მიიღეს. დაბლოკეს მესამე, მიიღეს შემდგომი დარტყმა. დაბლოკეს მეოთხე და მიიღეს ისევ შემდგომი დარტყმა.

შემდეგ შეტევის დრო დადგა. იყო ერთი პრესტიჟის მოქნევა, მერე - მეორე. სიტუაცია დაიძაბა. ბოლო რაუნდიც დადგა და საფინალო დარტყმა იყო გადამწყვეტი. საფინალო დარტყმა შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას ადგენდა. საფინალო დარტყმა
წარსულში პუტკუნა და ახლა ჟელიბონივით მოძრავმა დონ ნიკოლა იოკიჩმა შეასრულა და დარტყმა იყო მყისიერი. კავაი აზრზე ვერ მოვიდა. პოლ ჯორჯი წინა რაუნდებში გათიშული იყო და "კლიპერსმა" ნოკაუტ-დარტყმა მიიღო. ასევე, დასაჩუქრდა დიდი ტკივილით, რომელიც შემდგომ სეზონშიც გაჰყვებათ. იარების მორჩენა რთული პროცესი იქნება... "კლიპერსს" სერიოზული პრობლემები აქვს -  მენტალურიც და ტექნიკურიც!

ფოტოზე გამოსახული ბიჭი - სხვა თემაა. როგორც ადრე ვთქვი, ევროპული წარმოების ჟელიბონი, რომელიც ტკბილია, თუმცა სიმჟავე თან დასდევს. თუ მხოლოდ მის სიტკბოს აღიქვამ, სიმჟავე შეგაწუხებს და გაგაგებინებს, რომ გარეკანი რამდენადაც ტკბილი და უღიმღამოა, იმდენად მჟავე და მასიური გარეკანს შიგნით ნაგები კონსტრუქცია. ნიკოლა იოკიჩი ცათამბჯენია, რომელიც ჯერ ვერ ანათებს ისე, როგორც მეფეთა სასახლეები, თუმცა მოცულობა და მომავალი ჩანს.

ბევრი იცინეს, ბევრმა და ბევრჯერ დაშალა "დენვერი" ვირტუალურ რეალობებში, ფიქრებსა და სიზმრებში, თუმცა "დენვერი" ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა. ნიკოლა იოკიჩმა ერთი შემოჰკრა ხელი და "კლიპერსიც" აორთქლდა. ნიკოლა იოკიჩი ალადინია, რომელიც ტანჯავს მის ხალიჩას მისი წონით. წარმოიდგინეთ, ნიკოლა რომ გაზის ზემოდან, მაგრამ იოკიჩი იდეალურად დგას მის მფრინავ ხალიჩაზე. თან, რამდენად ესთეტიკური და უცხო მომენტია, რომ ხალიჩა, ამერიკული გრაფიტ ნახატების ნაცვლად, სერბეთის ეთნიკური იეროგლიფებით არის შემკული. იოკიჩი სერბეთიდან დაიძრა და მისი ელფერი ამერიკას მოარგო. იოკიჩმა "კლიპერსი" ჩაიდანში დააბრუნა და არ აპირებს მათ გაშვებას. ჯინი დამწყვდეულია, უბრალოდ, მეფესთან.... არ ვიცი...

ძველ ფოტოებში ბოსივით ზის. ახლა არათუ - ბოსივით, უკვე ბოსად ზის და იცის, რომ თუ "ლეიკერსთან" წააგებს, არაფერს დაკარგავს. უბრალოდ, ვატყობ, რომ ამ ბიჭს მშვიდი ნაწინასწარმეტყველები სიზმრების და ფიქრების განადგურება უყვარს. გვერდში ჰყავს სუპერრობინი, რომელიც ხანდახან მუტაციას განიცდის და სპაიდერმენი ხდება!!!  და მათ შეუძლიათ სენსაციებით თამაში...

ეს ჟელიბონის ბეტმენი სულ სხვა მასშტაბი ყოფილა. ჯერ რუდი გობერს შეუსრულა და არ იყო მარტივი. ახლა ამ არაეთიკურ და არასიმპათიურ მონსტრებს ჩაუშალა კარნავალი. ვინ იცის, ნადიმზე ისე შეიჭრას, რომ ის კიბორგი (ენტონი დეივისი) დაფრთხეს და ვერ იყოს ისეთი, როგორიც არის. მაგრად მეეჭვება, თუმცა აღარაფერს გამოვრიცხავ...

შემეძლო მეტი ანალიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, არ მოუხდება. მოხდა ის, რაც არარაციონალური და არაადეკვატურია, სცდება ბევრ ლოგიკას და, თუ ანალიტიკურად გავშლით, ბევრ წინააღმდეგობას გადავეყრებით. უბრალოდ, დავტკბეთ ამ მოულოდნელი სანახაობით და ამ გაღიმებული ბიჭით, რომელიც ხელს ატკაცუნებს და აქრობს მის წინ მდგომ გუნდებს. შემდეგ იღიმის და შემდეგისკენ იწევს. საინტერესოა, სადამდე გავა...

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
ასევე დაგაინტერესებთ